Twitter-მა კიბერუსაფრთხოების ახალი ხელმძღვანელი დაიქირავა. აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალურმა ქსელმა მას შემდეგ მიიღო, რაც ივლისში კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა.
Techcrunch-ის ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელის პოსტი რინკი სეთიმ დაიკავა, რომელიც კომპანია Rubrik-ში ე.წ ქლაუდ მონაცემების ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი ოფიცერი იყო. მანამდე კი ის მუშაობდა კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ისეთ კომპანიებში, როგორიცაა IBM, Palo Alto Networks და Intuit.
სეთი მრჩევლადაც მუშაობს რამდენიმე სტარტაპში, მათ შორის LevelOps-სა და Authomize-ში და ასევე კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებში, მათ შორის “ქალები კიბერუსაფრთხოებაში“.
ცნობისთვის, Twitter-ს კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური ჰქონდა წინა ხელმძღვანელის მაიკ კონვერტინოს წასვლის შემდეგ, რომელმაც კომპანია გასული წლის დეკემბერში დატოვა.
ივლისში კი Twitter-ს მასშტაბურ კიბერშეტევასთან გამკლავება მოუწია, ვინაიდან ჰაკერები თავს დაესხნენ კომპანიის შიდა სისტემას და გაავრცელეს კრიპტოვალუტის შესახებ სპამ-შეტყობინებები ცნობილი ადამიანების ანგარიშებიდან.
დატოვე კომენტარი