Uber Technologies-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანია არასტრატეგიულ აქტივებში საკუთარი წილების გაყიდვას ცდილობს, მათ შორისაა პეკინში დაფუძნებული Didi Global Inc-ში არსებული აქციები.
ამერიკულმა ფირმამ ჩინეთის ბაზარი 2016 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც წელიწადში მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა. საბოლოოდ მან თავისი ჩინური ოპერაციები Didi-ის მიჰყიდა. ივნისში Didi-ის მიერ შეტანილი განაცხადის მიხედვით, Uber-ი Didi-ის 12.8%-ს ფლობს.
„ჩინეთში საკმაოდ რთული გარემოა, ძალიან მცირე გამჭვირვალობით. ჩვენი კომპანია არ ჩქარობს აქციების გაყიდვას, ჩვენ ვცდილობთ, დროთა განმავლობაში მონეტიზაცია ფრთხილად მოვახდინოთ“, – აღნიშნა Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დარა ხოსროუშაჰიმ.
ხოსროუშაჰის განცხადების შემდეგ Uber-ის აქციების ფასი 4.3%-ით $37.26-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ Uber-ს გასულ კვირას კომპანიის მასშტაბით მთლიანი ჯავშნების კუთხით საუკეთესო კვირა ჰქონდა. თუმცა ჯავშნების რაოდენობა პანდემიის წინა პერიოდის შედეგებს დაახლოებით 10%-ით ჩამორჩება.
მესამე კვარტალის მონაცემებით სხვადასხვა კომპანიაში Uber-ს დაახლოებით $13.1 მილიარდის ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული, მათ შორის $4.1 მილიარდი Didi-ში. Uber-ის ეს პოლიტიკა – გამოთავისუფლებული სახსრების სხვადასხვა კომპანიაში ინვესტირება – ზოგიერთი ინვესტორისათვის შემაშფოთებელია და Uber-ის მიმართ ნდობას ამცირებს.
საინტერესოა, რომ Uber-ის ოპერაციულმა ბიზნესმა გასულ კვარტალში პირველად მიაღწია მოგებიანობას კორექტირებული შემოსავლის საფუძველზე, მაგრამ მისმა წილმა Didi-ში მესამე კვარტალში $2,4 მილიარდის წმინდა ზარალი გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ Didi-ის აქციების ფასი, რომელიც ჩინეთის რეგულატორების მიერ მონაცემთა პრაქტიკის გამოძიების შედეგად შეირყა, დაახლოებით 53%-ით დაეცა მათი 30 ივნისის საწყისი საჯარო შეთავაზების ფასთან შედარებით. ჩინეთის რეგულატორების ზეწოლის შედეგად, თვის დასაწყისში Didi-მა განაცხადა, რომ ის დატოვებს აშშ-ის საფონდო ბირჟას და ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე დაილისტება.
დატოვე კომენტარი