სილიკონის ველის სკეპტიკოსებსა და უოლსტრიტელ მეტოქეებთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, მაიკლ დელმა საუკუნის გარიგება გაახერხა, გაიკვალა რა გზა სესხებითა და ყიდვა-გაყიდვით $5-მილიარდიანი ქონებისკენ. მისი უდიდესი ამბიციების ხორცშესხმა მომავლის საქმეა და კოსმოსთან მათ საერთო არაფერი აქვთ.
ტეხასში, ოსტინში დაფუძნებულ მის საქველმოქმედო ფონდის სათავო ოფისში მყოფ, პერსონალური კომპიუტერების პიონერ მაიკლ დელს შესანიშნავად ესმის, რომ სწორედ ამ დილას, სწორედ ამ შტატში, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოს მილიონობით მაყურებლის თვალწინ საკუთარი თავი კოსმოსში გაისროლა თავისივე კოსმოსური შატლით – Blue Origin-ით. „მე თავს სრულიად ბედნიერად ვგრძნობ დედამიწაზე დარჩენით”, – მხრებს იჩეჩს დელი ღიმილით.
გასულ კვირას, ათციფრიანმა მაგნატმა რიჩარდ ბრენსონმა სათავე დაუდო მილიარდერების კოსმოსურ რბოლას. ზოგმა ამაში ინოვაცია და ამბიცია დაინახა. ზოგმა – ეგო და მედიდურობა. დელმა დაინახა… შესაძლებლობა.
„ჩვენ ვყიდით უამრავ განვითარებად კოსმოსურ კომპანიას, – ამბობს ის სხვათა შორის. – ამ საინჟინრო მიღწევების განხორციელება შეუძლებელია წარმოუდგენელი რაოდენობის გამომთვლელი შესაძლებლობების, მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის გარეშე“.
ბოლო ათწლეულის მანძილზე დელი საჯაროდ მეტწილად სიჩუმეს ინარჩუნებდა, რაც კომპანიის გადაბარებასთან დაკავშირებული უმოწყალო მოლაპარაკებებით ან, უბრალოდ, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილის არქონით, ან ერთდროულად ორივე ამ მიზეზით იყო განპირობებული. დელის ნაცვლად საჯაროობის ინიციატივა ხელში მისმა ბიზნესმა აიღო. ცხრა წლის წინ სილიკონ-ველიმ და უოლ-სტრიტმა „ჩამოწერა“ დელი, როგორც ადამიანი, ასევე კომპანია, რომელიც მიბმული იყო თავისუფალ ვარდნაში მყოფ პერსონალური კომპიუტერების მაშინდელ ბაზარზე, და რომელიც, Palm-ის ან BlackBerry-ს მსგავსად, ტექნოლოგიური შეუსაბამობის გზას ადგა. თუმცა დელმა მაშინაც შესაძლებლობა ამოიცნო: საზოგადოებრივი ცინიზმისგან თავის ასარიდებლად ის კერძო კაპიტალის ფირმა Silver Lake-სა და მის მილიარდერ თანახელმძღვანელ იგონ დარბენს დაუკავშირდა, შეისყიდა რა მისი კომპანია $24,9 მილიარდად 2013 წელს, რაც ტექნოლოგიებში კრედიტის ხარჯზე აქციების საკონტროლო პაკეტის გამოსყიდვის ისტორიაში ყველაზე ძვირი შემთხვევა იყო. სამი წლის შემდეგ მან და დარბენმა $67 მილიარდი გამოყვეს IT-ინფრასტრუქტურის გიგანტის, EMC Corporationის შესაძენად. მთლიანობაში, დელს თავისი იმპერიის დაკრედიტებისთვის ასტრონომიული $70 მილიარდი დასჭირდა, რისთვისაც ის ვალებს ნიჩბებით ხვეტდა ისე, როგორც ეს კორპორაციულ ამერიკაში აქამდე არავის უნახავს.
შედეგები ღირსშესანიშნავი იყო. ავტომობილები, ტელეკომუნიკაციები, ენერგეტიკული ქსელები, საავადმყოფოები და ლოგისტიკური ქსელები – ყველა ციფრული ბიზნესი გახდა, რომელიც მონაცემთა მუდმივად მზარდ დასტებს აწარმოებს და საჭიროებს მართვასა და შენახვას. დელი ახლა ამ სფეროში მსოფლიოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურის პროვაიდერის სათავეში დგას. „მსოფლიოში შექმნილი მონაცემების რაოდენობა უბრალოდ გამაოგნებელია, – ამბობს ის. – ის ყოველ შვიდ ან რვა თვეში ორმაგდება“.
თავის მხრივ, Dell Technologies-ი, $75 მილიარდით, ოთხჯერ მეტი ღირს, ვიდრე კერძო კომპანიად ქცევამდე. ამ გამოსყიდვის გამო, Dell-მა, Durban’s Silver Lake-მა და თანაინვესტორებმა, Forbes-ის გათვლებით, ბევრად უკეთესი შედეგები უჩვენეს, $40 მილიარდზე მეტი საერთო მოგებით. დელის პირადი მთლიანი ქონება $50 მილიარდამდე გაიზარდა. მრავალი თვალსაზრისით, ის იყო გამოსყიდვებში ყველა დროის ყველაზე დიდი გადატრიალების შემოქმედი.
„ჩემთვის ეს არ იყო სარისკო“, – ამბობს ის. სკეპტიკოსებმა ვერ დაინახეს ზოგადი სურათი. დელმა ნაღდი ფული ამოიღო და უამრავ გასაყიდად ღირებულ პროგრამულ აქტივს მოაჯდა. ხოლო იაფმა ფულმა უზრუნველყო იდეალური პირობები კორპორაციული შიგნეულობის განახლების დასაფინანსებლად.
„მაიკლი ფინანსურად დახვეწილია. ის არ არის ტექნოლოგიური მანიაკი არანაირი გაგებით, – ამბობს ჯორჯ რობერტსი, კერძო საინვესტიციო გიგანტ KKR-ის მილიარდერი თანადამფუძნებელი და კრედიტების ხარჯზე საკონტროლო აქციების შესყიდვების პიონერი, რომელიც განცვიფრებულია გარიგებით. – მან კომპანია საჭირო დროს შეისყიდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, მან ამისთვის იდეალური მომენტი შეარჩია“.
56 წლის ასაკში დელი ტექნოლოგიების უკანასკნელი ადამიანია, კომპიუტერის ეპოქის ბოლო თავდაპირველი დამფუძნებელი, რომელიც ჯერ კიდევ მართავს თავის ნაშიერს. მისი კონკურენტები დაბერდნენ ან სხვაგან გადაბარგდნენ, მაგალითად, ტექნიკური მილიარდერები ბილ გეიტსი, ლარი ელისონი თუ სტივ ბალმერი, რომლებმაც ქველმოქმედებაში ან ისეთ საპრიზო საკუთრებებზე გადაინაცვლეს, როგორიცაა ჰავაის კუნძულები და NBA-ის გუნდები.
დელი მალე ორ სხვადასხვა საჯარო კომპანიას უხელმძღვანელებს: თავის პერსონალური კომპიუტერებისა და IT-ინფრასტრუქტურის გიგანტ Dell Technologies-ს და მის შვილობილ VMware-ს, რომელიც ღრუბლოვანი კომპიუტერული ინფრასტრუქტურის ბურჯია. ორივეს ექნება ვალის მართვადი დონე და ძვირფასი ვალუტა ზრდისა და შესყიდვებისთვის.
„თვალი ყველას Amazon-ის, Microsoft-ისა და Google-ისკენ უჭირავს, – ამბობს Salesforce-ის თანადამფუძნებელი და Dell-ის მეგობარი მილიარდერი მარკ ბენიოფი. – მათ არ ესმით, რომ Dell-მა წყნარად დააგროვა ბაზრის წილი საწარმოო ტექნოლოგიაში“.
პერსონალური კომპიუტერის გაჩენის დროს ცოტა მეწარმე თუ იყო მაიკლ დელის მსგავსი კაშკაშა ვარსკვლავი. 1983 წელს, ტეხასის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ოთახიდან მან შექმნა კომპანია, რომელმაც პირველი კომპიუტერი გადასცა მილიონობით ამერიკელს, გამოიყენა რა მანტრა: „უფრო სწრაფად, უკეთესად და იაფად“.
„თვალი ყველას Amazon-ის, Microsoft-ისა და Google-ისკენ უჭირავს. მათ არ ესმით, რომ Dell-მა წყნარად დააგროვა ბაზრის წილი საწარმოო ტექნოლოგიაში“.
დელმა გზა ეფექტიანობისა და ოსტატური ფინანსური მანევრების გამოყენებით გაიკაფა, რამაც მას საშუალება მისცა, აეწყო და გაევრცელებინა შეკვეთით დამზადებული კომპიუტერები ულტრადაბალ ფასად, იმ უნარების წყალობით, რომლებიც მან ახალგაზრდობაში დახვეწა. 13 წლისამ მან ჰიუსტონში, თავისი სახლიდან დაიწყო პირველი ბიზნესი, გამოაქვეყნა რა მარკების სიები, რომლებიც აუქციონზე გაყიდა და ფოსტით დაგზავნა, რითაც, მისი ორთოდონტი მამის ალექსანდერისა და ბირჟის ბროკერი დედის, ლორეინის გასაოცრად, 2000 აშშ დოლარი მიიღო დიდი სასტარტო ხარჯების გარეშე. ტინეიჯერობისას ის ყიდდა გაზეთების ხელმოწერებს და ბეჯითად ამუშავებდა ქვეყნის არქივებს, რათა ეპოვა ახლახან დაქორწინებული წყვილების მისამართები, რომლებსაც, მისი გათვლებით, გამოწერის მეტი სურვილი ექნებოდათ. 16 წლის ასაკში მან დაზოგა საკმარისი თანხა Apple IIe-ს საყიდლად, რომელიც დაშალა, რომ მისი მექანიკა შეესწავლა.
დელმა პერსონალური კომპიუტერი 1983 წელს ოსტინში, ტეხასის უნივერსიტეტში წინასამედიცინო სტუდენტად ჩარიცხვის შემდეგ გამოიყენა. კომპიუტერის მომრავლებულ მოყვარულებს ის დისკის გამშვებ მოწყობილობებსა და მეხსიერების ჩიპებს მიყიდდა. 1984 წლის იანვრისთვის მან აღმოაჩინა, რომ IBMის კომპიუტერების ადგილობრივი დისტრიბუტორები იძულებულნი იყვნენ, ინვენტარის გადაჭარბებული რაოდენობა შეესყიდათ, ამიტომ მან ზედმეტი კომპიუტერები 10%-დან 15%- მდე ფასდაკლებით გამოისყიდა და შემდეგ სარფიანად გაყიდა. აპრილისთვის ის თვეში $80 000-ს გამოიმუშავებდა. მან მიატოვა კოლეჯი, რის გამოც მშობლები, განსაკუთრებით კი დედამისი, ძალიან შეშფოთდნენ.
მან აღმოაჩინა, რომ მარაგების გონივრული მართვისა და პირდაპირი გაყიდვების მოდელის გამოყენებით IBMკომპიუტერის კომპონენტების ხელახალი შეფუთვა 40%-მდე დაბალი ფასით შეეძლო. ის შეკვეთებს ფოსტით და ტელეფონით იღებდა, შემდეგ კი, ერთიდან სამ კვირამდე ვადაში, აწყობდა კომპიუტერებს და გზავნიდა მათ. შედეგად, კლიენტების შეკვეთებით თავის ბიზნესი უზრუნველყო. 1986 წელს, 21 წლის დელის შემოსავალმა $34 მილიონი შეადგინა. 1988 წლის ივნისში, 23 წლისამ, მან თავისი კომპანია საჯარო ბაზარზე გაიტანა და 30 მილიონი დოლარის აქციების გაყიდვით მულტიმილიონერი გახდა.
ის ტექნოლოგიების ვუნდერკინდად აკურთხეს, რითაც შეუერთდა სტივ ჯობსისა და ბილ გეიტსის მსგავსთა ჯგუფს 30 წლამდელთა თავდაპირველ კლუბში, როდესაც მათ ერთობლივად დაიკავეს კომპიუტერული ინდუსტრიის მეინსტრიმი. 1991 წლისთვის, 26 წლის დელი, Forbes-ის 400 უმდიდრეს ამერიკელთა შორის, $300-მილიონიანი ქონებით მოხვდა. მყიდველებს მოსწონდათ Dell-ის პერსონალიზაცია, მომსახურება და დაბალი ფასები. 2000 წელს, გაყიდვების უსწრაფესი ზრდის ათწლეულის შემდეგ, ის მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების უმსხვილესი გამყიდველი გახდა და დელის წილმა საფუძველი ჩაუყარა $1-მილიარდიან ქონებას.
შემდეგ იმპერიას ბზარი გაუჩნდა, ნაწილობრივ კომპიუტერის მოგების მარჟების ფსკერზე გაჩენილი კონკურენციის გამო, რომელიც თავად Dell-მა წამოიწყო. 2004 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ, ის ფინანსური კრიზისის წინ დაბრუნდა აწეწილ კომპანიაში, რომელიც ბუღალტრული სკანდალით დაზარალდა და ჩამორჩებოდა ისეთ მნიშვნელოვან ტენდენციებს, როგორიცაა ლეპტოპები. iPhone-ის, iPad-ისა და დაბალი მარჟის მქონე Chromebook-ების გამოჩენამ კიდევ უფრო არია მისი პერსპექტივები, ხოლო ბაზარმა მისი სერვერებისა და შენახვის ბიზნესი მოძველებულად ჩათვალა. ამის საპასუხოდ, Dell-მა უშედეგოდ გაიფართხალა და შესყიდვებზე 14 მილიარდი დოლარი დაკარგა.
2012 წლისთვის კომპიუტერების გაყიდვები მცირდებოდა, ხოლო ღრუბლოვანი გამოთვლები იზრდებოდა. მის კომპანიას სულ უფრო და უფრო მიაკუთვნებდნენ Nokia-ს მსგავს კორპორაციული დინოზავრების ჯგუფს. მას სჭირდებოდა ფორმულის შეცვლა. დელმა დასახა გეგმა ახალი ფუნქციებით თავისი კომპანიის ხელახლა ასაწყობად – ადრეული Dell PC-ის მსგავსად – იმისთვის, რომ ხელახლა გაეხადა იგი ღირებული. „ეს იყო შესაძლებლობა, – იხსენებს ის. – ლიმონისგან შეგვეძლო ცოტაოდენი ლიმონათის გაკეთება“.
ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ის მილიარდობით დოლარს აგროვებდა საოჯახო ოფისში, MSD Capital-ში, რომელიც დიდ ინვესტიციებს ახორციელებდა კერძო კაპიტალის შესყიდვების მტაცებლურ სამყაროში. მისი ერთ-ერთი პირველი ინვესტიცია Silver Lake-ის ფონდში განხორციელდა. 2012 წლისთვის ამ ფირმის პარტნიორობა გარდამავალ ეტაპზე იმყოფებოდა და მის ამბიციურ ახალგაზრდა გამყიდველს, იგონ დარბენს დიდი ინვესტიციების განხორციელება სურდა. დარბენმა დელს იმავე წელს ასპენში, კოლორადოში გამართულ კონფერენციაზე მიაგნო და სთხოვა შეხვედრა, რისთვისაც ჰავაიში არსებული მათი სახლები საერთო ბაზად გამოიყენა.
დელი დათანხმდა სასეირნო შეხვედრაზე – ეს ხალხთან გასაუბრების მისი ერთ-ერთი სასურველი გზაა – კონაში, ჰავაიზე. დარბენი გეგმავდა Dell-ის მცირე აქტივების შესახებ ინფორმაციის მიღებას, მაგრამ სეირნობის დაწყებიდან სამიოდე წუთში ის ყველა ფსონს ჩამოვიდა. „უბრალოდ მარტომ უნდა გააგრძელო, – თქვა მან. – რეალობა ისაა, რომ შენ არც კი გჭირდება ჩვენი ფული, რადგან ასე დაუფასებელი ხარ“. დესერტად დარბენმადაამატა: „სხვაობა შენსა და ბილ გეიტსს შორის ისაა, რომ შენ შენი სახელი ყუთზე დააწერე“.
შეთავაზებამ იმუშავა. მეგობართან, ჯორჯ რობერტსთან KKR-ში ზარის შემდეგ დელმა გადაწყვიტა, რომ ეს შესაძლებელი იყო და გააფრთხილა მისი საბჭო კრედიტის დახმარებით კორპორაციის საკონტროლო პაკეტის პირველი მეგაგამოსყიდვის შესახებ ტექნოლოგიების დარგში, ინდუსტრიაში, რომელიც ცნობილია გამოუყენებელი ნაღდი ფულის გროვაზე ჯდომითა და დაუფიქრებელი ხარჯვით – ზუსტად საპირისპირო იმისა, რასაც ნებისმიერი ასეთი ოპერაცია მოითხოვს.
2013 წლის გამოსყიდვა უოლ-სტრიტის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა იყო. კარლ აიკანი ხელმძღვანელობდა გამჭიანურებელი აქციონერების ხმაურიან ბრიგადას, მაგრამ სინამდვილეში დელსა და დარბენის გარდა არავის სურდა Dell-ის ყიდვა, რითაც ფსონი იმაზე გაკეთდებოდა, რომ პერსონალური კომპიუტერი მკვდარი არ იყო. მათ სჯეროდათ, რომ Dell-ის დაუფასებელ აქტივებში უსაფრთხოების მარჟა არსებობდა.
„რისკებზე წასვლისთვის მზადყოფნის მხრივ მაიკლი განსაკუთრებულია, მაგრამ ისე, რომ მართალი იყო და ყველაფერი ისე გააკეთო, რომ უზრუნველყო წარმატება, – ამბობს დარბენი. – დოლარის კუპიურებით ცეცხლის დანთების საპირისპიროდ“.
გარემოებები იდეალური იყო. „თუ თქვენ გაქვთ დანაზოგის სიჭარბე, კაპიტალი იაფია და ბალანსზე ტონობით ნაღდი ფული გიდევთ, ძნელია კაპიტალი კიდევ უფრო ღირებული გახადოთ,- ამბობს დელი. – თუ განტოლებას შეატრიალებთ, ჩვეულებრივ სიბრძნედ არ ჩაითვლება იმის თქმა, რომ ‘ჰეი, მოდი, ვიქონიოთ ტექნოლოგიური კომპანია დიდი დავალიანებით’. …პროგნოზირებადი ფულადი ნაკადებით, ეს მოგებიანი სტრატეგიაა“.
იგონ დარბენი კერძო თვითმფრინავით სახლში მიფრინავდა ოსტინში მდებარე დელის სასახლეში მაღალი დონის შეხვედრიდან, რომელსაც ადგილობრივებმა „ციხესიმაგრე“ უწოდეს მისი დაცული გარემოს გამო. 2015 წლის დიდი პარასკევი იყო, და გარიგების მონაწილე დუეტი EMC კორპორაციის ტოპ-აღმასრულებლებს ხიბლავდა, იმ იმედით, რომ კომპანიის მასშტაბური გადატრიალებისთვის ნიადაგს შეამზადებდნენ.
„რისკებზე წასვლისთვის მზადყოფნის მხრივ, მაიკლი განსაკუთრებულია, მაგრამ ისე, რომ მართალი იყო და ეს ისე გააკეთო, რომ უზრუნველყო წარმატება, დოლარის კუპიურებით ცეცხლის დანთების საპირისპიროდ.“
EMC, თავისი მნიშვნელოვანი პროგრამული უზრუნველყოფისა და ღრუბლოვანი გამოთვლების შვილობილი კომპანიებითა და მონაცემთა შენახვის წამყვანი ბიზნესით მსოფლიოში, თამაშში კონკურენტი Hewlett-Packard-ის ინტერესის გამო ჩაერთო. დელი წლების განმავლობაში უსაფრდებოდა EMC-ს, როცა თავდაპირველად უშედეგოდ ცდილობდა კომპანიის ყიდვას 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, იმ იმედით, რომ EMC-ის მასშტაბებს, ისევე როგორც პროგრამული უზრუნველყოფისა და ღრუბლოვანი გამოთვლითი აქტივების საგანძურს, თავის IT-განყოფილებებსა და იმპერიას დაუმატებდა. მისი დავარდნილი აქციების ფასი ხელიდან არგასაშვებ შესაძლებლობას წარმოადგენდა.
თვეების განმავლობაში ის და დარბენი EMC-ის აღმასრულებლებს მთელ მსოფლიოში ხვდებოდნენ, მაგრამ შორს იყვნენ გარიგებისგან. ამიტომ Dell-მა გადაწყვიტა EMC-ის აღმასრულებელ დირექტორ ჯო ტუჩისთვის, საბჭოს დირექტორ ბილ გრინისთვის და EMC-ის აღმასრულებელ ჰარი იუსთვის ემასპინძლა. შეხვედრის აუცილებლობას დაემატა ტუჩის მოსალოდნელი პენსიაზე გასვლა და აქტივისტ ინვესტორ Elliott Management-ის ჩართულობა, რომელმაც EMC-ში შთამბეჭდავი პოზიციები მოიპოვა. დელის მიერ პრემიუმ-ფასში შესყიდვა აშკარა გამოსავალი იყო. პრობლემა? დარბენსა და დელს $65 მილიარდის ნაღდი ფულის მოძიება სჭირდებოდათ.
დარბენი და EMC-ის იუ ერთად გაფრინდნენ სილიკონ-ველიში გარიგების განსახილველად. იუმ ამოიღო ხელსახოცი და ხატვა დაიწყო. EMC-ის შიგნით, მის ყველაზე ძვირფას აქტივს ღრუბლოვანი გამოთვლითი ინფრასტრუქტურის გიგანტის, VMware-ის 81%-იანი წილი წარმოადგენდა, დარჩენილი 19%-ით კი ის ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობდა, რაც კომპანიას $35 მილიარდის შეფასებას უზრუნველყოფდა. ჩვეული სიბრძნის მიხედვით, Dell-ს სჭირდებოდა EMC-ის მთლიანად ნაღდი ფულით ყიდვა, მაგრამ იუმ გაამჟღავნა, რომ EMC-მ შეისწავლა VMware წილი „საკონტროლო აქციების“ საჯარო ვაჭრობის საშუალებით. ის მათ მილიარდერ ფინანსურ გენიოს ჯონ მელოუნთან ერთადაც კი ესტუმრა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ეს კონცეფცია სრულად გაიგო. ხელსახოცზე გააფთრებით სხვადასხვა მიმართულებით დახატული ხაზებით იუმ დარბენს აჩვენა, თუ როგორი მანევრი იყო საჭირო Dell-ის ფულადი სახსრების გადაფორმების ხარჯების შესამცირებლად. როდესაც ისინი დაეშვნენ, დარბენმა დელს დაურეკა და უთხრა, რომ მათ გამოსავალი იპოვეს.
სექტემბრის დასაწყისში $60 მილიარდის ღირებულების გარიგება განხორციელდა. დელი და დარბენი ნიუ-იორკში გაფრინდნენ და იურიდიული ფირმა Skadden, Arps-ის დერეფნებში იცდიდნენ სანამ EMC-ის დირექტორთა საბჭოს წევრები ერთმანეთს ხვდებოდნენ. მათთან ერთად იყო მილიარდერი ჯეიმი დაიმონი, ამერიკის უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის აღმასრულებელი დირექტორი. დელს უნდა დაერწმუნებინა EMC-ის სკეპტიკურად განწყობილი საბჭო, რომ მას საკმარისი ენერგია ჰქონდა დარჩენილი $75 მილიარდის წლიური გაყიდვების მქონე გაერთიანებული კომპანიის გასამართად, და რომ მას ჰქონდა ნაღდი ფული.
EMC-ის საბჭოს სხდომის მოწვევის შემდეგ, დელი, დარბენთან და დაიმონთან ერთად, სასაუბროდ მიიწვიეს. თავისი ტეხასური მომხიბვლელობით, დელმა პირობა დადო, რომ შეინარჩუნებდა EMC-ის კულტურას და კომპანიას არ გამოშიგნავდა. EMC-ის საბჭოს ნაწილი კვლავ გარიგების წინააღმდეგი იყო. ერთმა სკეპტიკურად განწყობილმა დირექტორმა დელის დაპირება ეჭვქვეშ დააყენა. ხომ არ წავიდოდა ის დასასვენებლად მთელი თავისი მილიარდებით? დელმა ღიმილით უპასუხა: „ჩემი ტყუპები უკვე კოლეჯში არიან, ასე რომ, სახლში ბევრად ნაკლები საქმე მექნება, – თქვა მან და სიცილი გამოიწვია. – მე თავდაუზოგავად ვიმუშავებ”.
შემდეგ მოვიდა ფულიც. ჰქონდა თუ არა ის დელს? ახლა დაიმონის თამაშის დრო იყო. „მათ ფული აქვთ, – თქვა მან. – ჩვენ მოვაგვარებთ მთელ გარიგებას“.
ერთი თვის შემდეგ შეთანხმებული იქნა უზარმაზარი $67-მილიარდიანი შესყიდვა, რომელიც მოიცავდა Dell-ის $50-მილიარდიანი ვალის მოზიდვას, რასაც EMC-ს საინვესტიციო კლასის კომპანია უსარგებლოთა რიგებში გადაჰყავდა. მათ გამოუშვეს „საკონტროლო აქცია“, რომელიც წარმოადგენს VMware-ის 53%-ს, რამაც $12 მილიარდზე მეტი ნაღდი ფული დაზოგა.
„საღი აზრის მქონე ადამიანი ეჭვქვეშ არ დააყენებს მის თავდადებას ან ბრძოლისა და გამარჯვების უნარს, – ამბობს დაიმონი. -ხანდახან მეცინება საკრედიტო მოდელების მქონე ადამიანებზე. ეს ეხება პარტნიორების ხასიათსაც. [დელი და დარბენი] განსაკუთრებული ბიჭები არიან“.
ხელსახოცების გარიგებამ ფულის დაზოგვაზე უფრო მეტი გააკეთა. VMware იყო ყველაზე ღირებული გირაო, რომლის საპირწონედ JPMorgan-მა და მსოფლიოს 100-ზე მეტი ბანკის სინდიკატმა სესხი გაიღეს. Dell-ის შეძენის შემდეგ წლებში მისი ღირებულება მალე ცაში აიჭრა და $50 მილიარდით გაიზარდა, რაც დელსა და დარბენს მის ბანკომატად გადაქცევაში დაეხმარა.
2018 წელს მათ VMware-სგან გამოიტანეს 9 მილიარდი დოლარი ნაღდი ფული აქციონერების „საკონტროლო აქციებიდან“ აგრესიული გარიგებით გამოსასყიდად, რაც აქციონერებისთვის მათი აქციებისთვის დოლარზე 60 ცენტის გადახდის პირველი მცდელობა იყო. ამან გამოიწვია პროტესტი აქტივისტი ინვესტორებისგან, Elliott Management-ისა და Carl Icahn-ისგან, დელის ძველი პარტნიორისგან, რომელმაც იგი მაკიაველის შეადარა და ეს ნაბიჯი „ტოტალიტარულად“ მიიჩნია. გარიგების პირობებზე ხელახალი მოლაპარაკებისას მხარეები უფრო სამართლიან $14 მილიარდზე, ანუ 80 ცენტი დოლარზე შეთანხმდნენ. მანევრის ფარგლებში დელმა თავისი კომპანია, Dell Technologies-ის სახელით, საჯაროდ გაყიდვაზე გამოიტანა.
მისი ახალი სეხნია თავიდან კარგად არ იყიდებოდა. მისი აქციების ფასი გულისხმობდა, რომ ვალებით დატვირთული Dell-ი, VMware-ში მისი პროცენტის აღრიცხვის შემდეგ ნულზე ნაკლები ღირდა. დელის აზრით, უმარტივესი გზა წინსვლისთვის VMware-ის სრული დამოუკიდებლობა იყო, რაც აქციონერებს მოეწონებოდა და მას ბევრად გაამდიდრებდა. როდესაც ბაზარმა გაითავისა გარიგება, რომელიც ამ შემოდგომაზე უნდა დაიხუროს, Dell-ის აქციების ფასები ავარდა, ღირებულება გაორმაგდა და Dell-ი $20 მილიარდამდე გაიზარდა. გარიგების მიხედვით, გამოსყიდვის დავალიანების დასაფარავად Dell-ი VMware-დან კიდევ 9 მილიარდ დოლარს გამოიტანს, და გადაიხდის მილიარდობით დოლარის სესხებს, რომლებსაც უზრუნველყოფს ყველაფრით, რაც კი გააჩნია.
„უნდა აღინიშნოს, რომ მისი დიდი დამსახურებით, ეს სწორი ნაბიჯი იყო, – ამბობს ჯესი კონი, Dell-ის აქციონერ Elliott Management-ის პარტნიორი. – მან ბლექჯეკის კარგი ხელი გაათამაშა“.
ახლა დელი საკუთარი ბედს თვითონვე განაგებს. კორპორაციის საკონტროლო პაკეტის გამოსყიდვამდე ის თავისი კომპანიის 15,6%-ს, $4 მილიარდზე ნაკლები ღირებულების აქციებს ფლობდა. თავისი ფინანსური ინჟინერიის სასწაულების წყალობით, ის დაეპატრონება Dell-ის 52%-ს და VMware-ის 42%-ს. მისი საკუთრების მთლიანი ღირებულება Dell-ის ფარგლებში $40 მილიარდია.
„წარმოუდგენელია, კომპანიის რამხელა ნაწილს ფლობს მაიკლი ახლა, – მაამებლურად ამბობს მარკ ბენიოფი. – თუ დავფიქრდებით, მსგავსი მასშტაბის სამეწარმეო წარმატების ამბავი ნამდვილად უნიკალურია“.
მაიკლ დელის სასწაულებრივი დაბრუნება ერთ კრიტიკულ ფაქტზე მიუთითებს: გადამწყვეტ მომენტში მან სწორად განჭვრიტა, თუ საით მიემართებოდა ტექნოლოგიური ინდუსტრია.
პერსონალური კომპიუტერი, რომელზეც იზრდება მოთხოვნა დასაქმებულების მიერ პანდემიის დროს სახლის ოფისების შექმნის პირობებში, სიკვდილისგან შორს დგას. გასულ კვარტალში კომპიუტერების გაყიდვები 20%-ით გაიზარდა და 13,3 მილიარდ დოლარს მიაღწია. უფრო მეტიც, საჯარო ღრუბლოვანმა სერვისებმა, როგორიცაა Amazon Web Services-ი და Microsoft-ის Azure-ი, მიუხედავად მთელი წარმატებისა, ვერ დაიპყრეს IT-სამყარო. კორპორაციები დივერსიფიცირებულ მიდგომას ირჩევენ, იყენებენ საჯარო ღრუბლოვან პლატფორმებს, როგორიცაა AWS, მაგრამ კერძო ღრუბლოვან ინფრასტრუქტურასთან ერთად, ასევე ინარჩუნებენ მასიურ შიდა ITინფრასტრუქტურას ღირებული და ძველი მონაცემებისთვის. EMC-ის ყიდვამ Dell-ი აქცია გიგანტად მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურის მომსახურებაში, რაც ტექნიკური სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ბაზარს წარმოადგენს.
დელს ყოველთვის უყვარდა ბიზნესებისთვის აღჭურვილობის მიყიდვა და ურთიერთობის გამოყენებით სერვისების დამატება. ამჟამად მისი კომპანია მსოფლიოში ყველაზე დიდია მონაცემთა შენახვის, სერვერებისა და „ჰიპერშეთავსებული“ ინფრასტრუქტურით. ის ჩრდილოეთ ამერიკაში დესკტოპის კომპიუტერებისა და მონიტორების ყველაზე დიდი გამყიდველია. ახლა მას სურს, გამოიყენოს თავისი პოზიცია კომპანიების IT-მოთხოვნილებების ერთი ქოლგის ქვეშ გასაერთიანებლად.
„თქვენ ჩვენგან უკვე ყიდულობთ თქვენთვის საჭირო ოცი ნივთიდან რვას, – ეუბნება დელი მსხვილ და საშუალო საწარმოებს. – რატომ არ უნდა იყიდოთ ოცივე? და სხვათა შორის, ჩვენ ამას შესაბამისად დაგიფასებთ“.
კიდევ უფრო მიმზიდველია Dell-ის მიერ მისი Apexპროდუქტის ბოლოდროინდელი გამოშვება, რომელიც მონაცემთა და ღრუბლოვანი მენეჯმენტის სააბონენტო სერვისებს კლიენტების მოხმარების საფუძველზე ყიდის. ერთ დროს ერთჯერადი გაყიდვები განმეორებად სერვისებად გადაიქცევა, რომლებიც მოხმარების ზრდასთან ერთად, მეტ შემოსავალს გამოიმუშავებს. 2021 წლის იანვრისთვის წლიური $94 მილიარდის გაყიდვებითა და $13 მილიარდის საოპერაციო ფულადი ნაკადით, დელის პროგნოზით, Apex-ის გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი მომდევნო წლებში გაორმაგდება. მისი ყველაზე დიდი შესაძლებლობა მოდის „ზღვრიდან“, ამბობს ის და გულისხმობს მონაცემთა მართვის კონცეფციას, რომელშიც მონაცემების მართვა მათი გენერირების ადგილთან ახლოს ხდება. მაშინ როცა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა ციფრული ხდება, დელის წინასწარმეტყველებით, ეს „ზღვრული“ საჭიროებები ყოველწლიურად 17%-ით გაიზრდება.
„გარტნერის შეფასებით, ხუთ წელიწადში მონაცემების 75% „ზღვარზე“ იქნება, – ამბობს ის. – თქვენ არ აპირებთ ყველა მონაცემის ღრუბელში გადატანას“. სხვა პოტენციური ზრდის ბაზრები მოიცავს სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობას, როგორიცაა 5G ინფრასტრუქტურა და ვირტუალური დესკტოპები, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიები ჰიბრიდულ პოსტპანდემიურ ანაბეჭდს ქმნიან.
Dell-ი წელს გეგმავს $16 მილიარდის დავალიანების გადახდას საინვესტიციო დონის რეიტინგში მოსახვედრად. ამასთან ერთად, კომპანია შეძლებს ფასიანი ქაღალდის ბაზრებზე დაბრუნებას და თავისი საკრედიტო ნაწილის გაზრდას, რაც მას საშუალებას მისცემს, დააფინანსოს მეტი მომხმარებელი და მოიპოვოს წილი Hewlett Packard Enterprise-ის მსგავსი კონკურენტებისგან. შემდეგ, არის VMware, მაიკლ დელის იმპერიის გვირგვინი. დამოუკიდებლად გახდომისთანავე ის დაელოდება „შრომის დღის“ გასვლას, რათა გამოიყენოს ხუთწლიანი წესი და გათავისუფლდეს გადასახადებისგან – ის განსაზღვრავს თავის კურსს და შესყიდვებს დაგეგმავს.
„უნდა ველოდოთ თუ არა მეგაშეთანხმების ძალიან მალე დადგომას? ალბათ არა“, – ამბობს დელი, თუმცა ამას არც გამორიცხავს.
ქალაქ ოსტინიდან, სადაც ცაში აურაცხელი ამწეა აჭრილი, Dell-ი ტექნიკურ ინდუსტრიაში თავის პოზიციას იბრუნებს. მისი მეუღლე, სუზანი, ამზადებს მისასალმებელ კომპლექტებს დაბალი გადასახადებისა და ცხოვრების მაღალი ხარისხის ძიებაში ოსტინში გამოქცეული სილიკონის ველის აღმასრულებელი დირექტორების არმიისთვის. $1.8-მილიარდიანი ფონდით (დისტრიბუცია: $2.25 მილიარდი), $19 მილიარდის საინვესტიციო ფირმითა და საოჯახო ოფისით, ისინი გახდნენ ახალი ტექნოლოგიური მილიარდერების მრჩევლები, რომლებმაც მღელვარე ბაზრები თავიანთი კომპანიების საჯაროდ გასაყიდად გამოიყენეს.
ფიქრობს თუ არა ის პენსიაზე გასვლის შესახებ, შესაძლოა კურორტზე, რომელიც მას ეკუთვნის ბოკა-რატონში, ფლორიდაში? „მოვიწყენდი და ალბათ დეპრესია შემომიტევდა“, – ამბობს ის. ბეზოსისგან, გეიტსისგან, ელისონისგან, ან სხვა თანატოლებისგან განსხვავებით, რომლებიც მისდევენ ალტრუიზმს, ან ჰედონიზმს, ან კოსმოსში მოგზაურობის ცდუნებას, დელი აპირებს დაიცვას გეგმა A. „მე ჯერ კიდევ გასავლელი მაქვს გრძელი, გრძელი გზა“.
დატოვე კომენტარი