საბჭოთა კავშირის დანგრევისად ადამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას დევნილი მოსახლეობის სახით უმნიშვნელოვანესი პრობლემა დაუდგა დღის წესრიგში, რომელიც სრულად დღემდე არ გადაუწყვეტია. 90-იან წლებში განვითარებული შეიარაღებული დაპირისპირებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ათიათასობით ოჯახი მუდმივი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ოფიციალურად 86,283 დევნილი ოჯახია დარეგისტრირებული, რაც 259,247 პირს მოიცავს.
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, დევნილთა სამინისტროსთვის 84.7 მლნ ლარი არის გამოყოფილი, რაც, მაგალითად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტს 52 მლნ ლარით ჩამორჩება. კითხვა კვლავინდებურად იგივე ისმის – რამდენად სწორია მთავრობის მიერ არჩეული პრიორიტეტები? საჭიროა თუ არა ნაკლებად გონივრული ხარჯების დამატება სახელმწიფოსთვის, მაშინ როდესაც ისედაც მწირი რესურსების პირობებში, უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა ათეული წლების განმავლობაში ვერ ხერხდება. სანამ აღნიშნულ საკითხს მიმოვიხილავთ, მანამდე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ კვლევას გავეცნოთ, სადაც საცხოვრებლის მოლოდინში მყოფი დევნილების მდგომარეობა დეტალურად არის აღწერილი.
დღეის მდგომარეობით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შემდეგი სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება: 1) რეაბილიტირებულ და ახლად აშენებულ კორპუსებში დევნილთა შესახლება, 2) ინდივიდუალური სახლებისა და ბინების შეძენა, 3) კერძო საკუთრებაში მცხოვრები დევნილებისთვის ობიექტების გამოსყიდვა და მათთვის გადაცემა. 2016 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით 24,475 ოჯახია უზრუნველყოფილი, ხოლო 5,387 პირს საკუთრების სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია გადაეცა. მათგან განსხვავებით, დევნილთა ნახევარზე მეტი, ანუ 37 000 ოჯახი ჯერ კიდევ ელოდება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას. სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებული წინასწარი გაანგარიშების მიხედვით, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისთვის დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარია საჭირო, რისი გამონახვაც ბიუჯეტიდან ერთბაშად ვერ ხერხდება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2008 -2016 წლებში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯამში 365,925,594 ლარი დაიხარჯა. პროგრამის ბიუჯეტი ყველაზე დიდი 2016 წელს – 57, 8 მლნ ლარი იყო. ყველაზე მცირე თანხა კი 2012 წლის მდგომარეობით დაფიქსირდა და 3,1 მლნ ლარი შეადგინა.
პროექტი უკვე რვა წელია, რაც მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში 18,645 დევნილმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ფართი მფლობელობაში ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ კორპუსში.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ოჯახი 2009 წელს იქნა ამ პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული, რაც პირველ რიგში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად წარმოქმნილი დევნილთა ახალი ტალღით იყო გამოწვეული.
ინდივიდუალური სახლებისა და ბინების შეძენა სახელმწიფომ 2013 წლიდან დაიწყო და ის დევნილებისთვის სოფლად არსებული საცხოვრებელი ქონების ყიდვა/ გადაცემას გულისხმობს. გასული სამი წლის მონაცემების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში სულ 26,9 მლნ ლარის ხარჯია გაწეული და 1,370 საცხოვრებელი სახლია შეძენილი. წლიურად ეს მონაცემი შემდეგნაირად გამოიყურება: 2013 წელი: 413 ათასი ლარი – 30 სახლი. 2014 წელი: 2,1 მლნ ლარი – 120 სახლი. 2015 წელი: 9,2 მლნ ლარი – 470 სახლი. 2016 წელი: 15 მლნ ლარი – 750 სახლი. მონაცემების მიხედვით შეგვიძლია გამოვიანგარიშოთ, რომ ერთი საცხოვრებელი სახლის შეძენა სამინისტროს საშუალოდ 1,897 ლარი უჯდება.
კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ამ მიმართულებით ახორციელებს, დევნილთა ჩასახლებებში არსებული კერძო ობიექტების გამოსყიდვასა და გადაცემას გულისხმობს. 2012-2016 წლის მონაცემების მიხედვით, ამ პროგრამით 1,108 დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი მფლობელობაში, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს 18 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2015 წელთან შედარებით, 2014 წელს თითქმის ორჯერ ნაკლები – 3,6 მილიონი ლარი დაიხარჯა ამ მიმართულებით, თუმცა ორჯერ მეტი დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოხერხდა.
აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, სამინისტრომ 92 დევნილ ოჯახს იპოთეკური სესხები სრულად ან ნაწილობრივ დაუფარა, რისთვისაც 1,73 მილიონი ლარი დაიხარჯა.
არის თუ არა სახელმწიფოსთვის დევნილთა პრობლემები პრიორიტეტული?
პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებებისა და რიტორიკის მიხედვით, ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, დიახ – დევნილთა პრობლემა მუდმივად დგას პოლიტიკური დღის წესრიგის ზედა საფეხურზე. ბიუჯეტის მიხედვით კი იმავე პასუხის გაცემა გაგვიჭირდება. კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ 2008-2016 წლებში, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიმართულებით სულ 670 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა აქედან სახელმწიფოს წილი მესამედზე ნაკლებია. დაფინანსების დიდი ნაწილი – 470 მლნ ლარი – უცხოელი დონორებისგან ფიქსირდება.
დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართის მიღებაზე სამინისტროში 28,901 განცხადებაა შეტანილი. მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისთვის კი 1,5 მილიარდი ლარია საჭირო. მარტივი კალკულაციის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღეს არსებული დაფინანსების მოცულობის მიხედვით, ეს პრობლემა სრულად 2037 წლისთვის მოგვარდება. სახელმწიფო ბიუჯეტს თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ხელისუფლებისთვის სპორტისა და კულტურის ნაწილი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე დევნილთა პრობლემების მოგვარება. მაშინ როდესაც დევნილთა სამინისტროს 2016 და 2017 წლის ბი უჯეტი ჯამურად 170 მილიონ ლარს მოიცავს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანალოგიური ხარჯები 196.5 მლნ ლარს შეადგენს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმის სამინისტროსი – 226 მლნ ლარს. დევ ნილების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ნაცვლად, სახელმწიფოს ხარჯზე ჩატარებული მუსიკალური კონცერტებისა და ფეხბურთის 256 მლნ ლარით დაფინანსება (5 წლის განმავლობაში) რომ ყოველგვარ რაციონალურ საფუძველს არის მოკლებული, მგონი, კითხვას აღარ ბადებს.
პარალელის სახით პრემიებსა და დანამატებზე დახარჯული ფულის ოდენობაც შეგვიძლია მოვიყვანოთ. 2011 წლიდან 2016 წლის პირველი 8 თვის მონაცემების მიხედვით, ბიუჯეტიდან მხოლოდ საშტატო თანამშრომლებზე ჯამურად 1,7 მილიარდი ლარი არის დახარჯული. ამას თუ შტატგარეშე თანამშრომლებზე გაწეულ საპრემიო დანახარჯებსაც დავამატებთ, ჯამურად 2 მილიარდ ლარზე მეტს გარდაუვლად მივიღებთ. ეს თანხა ნახევარი მილიარდი ლარით აღემატება დევნილთა სამინისტროს მიერ დასახელებულ რიცხვს, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას სრულად შეძლებდა და ამისთვის 20-წლიანი ლოდინი საჭირო აღარ იქნებოდა. IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2008 წლიდან დღემდე, მხოლოდ პრემია/დანამატებზე 50%-იანი ეკონომიისა და დაზოგილი თანხების დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის მიმართვის შემთხვევაში, ყველა იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი ფართი ექნებოდა და ეს პრობლემა სამუდამოდ ამოიწურებოდა.
ემოციური და პატრიოტული განცხადებების დიდი რაოდენობის მიუხედავად, ციფრები და მარტივი კალკულაცია საკმაოდ პესიმისტურ სურათს გვაძლევს. დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას სახელმწიფო სრულად 21-ე საუკუნის შუა პერიოდში მორჩება. არადა, დღეს 2017 წელია, პრობლემა კი 25 წელია, რაც არსებობს.
დატოვე კომენტარი