მარკ ცუკერბერგის განცხადებით, მის ახალ პლატფორმა Threads-ზე, უახლოეს კვირებში, საძიებო და ვებ-ვერსიების დამატება იგეგმება. ცვლილებებით მილიარდერს, Twitter-ის კონკურენტი სოციალური ქსელიდან, რომელიც ოფიციალურად 5 ივლისს გაუშვა, მომხმარებელთა მუდმივი გადინების შეჩერება სურს.
„Threads-ისთვის კარგი კვირაა. პლატფორმის საზოგადოება სწორედ იმ ტრაექტორიაზეა, რომელიც ვიმედოვნებ, რომ სიცოცხლისუნარიან და გრძელვადიან აპს შექმნის. წინ ბევრი საქმეა, თუმცა აღფრთოვანებული ვარ გუნდის მუშაობის ტემპით. საძიებო ფუნქცია და ვები კი, მომდევნო კვირებში დაემატება“, – წერს ცუკერბერგი სოციალურ ქსელში.
Meta-ს დამფუძნებლის ადრინდელი განცხადების თანახმად, პლატფორმა ამ ეტაპზე ძირითადი ფუნქციების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული და შემდგომ საზოგადოების ზრდაზეც ფოკუსირდება.
Threads-ზე გაშვებიდან რამდენიმე საათშივე მილიონობით ადამიანი დარეგისტრირდა, თუმცა მომხმარებელმა პლატფორმიდან, რომელიც მრავალი ფუნქციის გარეშე ამოქმედდა, გადინება მალევე დაიწყო. Threads-ის ყოველდღიურ მომხმარებელთა რაოდენობამ პიკს, 44 მილიონს მიაღწია, მაგრამ Sensor Tower-ის უახლესი მონაცემებით, 31 ივლისის მდგომარეობით, 82%-ით, თითქმის 8 მილიონამდე შემცირდა.
შემცირდა მომხმარებლის მიერ სოციალურ ქსელში გატარებული საშუალო დროც – 19 წუთიდან 2.6 წუთამდე. ხოლო პლატფორმაზე დღეში 14-ჯერ შესვლის ნაცვლად, ამჟამინდელი მომხმარებლები Threads-ს უკვე მხოლოდ სამჯერ იყენებენ.
გარდა ამისა, სულ რაღაც ორი კვირის წინ, Threads-ის გაშვების პერიოდთან შედარებით, პლატფორმის ტრეფიკი 70%-ით იყო შემცირებული. პარალელურად კი, უცვლელია მისი მთავარი კონკურენტის, Twitter-ის მომხმარებელთა რაოდენობა და კვლავ 200 მილიონს უტოლდება.