ცოტა ხნის წინ Uber-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, დარა ხოსროვშაჰიმ განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან, Uber-ის მომსახურების გადახდას მომხმარებლები ბიტკოინითაც შეძლებენ – მისი თქმით, ამ ტექნოლოგიის ინტეგრირება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში, ამ ეტაპზე, სხვადასხვა ბირჟასთან დაკავშირებული მაღალი საკომისიო გადასახადებისა და კრიპტოვალუტების მაინინგის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გამო ვერ ხერხდება.
„ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ, – განაცხადა ხოსროვშაჰიმ. – მას მერე, რაც გაცვლის მექანიზმები უფრო იაფი და გარემოსადმი უფრო მეგობრული გახდება, დაინახავთ, რომ კრიპტოსამყაროს ნელ-ნელა ჩვენც მივუახლოვდებით“.
აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციების გაიაფებისა და ბუნებაზე მათი უარყოფითი ზეგავლენის შემცირებაზე არაერთი კომპანია მუშაობს: ერთი მხრივ, იქმნება ისეთი კრიპტოვალუტები, რომელთა მაინინგი გაცილებით ნაკლებ ელექტროენერგიას საჭიროებს, ხოლო მეორე მხრივ, კომპანიები ამ პროცესების გამარტივებისათვის საჭირო აპარატულ უზრუნველყოფაზე მუშაობენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა Intel-ი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კრიპტოვალუტების მაინინგისთვის ენერგოეფექტიანი მიკროჩიპი გამოუშვა.
დატოვე კომენტარი