ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით, საქართველო მსოფლიოში 69-ე ადგილზეა 141 ქვეყანას შორის. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებით, საქართველომ გასულ წელს ტურიზმიდან 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით მსოფლიოში პირველ ადგილს აშშ იკავებს 210.7 მლრდ დოლარით. 2017 წელს აშშ-ს 75.9 მლნ ტურისტი ეწვია.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით, მსოფლოში მეორე ადგილზე ესპანეთია, – 68 მლრდ დოლარი და ერთ წელში 81.8 მლნ ტურისტი.
მესამე ადგილს საფრანგეთი იკავებს 60.7 მლრდ დოლარით და 86.9 მლნ ტურისტით.
მეოთხე ადგილზე ტაილანდია, რომელმაც ერთ წელში ტურიზმიდან 57.5 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ხუთეულს გაერთიანებული სამეფო ასრულებს 51.2 მლრდ დოლარით.
წლის 8 თვეში, საქართველომ ტურიზმიდან $2.23 მილიარდის შემოსავალი მიიღო. აქედან ყველაზე მეტი შემოსავალი აგვისტოში დაფიქსირდა და მან 441 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 47 მლნ დოლარით (12%) აღემატება. გასული წლის აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან 394 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ყველაზე მეტად აპრილში გაიზარდა, როდესაც ზრდამ 33.4% შეადგინა.
ევროპის რეგიონში, რომელშიც 48 ქვეყნის მონაცემია გაერთიანებული, საქართველო მიღებული შემოსავლით, 30-ე ადილზეა.
2016 წელს, საქართველომ ტურიზმიდან 2.16 მლრდ დოლარი მიიღო, 2010 წელს კი ეს თანხა 659 მლნ დოლარს შეადგენდა.
UNWTO-ს წლიური ანგარიშის მიხედვით, გასული წელი მსოფლიო ტურიზმის სექტორისთვის პოზიტიური იყო – 2017 წელს, 2010 წლის შემდეგ მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა. გლობალურად, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 5%-ით და მან 1.3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. მსოფლიოში ტურისტების რაოდენობით პირველ ადგილზე საფრანგეთია, მას კი ესპანეთი და აშშ მოსდევს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურისტების რაოდენობა გასულ წელს 3.8%-ით შემცირდა, მიუხედავად ამისა ტურიზმიდან მიღებლი შემოსავალი ქვეყანას 1.9%-ით გაეზარდა. ტურისტული დანახარჯების 40% ევროპაზე მოდის. ანგარიშის მიხედვით, დანახარჯების ყველაზე დიდი წილი ჩინელ ტურისტებზე მოდის, რომლებმაც მოგზაურობაზე 258 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს. მეორე ადგილზე დანხარჯების მიხედვით ამერიკელი ტურისტები არიან, რომლებმაც წლიურად 135 მილიარდზე მეტი დახარჯეს მოგზაურობაზე.
UNWTO-ს მონაცემებით, იმ ქვეყნებს შორის, სადაც ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა, საქართველო მეოთხე ადგილზეა ეგვიპტის, ვიეტნამისა და ტოგოს შემდეგ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, თითო ვიზიტორის საშუალო დანახარჯი საქართველოში 1144 ლარს შეადგენს. მიმდინარე წლის II კვარტლის მონაცემებით, დანახარჯების ყველაზე დიდი წილი საკვებსა და სასმელზე (მთლიანი ხარჯები 27%) და განთავსების საშუალებებზე (22.1%) დაფიქსირდა. მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთის რეზიდენტები ვიზიტზე ყველაზე მაღალი საშუალო დანახარჯით (1,253 ლარი) გამოირჩეოდნენ, მას მოსდევს თურქეთი 865 ლარი, სომხეთი-578 ლარი და აზერბაიჯანი – 349 ლარი. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეზიდენტები საქართველოში საშუალოდ 2049 ლარს ხარჯავენ, დანარჩენი ევროპის წარმომადგენლები 2726 ლარს, ხოლო სხვა ქვეყნების წარმომადგენლები – 2653 ლარს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი არ არის ქვეყნის მშპ-ში, მისი წილი 15%-ს აღემატება (2016 წელი). მონტენეგროში ეს მაჩვენებელი 21%-ს აღემატება, ხორვატიაში 19%-ს. მშპ-ში ტურიზმის წილით საქართველო უსწრებს მაგალითად საბერძნეთს, სადაც ეს მაჩვენებელი 8%-ზე დაბალია.
დატოვე კომენტარი