UBS - უახლოეს მომავალში ჰეჯ-ფონდები $30 მილიარდამდე ღირებულების აქციებს გაყიდიან

UBS - უახლოეს მომავალში ჰეჯ-ფონდები $30 მილიარდამდე ღირებულების აქციებს გაყიდიან

UBS-ის მიერ გავრცელებული გაფრთხილების თანახმად, ჰეჯ-ფონდები, რომლებიც საფონდო ბირჟებზე ვაჭრობისთვის კომპიუტერებით ავტომატიზებულ საშუალებებს იყენებენ, უახლოეს მომავალში $30 მილიარდამდე ღირებულების აქციებს გაყიდიან. ამის მიზეზი კი საფონდო ბირჟებზე არსებული ამჟამინდელი მდგომარეობაა.

UBS-ის ნოტაში განმარტებულია, რომ ჰეჯ-ფონდები, რომლებიც სავაჭროდ ალგორითმებს იყენებენ და ბაზრის ტენდენციებს ასე მიჰყვებიან, ბაზრის ზრდის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ.

ბანკის მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაში აღნიშნულია, რომ საფონდო ბირჟებიდან აღნიშნული $30 მილიარდის გადინება აქციების ფასებზე უარყოფითად იმოქმედებს და მეტიც, შესაძლოა ამან პოტენციურად გააძლიეროს კიდეც ფასების კლება.

შეგახსენებთ, რომ ივლის-სექტემბრის პერიოდში ამერიკული აქციების ფასები საშუალოდ 3.6%-ით შემცირდა, რაც 2023 წელს პირველი კვარტალური ვარდნაა. ამის მიზეზი კი მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ნავთობის ფასების ზრდა და არსებული ინფლაციაა.

ცნობისათვის, ალგორითმების საშუალებით ვაჭრობა ტრადიციული მეთოდებისგან იმით განსხვავდება, რომ ის ვაჭრობისას კაპიტალის მოძრაობის ტრაექტორიას იმეორებს. სწორედ ამ მიზეზით, ხშირ შემთხვევაში, მათი დახმარებით ვაჭრობა ბაზრის რეალურ მდგომარეობას ჩამორჩება, ვინაიდან დაღმავალი ტენდენციის ჩამოყალიბება დიდ დროს მოითხოვს.