UBS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ გაკოტრებული შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის ინტეგრაციის პირველი ფაზა დაასრულა. შედეგად მას ახალი აქტივების ნაკადები გაუჩნდა, რის გამოც UBS-ი წლის მეორე ნახევარში $1 მილიარდის ღირებულების გაყიდული აქციების გამოსყიდვას გეგმავს.
შვეიცარიული ბანკი მისი კონკურენტის შესყიდვის შემდეგ ახალ ფინანსურ მიზნებს ისახავს. კომპანიის ამბიციაა, რომ სიმდიდრის მენეჯმენტის მიმართულებით წინ დიდი ნაბიჯი გადადგას და 2028 წლის ბოლოს $5-ტრილიონიანი პორტფელი ჰქონდეს. ამჟამად ბანკის ამ მიმართულების აქტივების ღირებულება $3.85 ტრილიონს შეადგენს.
გარდა ამისა, UBS-ის მიზანს 2028 წლისთვის ყოველწლიურად $200 მილიარდის მოცულობის წმინდა აქტივების მიღება წარმოადგენს. Credit Suisse-ის შესყიდვის შემდეგ UBS-მა დამატებით $77 მილიარდის მოცულობის აქტივების მართვის პასუხისმგებლობაც აიღო.
საინტერესოა ისიც, რომ კომპანიას 2026 წლისთვის ხარჯების $13 მილიარდით შემცირება აქვს განზრახული. კომპანიის მიერ Credit Suisse-ის მიერთება საკმაოდ ხარჯიანი აღმოჩნდა და UBS-მა გასული წლის მეოთხე კვარტალში $279 მილიონის მოცულობის წმინდა ზარალი განიცადა. თუმცა აღნიშნული ზარალი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ბანკი პროგნოზირებდა ($285 მილიონი).
UBS-ის განცხადებით, გაყიდული აქციების გამოსყიდვის პროცედურა მას შემდეგ დაიწყება, რაც Credit Suisse-ის ინტეგრაცია სრულად დასრულდება.