საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვის შემცირების ტენდენცია შეჩერდა – წლის VIII თვეში ქვეყანაში გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 25.5 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური მაჩვენებლის ტოლია, თუმცა, ის ჩამოუვარდება 2016 წლის მაჩვენებელს (შემცირება 0.8 მლნ ტონა).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა წლებია მცირდება. თუკი სატრანსპორტო დარგებმა 2015 წელს 44.2 მლნ ტონა ტვირთი გადაზდეს, ეს მაჩვენებელი 2016 წელს 42.3 მლნ ტონამდე, ხოლო 2017 წელს კი 41.5 მლნ ტონამდე შემცირდა.
შემცირებულია საზღვაო ნავსადგურებსა და საზღაო პორტებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა და მან წლის პირველ რვა თვეში 10.1 მილიონი ტონა შეადგინა, ნაცვლად გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 10.7 მლნ ტონისა. საზღვაო ტერმინალებშიც ტვირთების გადამუშავება კლების ტენდენციას აჩვენებს, – 2015 წელს პორტებმა 19.2 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 17.6 მლნ ტონამდე შემცირდა, ხოლო 2017 წელს კი 16.3 მლნ ტონამდე.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია პორტებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა და მან 8 თვეში 291,215 TEU ერთეული შეადგინა.
სატრანსპორტო დარგებიდან გადაზიდული ტვირთების მოცულობა მხოლოდ საავტომობილო შემთხვევაში გაიზარდა და საანგარიშო პერიოდში მან 18.7 მლნ ტონა შეადგინა. შემცირებულია სამოქალაქო ავიაციის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა და მან 16.3 მლნ ტონა შეადგინა – 5.2 მლნ ტონით ნაკლები. რკინიგზის ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელი 0.3 მლნ ტონით შემცირდა და 6.7 მლნ ტონა შეადგინა.
რაც შეეხება პორტებს – ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელი მხოლოდ სუფსის საზღვაო ტერმინალის შემთხვევაში გაიზარდა, – 2.5 მლნ ტონა (0.1 მლნ ტონით მეტი), 4.1 მლნ ტონამდე შეუმცირდა გადამუშავებული ტვირთების მოცულობა ფოთის პორტს, ბათუმის პორტს 2.6 მლნ ტონამდე, ხოლო ყულევის საზღვაო ტერმინალს მილიონ ტონამდე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პორტებში გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა გაზრდილია.
დატოვე კომენტარი