ილონ მასკმა, გასულ წელს, სოციალური მედიის პლატფორმა Twitter-ის შესყიდვამდე თავისივე კომპანია SpaceX-ისგან $1 მილიარდის სესხი აიღო. Wall Street Journal-ი, შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ SpaceX-მა სესხი ოქტომბერში დაამტკიცა, მილიარდერმა კი სრული თანხა იმავე თვეში გაიტანა.
აღმასრულებელი დირექტორის მიერ ნასესხები თანხა მნიშვნელოვან წილს შეადგენდა ქონებისა, რომელსაც SpaceX-ი გასული წლის ბოლოს ფლობდა – ეს მოიცავდა $4.7 მილიარდის ნაღდ ფულსა და ფასიან ქაღალდებს. მოხსენების თანახმად, მილიარდერმა სრული თანხა, პროცენტით, სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ დააბრუნა.
შეგახსენებთ, რომ მასკმა სოციალური მედიის პლატფორმა Twitter-ი, ამჟამად ცნობილი როგორც „იქსი“, გასული წლის 27 ოქტომბერს, $44 მილიარდად შეისყიდა. ამ ეტაპისთვის უცნობია, გამოიყენა თუ არა მილიარდერმა SpaceX-ისგან აღებული თანხა გარიგების დასაფინანსებლად.
Wall Street Journal-ის ცნობით, SpaceX-ში ილონ მასკი აქციათა 42%-ს ფლობს. გარდა ამისა, FCC-ის დოკუმენტების თანახმად, მასკი კომპანიის უმსხვილეს აქციონერად რჩება და მას ხმის უფლებების დაახლოებით 80% ეკუთვნის.
Forbes-ის შეფასებით, ილონ მასკი, $257 მილიარდით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მეორე ადგილზე LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნოა, რომლის ქონებაც მასკისას $53 მილიარდით ჩამოუვარდება.