Twitter-ის ერთ-ერთმა აქციონერმა Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის, წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. აქციონერი მასკს კომპანიის აქციათა ფასებით მანიპულირებას ედავება. მისი მტკიცებით, ილონ მასკმა კომპანიის 5-ზე მეტ პროცენტიანი წილის შესყიდვის შესახებ ინფორმაციის დაყოვნებით შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიის წესები დაარღვია.
ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის რაიონულ სასამართლოში შეტანილ სარჩელში Twitter-ის აქციონერი მარკ რასელა აცხადებს, რომ ილონ მასკმა Twitter-ის 5%-იანი წილის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია 10 დღის დაგვიანებით გაავრცელა. ამ ქმედებით კი Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს კომპანიის მეტი წილის ყიდვის შესაძლებლობა დაბალ ფასად გაუჩნდა. მარკ რასელას მტკიცებით, მასკმა ამ ნაბიჯით ის აქციონერები შეიყვანა შეცდომაში, რომლებმაც კომპანიის აქციები ამ შუალედში გაყიდეს.
ცნობისათვის, ილონ მასკის მიერ კომპანიის მსხვილი წილის ყიდვის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ სამი დღის შუალედში Twitter-ის აქციათა ფასები 27%-ით გაიზარდა. აღნიშნული საჩივრის შესახებ Twitter-ს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი 9.2%-იანი წილით კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერია. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი Twitter-ის სამეთვალყურეოსაც უნდა შეერთებოდა, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, გადაიფიქრა.
დატოვე კომენტარი