წარსულში Facebook-ის, ამჟამად კი Meta Platforms-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში 10.1 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც კომპანიამ ინვესტორები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაყიდვების ზრდის მაჩვენებლით გააკვირვა.
მოგების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, Meta-ს აქციების ფასმა დაახლოებით 14%-ით მოიმატა. ამან მარკ ცუკერბერგის ქონება, Forbes-ის დათვლებით, 84.9 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა. შედეგად, ის ამერიკული გამოცემის მიერ შედგენილ მილიარდერების სიაში მოცემული დროისთვის მე-14 ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ერთი დღის განმავლობაში მარკ ცუკერბერგის წმინდა ქონების რეკორდულად დიდი ზრდა 2 თებერვალს დაფიქსირდა და 12.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ბოლოს დაფიქსირებული შედეგი კი მილიარდერის ქონების ერთ დღეში ზრდის კუთხით მესამე საუკეთესო მაჩვენებელია.
რაც შეეხება Meta Platforms-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, მისი მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი 3%-ით გაიზარდა და 28.65 მილიარდ აშშ დოლარამდე შეადგინა. წმინდა მოგება გასული სამი თვის განმავლობაში აქციაზე 2.20 აშშ დოლარამდე დაეცა (წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი – 2.72 აშშ დოლარი), თუმცა ექსპერტების მოლოდინს (2.03 აშშ დოლარი) გადააჭარბა.