UBS Group AG-მა Credit Suisse-ისგან მემკვიდრეობით მიღებული სამართლებრივი დავებიდან ერთ-ერთი წარმატებით დაასრულა.
Bloomberg-ის ცნობით, ჟენევის ფინანსურმა პროკურორმა, ივ ბერტოსამ Credit Suisse-ის წინააღმდეგ წელიწად-ნახევრის წინ დაწყებულ გამოძიებაში პატრიკ ლესკადრონის ან ფირმის სხვა წარმომადგენლების მიერ „ფულის გათეთრების“ ფაქტები ვერ გამოავლინა.
ეს საუკეთესო შედეგია UBS-ისთვის, რომელსაც მრავალი სამართლებრივი პრობლემა და მილიარდობით შვეიცარიული ფრანკი აქვს გადასახდელი მას შემდეგ, რაც ყველაზე მსხვილი კონკურენტი, გაკოტრებული Credit Suisse-ი შეიძინა.
ლესკადრონს თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდება 2018 წელს წაუყენეს, რის შემდეგაც იყო რამდენიმე წაგებული სასამართლო პროცესი ბერმუდასა თუ სინგაპურში, რამაც ბანკს მილიარდობით ფრანკის ზარალი მიაყენა.
პატრიკ ლესკადრონს ხელმოწერების გაყალბებასა და მისი უმსხვილესი კლიენტის, ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშიდან მილიონების არალეგალურად გადარიცხვაში ადანაშაულებდნენ. მისი ქმედებები თითქმის ათწლეულის განმავლობაში იყო აღმოუჩენელი, თუმცა 2015 წელს ყველაფერი თავად აღიარა. მოგვიანებით მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პროკურორ ბერტოსას თანახმად, 2008-2014 წლებში Credit Suisse-მა ვერ შეძლო რვა ტრანზაქციის აღკვეთა, რამაც ფულის გათეთრებას შეუწყო ხელი.
ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქმის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მისი განცხადებით, ბერტოსა ახლა „ამ დანაშაულებს მხოლოდ ლესაკდრონისთვის მიყენებულ ბრალდებებზე დაყრდნობით განიხილავს და არა ფულის გათეთრების ჭრილში“.
„ჩვენ არ ვეთანხმებით ამ დასაბუთებას, რომელიც უგულებელყოფს სამხილებს, რომ მენეჯერებმა სცადეს თაღლითური ქმედების დამალვა და ფულის გათეთრება“, – თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა.
UBS-ს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
Credit Suisse-ში ყოველთვის აცხადებდნენ, რომ ლესკადრონი დამოუკიდებლად მოქმედებდა და დანაშაულებრივ ქმედებებს კოლეგებს უმალავდა. მიუხედავად ამისა, ბერმუდის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბანკში ამ ყველაფერზე თვალი დახუჭეს.
ინვესტორთა განწყობასა და Credit Suisse-ის რეპუტაციაზე სწორედ ამ მოვლენებმა იმოქმედა, რის შემდეგაც მის გადასარჩენად ქვეყნის მთავრობას მოუწია ჩარევა და ბანკი კონკურენტმა UBS-მა შეიძინა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პატრიკ ლესკადრონის კლიენტი იყო, მოგვიანებით მან Credit Suisse-ს სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და ბერმუდაში უჩივლა და მათგან $800 მილიონიანი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა. Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილი ლესკადრონის ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო. თავად ივანიშვილს კი შეუძლებლად მიაჩნდა, ამგვარი სქემა ბანკში მხოლოდ ლესკადრონისთვის ყოფილიყო ცნობილი.
2021 წლის აპრილში Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს ლონდონის სასამართლოში უჩივლა. 2022 წლის მარტში ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს ნახევარმილიარდდოლარიანი დავა მოუგო. ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Credit Suisse-ს ქართველი მილიარდერისთვის დაახლოებით $555 მილიონის გადახდა დაეკისრა.
2023 წლის მაისში კი სინგაპურის სასამართლოს კომერციულმა პალატამ შვეიცარიულ ბანკს ივანიშვილისთვის კომპენსაციის სახით $926 მილიონის გადახდა დააკისრა.
Photographer: Daro Sulakauri/Bloomberg
დატოვე კომენტარი