ტურიზმის ეფექტი

ტურიზმის ეფექტი

UNWTO-ს პროგნოზით, მომდევნო 15 წლის განმავლობაში საერთაშორისო ტურისტების რიცხვი სტაბილურად გაიზრდება, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით: თუ 2016 წელს ზრდის მაჩვენებელი 4% იყო, 15 წლის შემდეგ ზრდა 2,5% იქნება. ამავე შეფასებით, ყოველწლიურად საერთაშორისო ტურიზმის მოცულობა საშუალოდ 43 მილიონი ადამიანით გაიზრდება და 2030 წელს მათი რაოდენობა 1,8 მილიარდს მიაღწევს. განვითარებადი ქვეყნები ზრდის ტემპით თითქმის ორჯერ გაუსწრებს განვითარებულს. აზია და ოკეანეთი იქნება ლიდერი რეგიონები ახალი ვიზიტორების მოზიდვის კუთხით. აზია ყველაზე მზარდი რეგიონი იქნება გაყვანის ტურიზმის მიმართულებითაც.

ტურიზმის როლზე მსოფლიო ეკონომიკაში, დარგის გამოწვევებსა და მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე საქართველოს კონკურენტულ უპირატესობებზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული პროგრამის კოორდინატორს ბექა ჯაყელს ვესაუბრეთ.

2017 წლის პირველი ნახევარი საქართველოს ტურიზმისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებლებით დამთავრდა – ტურისტების 43%-იანი და საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის თითქმის 14%-იანი ზრდა. როგორია ფართო სურათი საერთაშორისო ტურიზმში?

საქართველოში ტურისტების რაოდენობის ამგვარი ზრდა სასიხარულოა. ქვეყნის მზარდი ტურიზმის სექტორი სისტემატურად აისახება ჩვენს საერთაშორისო ანგარიშებში, რომლებსაც ყურადღებით ეცნობიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საქმიანი წრეები. საკმაოდ კარგი შედეგით დაიწყო 2017 წელი საერთაშორისო ტურიზმისთვისაც. იანვრიდან აპრილის ჩათვლით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მხოლოდ მშრალი რიცხვებით საუბარი არ იქნება საინტერესო, თუკი მიმდინარე პროცესებს არ გავაანალიზებთ. დაახლოებით 15 წლის წინ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდნენ ტურიზმის სექტორის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისათვის და ეს დარგი არასერიოზულად აღიქმებოდა. მთავრობები არც ტურისტების მოზღვავებულ რაოდენობაზე რეაგირებდნენ, მაგრამ საკმარისი იყო, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები დაენახათ, რომ ამ დარგისადმი მათი მიდგომა შეცვლილიყო. საგულისხმოა შემდეგი ტენდენციები:

ბაზარზე მოთხოვნის სწრაფმა ზრდამ მთელ რიგ ქვეყნებში ტურისტული ბიზნესის უფრო მეტად წახალისება განაპირობა. ბიზნესის სავალდებულო და მკაცრ რეგულაციებს ცვლის ნებაყოფლობითი და წამახალისებელი, ე.წ. „ინსენტიური“ პოლიტიკა;

მრავალმა სახელმწიფომ გააცნობიერა, რომ მკაცრი სავიზო პოლიტიკა ზედმეტ ბიუროკრატიულ ბარიერს ქმნის და საგრძნობლად ამცირებს პოტენციური ვიზიტორების რაოდენობას ანუ ამცირებს სავალუტო შემოსავლებს. თანამედროვე მსოფლიო აქტიურად განიხილავს მოგზაურობასთან დაკავშირებული ფორმალობების გამარტივების საკითხს.

დაბოლოს, ის, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია – დღეს ნავთობისა და გაზის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები ტურიზმს მათი ეკონომიკის პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილავენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ სფეროდან მიღებული შემოსავლები ძალიან მაღალია. სპარსეთის ყურის ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა საუდის არაბეთი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ყატარი აქტიურად საუბრობენ ტურიზმის როლზე სამუშაო ადგილების შექმნისა და უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხით. ერთი კარგი მაგალითიც: მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს პროგნოზით, 2027 წლისთვის აზერბაიჯანში ტურიზმის სექტორის საერთო წილი (პირდაპირი და არაპირდაპირი) მთლიან შიდა პროდუქტში 20,6% იქნება, ანუ ეკონომიკის მეხუთედი. იმავე პროგნოზით, შთამბეჭდავია საქართველოს მაჩვენებელიც – 35,5%, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ აზერბაიჯანის მთავარი საექსპორტო ინდუსტრია ნავთობი და გაზია. ნავთობპროდუქტების მწარმოებელი ქვეყნების ამგვარი დაინტერესება ტურიზმით მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურას შეცვლის.

რა არის საერთაშორისო ტურიზმის ის ძირითადი ტენდენციები და მახასიათებლები, რაც საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრესმა განაპირობა?

მობილური ტექნოლოგიების პროგრესმა და ავიაციის სექტორის სწრაფმა განვითარებამ თვისებრივად შეცვალა ბაზარი. მოსაზრება, თითქოს პენსიონერები ყველაზე სტაბილურ ტურისტებად ითვლებიან მეტი თავისუფალი დროისა და ფინანსური დანაზოგის ქონის გამო, აღარაა აქტუალური, სულ უფრო მეტად იზრდება მოგზაური ახალგაზრდების რიცხვი; წარსულს ჩაჰბარდა ტენდენცია, როდესაც ადამიანები დასასვენებლად ირჩევდნენ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კურორტებს მათი პოპულარობის გამო. საერთაშორისო ტურისტების სოლიდური ნაწილი უპირატესობას ანიჭებს მათთვის ახალი და უცნობი ქვეყნების მონახულებას; მსოფლიო რუკაზე ლიდერის პოზიციას ევროპა ინარჩუნებს. ამ ფონზე ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სამოგზაუროდ. ამასთან, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესში კონკურენციამ, რის გამოც ტრანსნაციონალურ კორპორაციებსაც კი სერიოზული მუშაობა უწევთ, რათა კონკურენტუნარიან გარემოში თავიანთი ადგილი შეინარჩუნონ. მაგალითისთვის, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა მომხმარებელი დააკარგვინეს მსხვილ ავიაკომპანიებს, განსაკუთრებით ის სეგმენტი, რომელიც ევროპის ქალაქებში შაბათ-კვირის განმავლობაში მიემგზავრება. ბოლო რვა წლის განმავლობაში Airbnb გლობალური ბაზრის სერიოზული მოთამაშე გახდა. ის, ვინც ადრე სასტუმროში ჩერდებოდა, დღეს არჩევს კომფორტულ აპარტამენტში გაჩერებას 50-60 ევროს ფარგლებში, რაც სასტუმრო ნომრებზე გაცილებით იაფია.

 

გაერომ 2017 წელი საერთაშორისო წლად გამოაცხადა დევიზით: „მდგრადი ტურიზმი – განვითარებისთვის“. რა დატვირთვა აქვს გაეროს ამ გადაწყვეტილებას და რატომაა ის მნიშვნელოვანი?

ტურიზმის მდგრადი განვითარება ნიშნავს იმას, რომ სწორი და ინტეგრირებული პოლიტიკის განხორციელებით ქვეყანა ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე გრძელვადიან პერიოდში იღებს ეკონომიკურ სარგებელს. საერთაშორისო ტენდენციების გაანალიზებით, შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის მდგრადი განვითარება მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციის მასშტაბს ამცირებს. იგი ხელს უწყობს ტურისტულ ადგილებში ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობის ზრდასა და ამცირებს იმპორტირებული საქონლის შემოდინებას. ტურისტული ნაკადების ზრდის პარალელურად სახელმწიფო ახდენს კულტურული მემკვიდრეობის ეფექტიან პრევენციას და ტურისტულ ადგილებში ბუნებრივი სამკურნალო რესურსების დაცვას მათი დაბინძურების, გამოფიტვისა და განადგურებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის ეკოლოგიური საფრთხე.

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 სახელმწიფო შეთანხმდა 2030 წლამდე მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტის მიღებაზე, რომელიც მოიცავს 17 მიზანსა და 169 ამოცანას. ნიშანდობლივია, რომ ტურიზმი, როგორც სტრატეგიული დარგი, მოხსენიებულია სამ მიზნობრივ კატეგორიაში, კერძოდ: მიზანი #8 – „სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის“, მიზანი #12 – „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ და მიზანი #14 „ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მუდმივი გამოყენება განვითარებისათვის“. ზემოაღნიშნული მეტყველებს ტურიზმის, როგორც უნივერსალური დარგის მნიშვნელობაზე ჩვენი პლანეტის შემდგომი განვითარებისათვის. ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის გასათვალისწინებელია პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა 2015 წლის 12 დეკემბერს ქ. პარიზში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში. ჩემი აზრით, სწორედ კლიმატის ცვლილებაა გრძელვადიან პერიოდში ტურიზმის სექტორის მთავარი გამოწვევა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სახით გახლავთ ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი და სპონსორი.

რადგან გამოწვევებზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთი თემა, რასაც მინდა შევეხოთ, არის ტურიზმი და ტერორიზმი – ბოლო პერიოდში ტერორისტული აქტები გახშირდა განვითარებულ ქვეყნებში, დიდ ტურისტულ ქალაქებში. რამდენად ახდენს ის გავლენას ტურისტულ ნაკადებზე და რა სურათი ჩანს საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე?

ტერორიზმი სერიოზული გამოწვევაა საერთაშორისო ტურიზმისთვის. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა გააჩინეს შიში, რომ აღარ არსებობს აბსოლუტურად უსაფრთხო ადგილი დედამიწაზე, სადაც შეიძლება დასვენება. სწორედ ტერორიზმის გაზრდილმა მასშტაბმა გამოიწვია დასავლეთ ევროპაში ტურისტების რაოდენობის კლება. გერმანიაში საერთაშორისო ტურიზმი მხოლოდ 2%-ით გაიზარდა საქმიანი და პროფესიული მიზნით ჩამსვლელთა ხარჯზე. მსოფლიოს ნომერ პირველ ტურისტულ ქვეყანაში – საფრანგეთში უცხოელი ტურისტების 4%-იანი კლება დაფიქსირდა პარიზისა და ნიცის საზარელი ტერორისტული აქტების გამო. ტურისტების რაოდენობა შემცირდა ბელგიაში 13%-ით ბრიუსელის ტერორისტული აქტის უარყოფითი ზეგავლენის შედეგად. კაიროსა და სხვა ქალაქებში გახშირებული ტერორისტული აქტების შემდეგ ტურისტების რაოდენობამ ეგვიპტეში 42%-ით იკლო. მასობრივმა არეულობებმა და ტერორისტულმა აქტებმა სტამბულისა და თურქეთის სხვა ქალაქების უსაფრთხო იმიჯის აღქმა მთლიანად შეცვალა, რაც სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელზე აისახა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2016-2017 წლების სამ პრიორიტეტს შორის უმთავრესი უსაფრთხო მოგზაურობის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, თუმცა აქვე დავძენთ, რომ უსაფრთხოების ზომების გამკაცრება არ უნდა აისახოს სავიზო პოლიტიკის გამკაცრებაზე, პირიქით, პარალელურად უნდა გაგრძელდეს მოგზაურობასთან დაკავშირებული ფორმალობების გამარტივების პროცესი.

ახლა კი საქართველოში გადმოვინაცვლოთ – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია ხშირად არის კრიტიკის საგანი კერძო სექტორის მხრიდან. თქვენ უკვე მეექვსე წელია, რაც UNWTO-ს ევროპის რეგიონალური პროგრამის კოორდინატორის პოზიცია გიკავიათ, ამიტომ გკითხავთ, რა სახის მარკეტინგული კამპანიები/მეთოდები გამოიყენება დღეს მსოფლიოში? რა კრიტერიუმით არჩევენ ქვეყნები ბაზრებს და რა რეკომენდაციებს გაუწევდით საქართველოს?

მობილური ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ სულ უფრო კარგავს აქტუალობას სატელევიზიო რეკლამა. დღეს ყველაზე აქტიურად სახელმწიფოები ციფრულ მარკეტინგს (Digital Marketing) იყენებენ, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების ასეთმა სწრაფმა განვითარებამ განაპირობა. ბაზრების შერჩევისას კი მთავარ კრიტერიუმს ქვეყნის სტაბილური ეკონომიკა წარმოადგენს. თუ სასურველი ბაზარი ეკონომიკის რეცესიით ხასიათდება, ასეთ ქვეყანაში სერიოზული ინვესტიცია ქვეყნის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, აზრს მოკლებულია. აგრეთვე შესასწავლია, თუ რამდენად მაღალშემოსავლიანია სასურველი ქვეყნის სოციუმი, არის თუ არა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და ვიზიტორთა პროფილი. დღეს ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილი მთავარ ბაზრად ჩინეთს განიხილავს. მაღალშემოსავლიანი სოციუმის ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს შემთხვევაში, პრიორიტეტულად მიმაჩნია სერიოზული მარკეტინგული კამპანიის წარმართვა ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა: ევროპაში – გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია; აზიაში – ჩინეთი, იაპონია და სამხრეთი კორეა; ჩრდილოეთ ამერიკაში – აშშ და კანადა; ლათინურ ამერიკაში – არგენტინა. ამის პარალელურად, ქვეყანამ უნდა განაგრძოს მარკეტინგული კამპანია მეზობელ ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ჩემი რეკომენდაცია იქნება მარკეტინგის დაგეგმვა მომხმარებელთა კონკრეტული სეგმენტისთვის ცალკეული ბაზრების მიხედვით, მაგალითად, საქართველო ახლად დაქორწინებულებისათვის, ახალგაზრდების სხვადასხვა სეგმენტისათვის, ოჯახებისთვის, პენსიონერებისათვის და ასე შემდეგ.

მნიშვნელოვანია ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოსვლაც. უკვე დიდი ხანია, ქართველი ტუროპერატორები პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში ყიდიან სამხრეთ კავკასიის ერთიან ტურისტულ პაკეტებს.ამ მიმართულების კიდევ უფრო წახალისებაა საჭირო. დღეს თურქეთში კულტურული ტურებით სტუმრობს მრავალი ტურისტი ჩინეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. აქედან გამომდინარე, თურქეთის ავიახაზების აქტიური ჩართულობა შორეული ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვის საქმეში საკმაოდ მნიშვნელოვანია. პრინციპი უნდა იყოს ერთი თურქეთი + სამხრეთ კავკასიის ერთიანი ტურისტული პროდუქტი.

როგორ შეაფასებდით პროექტ „ჩექინ ჯორჯიას“, რომელიც ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარით ფინანსდება? რამდენად აპრობირებულია ტურისტების მოსაზიდად მსგავსი ღონისძიებები თუნდაც განვითარებად ქვეყნებში და რა შემთხვევაში ამართლებს ასეთი პროექტები?

საერთაშორისო კულტურული და სპორტული ღონისძიებები დღევანდელ მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება ტურისტების მოსაზიდად. ძირითადად ისინი ტარდება არასეზონზე ან მთელი წლის განმავლობაში ქალაქებსა და სხვა ტურისტულ ადგილებში. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ კულტურული ღონისძიების სრული დაფინანსება ხდება იმ შემთხვევაში, როცა ესა თუ ის ტურისტული ადგილი უცნობია და სახელმწიფო მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, უცხოელი ტურისტების მოზიდვას და მეორე მხრივ, სხვადასხვა ბიზნესის დაინტერესებას. განვითარებად ქვეყნებში ყველაზე აპრობირებულია სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობით ღონისძიების ორგანიზება, მაშინ როდესაც განვითარებული ეკონომიკის პირობებში მთლიანად კერძო სექტორის ფინანსური მონაწილეობით ხდება ამგვარი კულტურული ღონისძიებების ორგანიზება. ჩემი აზრით, წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობითა თუ თანამონაწილეობით ორგანიზებული საერთაშორისო სპორტული და კულტურული ღონისძიება, როდესაც 1 აშშ. დოლარს მოაქვს 10 აშშ. დოლარი უცხოელი ტურისტისაგან პირდაპირი და არაპირდაპირი დანახარჯის სახით. პირდაპირია დანახარჯი ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის შესაძენად, ხოლო არაპირდაპირია დანახარჯი საერთაშორისო და შიდა ტრანსპორტზე, განთავებაზე, კვებასა და ა.შ.

რამდენადაც ვიცი, UNWTO-ს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა თავისი წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა ტურიზმის სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების კუთხით, და საქართველო ჩართულია ამ პროცესში. რაში გამოიხატება ეს ჩართულობა და ასევე, როგორ უნდა ვითვლიდეთ ტურისტებს და ტურისტულ დანახარჯებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით?

საქართველო 2011 წლიდან სტატისტიკისა და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების კომიტეტის წევრი და 2019 წლამდე ვიცე-პრეზიდენტია. იმისათვის, რომ ნებისმიერმა მთავრობამ ზუსტად შეაფასოს ტურიზმის სექტორის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, ზუსტად განსაზღვროს სამოქმედო გეგმა სფეროს განვითარებისათვის, და აგრეთვე ინვესტორებს მიეწოდოს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია, უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში გამართული სტატისტიკის სისტემის არსებობა, რისთვისაც არსებითია სამი ინსტიტუციის – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ეროვნული ბანკისა და ტურიზმის სამინისტროსა თუ ადმინისტრაციის მჭიდრო თანამშრომლობა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ამ დარგის ეკონომიკაზე ზუსტი გავლენის განსაზღვრისათვის თავის დროზე შეიმუშავა ტურიზმის სატელიტური ანგარიშების სისტემა, რომელიც ათი ცხრილისგან შედგება, ანუ ათი ცხრილი ისეთი სხვადასხვა ინდიკატორის მითითებით ივსება, როგორიცაა: დანახარჯები შემოყვანის, შიდა და გაყვანის ტურიზმის შემთხვევაში, ტურიზმის სფეროში პროდუქციის მთლიანი გამოშვება და ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, ტურიზმის გავლენა დასაქმებაზე და სხვა.

როგორ ხდება დანახარჯების აღრიცხვა სხვადასხვა ქვეყანაში?

შენგენის წევრ სახელმწიფოებში ტურისტების დანახარჯებზე მონაცემებს მოიპოვებენ სასტუმროებიდან და სხვა განთავსების საშუალებებიდან. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჯერ კიდევ აქტიურად გამოიყენება საზღვრის გადალახვის დროს საიმიგრაციო ფორმის შევსება და სხვა ინფორმაციასთან ერთად დანახარჯების მითითება, რაც საკმაოდ მოძველებული მეთოდია. დაახლოებით 15 წლის წინ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ შეიმუშავა მეთოდოლოგია სასაზღვრო პუნქტებში კვლევების ჩასატარებლად, კერძოდ, ვიზიტორის მიერ ქვეყნის დატოვების დროს კითხვარის შევსება მოგზაურობის მიზნების, დანახარჯებისა და სხვა ინფორმაციის მიხედვით ნებაყოფლობითი პრინციპით. აღნიშნული მეთოდი საქართველომ 2006 წელს დანერგა.

დაბოლოს, UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ საქართველოში ბოლო ვიზიტისას ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ყველა ქვეყანას უნდა გააჩნდეს რაღაც, რაც თვალების დახუჭვისას იმ კონკრეტული ქვეყნის ასოციაციას გამოიწვევს და საქართველოს ეს ჯერ არა აქვსო. როგორ ფიქრობთ, რასთან უნდა ასოცირდებოდეს საქართველო?

დღეს მომხმარებელი, რომელმაც არჩევანი უნდა გააკეთოს, თითქმის ყველა განვითარებადი ქვეყნისგან ისმენს, რომ მას ქვეყანაში დახვდება უნიკალური და ავთენტური გარემო მდიდარი ისტორიისა და კულტურის ძეგლებით და ხელუხლებელი ლანდშაფტით, განუმეორებელი გასტრონომიითა და ღვინით და ასე შემდეგ. ისმის შეკითხვა, მაშ, რა უნდა შესთავაზოს საქართველომ გამორჩეული? ჩემი აზრით, მთავარი აქცენტი ხალხზე, ცხოვრების წესზე, ეროვნულ სამზარეულოსა და ღვინის სამშობლოზე უნდა გაკეთდეს. ანუ მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ ტურისტი კი არ ნახავს ამ ყველაფერს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად თავად იქნება ჩართული მოლხენის პროცესში და რომ ნებისმიერი ტურისტი დაუვიწყარ წუთებს გაატარებს ქვეყანაში. 

ძირითადი რიცხვები

< გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წელს საერთაშორისო ტურიზმის მოცულობა 4%-ით გაიზარდა და 1,235 მილიარდი ტურისტი შეადგინა ანუ დედამიწაზე მცხოვრები ყოველი მეშვიდე ადამიანი კვეთს საერთაშორისო საზღვრებს და თავისი წვლილი შეაქვს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკაში. UNWTO-ს მონაცემებითვე, ყოველ მე-11 სამუშაო ადგილს მსოფლიოში ტურიზმის სექტორი ქმნის. მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 10%-ია, ტურიზმი მსოფლიო ექსპორტის 7%-ს, ხოლო მომსახურების ექსპორტის 30%-ს შეადგენს.

< უცხოელი ტურისტების მიმღები ქვეყნების პირველ ათეულში ევროპის ექვსი ქვეყანაა: საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, თურქეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.

< ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მხრივ ლიდერობს აშშ 207 მლრდ აშშ დოლარით (2016)

< ტურისტული დანახარჯების თვალსაზრისით, ლიდერია ჩინეთი. 2016 წელს ჩინელი ტურისტების დანახარჯების საერთო მოცულობა $261 მილიარდი იყო.

< 2016 წელს გამყვანმა ტურიზმმა რუსეთიდან ეკონომიკური პრობლემებისა და რუბლის დევალვაციის გამო, საგრძნობლად იკლო და დანახარჯების მოცულობა 31%-ით შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *