რარიტეტული Patek Philippe-ი შესაძლოა ივნისში, Sotheby’s-ის აუქციონზე, $4.5 მილიონად გაიყიდოს. ძვირად ღირებული ვინტაჟური საათი Patek Philippe 1518-ი, ერთ-ერთია იმ თხუთმეტი ცნობილი ეგზემპლარიდან, რომლებიც ბრენდის Pink on Pink-ის სერიას ეკუთვნის. მოვარდისფრო ციფერბლატისა და ოქროს კორპუსის მქონე საათს კალენდრის ქრონოგრაფი და მთვარის ფაზის გამოსახულება აფორმებს.
ივნისის აუქციონზე უიშვიათესი Patek Philippe-ის საწყისი ღირებულება $2.5-$4.5 მილიონით განისაზღვრა. Pink on Pink 1518-ის კიდევ ერთი ცნობილი ეგზემპლარი, რომელიც ეგვიპტის პრინც ტევფიკ ადილ ტუსუნს ეკუთვნოდა, სრული დოკუმენტაციით, 2021 წლის დეკემბერში Sotheby’s-ის აუქციონზე $9.57 მილიონად (საკომისიოს ჩათვლით) გაიყიდა. საათი $1.2-$2.2 მილიონად იყო შეფასებული, თუმცა მას ღირებულებას მისი მფლობელის წარმომავლობა და სრული დოკუმენტაცია სძენდა.
Patek-ის საათი, რომელიც ივნისში აუქციონზე იქნება წარმოდგენილი, 1946 წელსაა წარმოებული, თავდაპირველმა მყიდველმა კი ის 1947 წელს შეიძინა. Sotheby’s-ის ინფორმაციით, საათი შესყიდვის შემდეგ ოჯახის მფლობელობაშია, ხოლო უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ის უჯრაში ხელუხლებლად ინახებოდა. აღსანიშნავია, რომ საათის ციფერბლატზე მწარმოებლის, „Patek Philippe & Co“-ის ხელმოწერაა დატანილი, რაც იშვიათი შემთხვევაა, რადგან ბრენდმა 1948 წელს თავის საათებზე ხელმოწერები შეამცირა. Pink on Pink 1518-ის თხუთმეტი ცნობილი ეგზემპლარიდან მსგავსი ხელნაწერი მხოლოდ შვიდ მათგანზეა წარმოდგენილი.
ეკონომიკური ზრდის შენელების, მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და კრიპტოვალუტის კოლაფსის ფონზე, მყიდველები ბევრად უფრო ფრთხილები გახდნენ. შედეგად, 2021 წელსა და 2022 წლის დასაწყისში ვინტაჟური საათების ნაწილზე მოთხოვნამ იკლო, მეორეულ ბაზარზე კი Rolex-ის, Patek Philippe-ისა და Audemars Piguet-ის საათებზე ფასები მკვეთრად დაეცა. შესაბამისად, ივნისში აუქციონზე ძვირად ღირებული Patek Philippe-ის გამოჩენა ვინტაჟური საათების ბაზრის სიძლიერეს კიდევ ერთხელ შეამოწმებს.