Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის, პარაგ აგრავალის განცხადებით, ილონ მასკის გადაწყვეტილებით ის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ გახდება. გასულ კვირას, მასკის მიერ სოციალური მედია პლატფორმის 9.2%-იანი წილის შესყიდვის შემდეგ საბჭოში მის ხილვას შაბათიდან ელოდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა Twitter-ის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა გადაიფიქრა.
მიუხედავად ამისა, ილონ მასკი ყველაზე პოპულარული სოც-მედია პლატფორმის ყველაზე დიდი წილის მფლობელად კვლავ რჩება.
კომპანიის წილის შესყიდვის შემდეგ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა Twitter-ს პრემიუმ სერვისის გამოწერის ცვლილებები შესთავაზა. მასკის მოსაზრებით, კომპანიას Twitter Blue პრემიუმ სერვისის ფასი უნდა შეემცირებინა, აეკრძალა რეკლამები და გადახდის საშუალებად დამატებით კრიპტოვალუტა, Dogecoin-ი შემოეღო.
თავად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, Twitter-მა ილონ მასკს სამეთვალყურეო საბჭოში ადგილი შესთავაზა, რაც კომპანიისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა, მისი გადაწყვეტილების მიუხედავად, კომპანია მისი კონტრიბუციისადმი ღია რჩება.
ცნობისათვის, ილონ მასკი Twitter-ის თანადამფუძნებელ, ჯეკ დორსზე 4-ჯერ მეტ წილს ფლობს. მასკის გადაწყვეტილების საჯაროდ გამოცხადების შემდეგ Twitter-ის აქციათა ფასები 27%-ით გაიზარდა. თუმცა, საინტერესოა, რომ ინსაიდერული ინფორმაციით, ილონ მასკის გადაწყვეტილებით თანამშრომელთა ნაწილი კმაყოფილი არ დარჩა. როგორც ჩანს, მათ უმეტესობას ილონ მასკის კომპანიაზე შესაძლო გავლენის საკითხი აღელვებთ.
დატოვე კომენტარი