2018 წელს “ქართული ბიუროკრატია” ოთხი სამინისტროთი ნაკლებით შეხვდა, მაგრამ პარლამენტმა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ისე დაამტკიცა, რომ ვერც საკანონმდებლო და ვერც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვერ ასახელებენ ეკონომიას კონკრეტულ რიცხვებში. ამიტომ მთავრობა თავს 2017 წლის 11 თვის ფაქტობრივი მონაცემებით იწონებს და ამბობს, რომ შრომის ანაზღაურების ხარჯები 100 მლნ ლარით შეიმცირეს, ხოლო ადმინისტრაციულ შესყიდვებში 40 მლნ ლარი დაზოგეს.
14 მინისტრი 18-ის ნაცვლად – ძველი და ახალი გვარები სხვადასხვა სამინისტროს პირველ პირებად – ასე გამოიყურება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ნოემბრის შუა რიცხვებში “ცვლილებების ახალი ტალღის” სახელით გაცხადებული სტრუქტურული რეფორმის პირველადი შედეგი, რომელსაც, მთავრობის მეთაურის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, “ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალური შემცირებისთვის” უნდა შეეწყო ხელი; თუმცა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ოპტიმიზაციის შედეგი ძალზე “ღარიბულად” გამოიყურება, რადგან, მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, სამინისტროების გაერთიანებით უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის უცვლელი რჩება – საქმე ის გახლავთ, რომ სამინისტროების გაუქმება-შერწყმის შედეგად, ახალ უწყებებში ჯამში, ექვსი ადამიანით ნაკლები გააგრძელებს მუშაობას.
რომელ უწყებას “მორჩა” ექვსი თანამშრომელი, ამის გასარკვევად Forbes Georgia-მ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მეორე და მესამე, საბოლოო ვარიანტები ერთმანეთს შეადარა.
როგორც ცნობილია, ცვლილებების ტალღამ ორ ნაწილად დაშალა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროც, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე ვარიანტის მიხედვით, დასაქმებულია 346 ადამიანი, ხოლო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში – 6 ,62. რეფორმის შემდეგ სპორტის სამინისტრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეუერთდა და შედეგად, გამსხვილებულ სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნობა 7,044 გახდა ანუ 64 ადამიანით ნაკლები, თუმცა აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეერწყა და განათლების სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობაც სწორედ 64 კაცით გაიზარდა. კერძოდ, თუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასაქმებულთა რიცხვი არის 1366, რეფორმის შედეგად აღნიშნულ უწყებაში თანამშრომელთა რაოდენობა 1430-მდე ავიდა, ანუ სწორედ 64 ადამიანით მეტი.
“ცვლილებების ახალ ტალღაში” მოჰყვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “შეისრუტა”. ამ უკანასკნელში, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, 775 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სახელმწიფო მინისტრის აპარატში – 60. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად კი ორი უწყების თანამშრომელთა რიცხვი 835-მდე გაიზარდა ანუ ორი სამინისტროს გაერთიანებით თანამშრომელთა რაოდენობის შერწყმაც ხდება და არც ერთ საჯარო მოსამსახურეს შემცირება არ ეხება.
სტრუქტურული რეფორმების შედეგად ორად გაიყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულება გადაეცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ხოლო გარემოს დაცვის ნაწილი – სოფლის მეურნეობის სამინისტროს. პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის თავდაპირველი ვარიანტით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შერწყმული გარემოს დაცვის სამინისტროს სახელწოდება “გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო” უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოო ვარიანტი ასე ჩამოყალიბდა – “გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო”.
მართალია, ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის ცოტა უჩვეულოა, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აპლოდისმენტით არ შეხვედრია. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შერწყმის შედეგად გარემო დარჩეს პრიორიტეტულ მიმართულებად”, – აცხადებდა კახა კუჭავა; მან ამ მიმართულებით მთავრობისგან გარკვეული გარანტიებიც მიიღო. თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის ინტერესების დაცვას ცდილობდა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიაც. “პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს დასახელებაში პირველი იყოს “სოფლის მეურნეობა” და შემდეგ “გარემოს დაცვა”, – აცხადებდა ის, მაგრამ “ბრძოლა” კახა კუჭავამ მოიგო. გამსხვილებული სამინისტროს ოფიციალურ სახელწოდებად “გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო” შეირჩა.
რაც შეეხება ოპტიმიზაციას კონკრეტულ რიცხვებში – 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე ვარიანტის მიხედვით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნობა 2,203 ადამიანს შეადგენდა, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროში – 1,377-ს. ცვლილებების შედეგად კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროში დასაქმებულთა რაოდენობა 3,568 გახდა ანუ გაერთიანებულ სამინისტროში მხოლოდ 12 ადამიანით ნაკლები იმუშავებს, თუმცა აღნიშნული 12 პირიდან ექვსი მუშაობას განაგრძობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელსაც დაემატა ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებიც, სადაც 135 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროში – 788 ადამიანი. ამდენად, სტრუქტურული რეფორმის შედეგად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნობა გახდა 929 ანუ ორი უწყების გაერთიანებული თანამშრომლები – ჯამში, 923 კაცი და ის ექვსი პირი, რომლებიც გარემოს დაცვის უწყებიდან ეკონომიკის სამინისტროში გადაინაცვლებენ. დანარჩენი ექვსი პირი კი “არსად ჩანს”, ამიტომ ბიუჯეტის პროექტზე დაყრდნობით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ სწორედ ესაა ოპტიმიზაციის შედეგი, თუმცა ასე დათვლას “არ აღიარებენ” მთავრობაში, სადაც ამტკიცებენ, რომ ოპტიმიზაციის რეალური შედეგი 2018 წლის პირველი კვარტალის ბოლოს გამოჩნდება.
“ხდება სამინისტროების მექანიკური გაერთიანება. ჩვენ გვაქვს სამი თვე იმისთვის, რომ დავასრულოთ გაერთიანება სრულად და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გამჭვირვალედ წარმოვადგენთ ყველა იმ ხარჯს და გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამ პროცესში იქნება მიღებული”, – აცხადებს პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
მსგავსი პასუხი აქვთ ფინანსთა სამინისტროშიც. “ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების მოცულობა რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ დაზუსტდება, როცა ზუსტად დაითვლება, რა თანხის ეკონომია მოხდა აღნიშნული სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ”, – ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.
აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხები მისაღებია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარისთვის. ირაკლი კოვზანაძე ფიქრობს, რომ რიგი სამინისტროების გაუქმება-შერწყმის გადაწყვეტილებით, მთავრობამ დააფიქსირა, რომ მისი ვექტორი “მცირე მთავრობისკენ” სვლაა.
“შემდეგი ეტაპი კი იქნება უშუალოდ ოპტიმიზაციის პროცესი – ყველა მინისტრი დაინახავს, რომელი დეპარტამენტია საჭირო, სად უნდა მოხდეს გამსხვილება, სადაა ოპტიმიზაციის საშუალება და ა.შ. ჩვენ კი შედეგებს 90 დღის შემდეგ შევაფასებთ, როცა პარლამენტი ფინანსთა სამინისტროსგან 2018 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიშს მოისმენს”, – აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.
საპარლამენტო უმრავლესობისგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან კონკრეტიკას ითხოვს საპარლამენტო ოპოზიცია. უფრო მეტიც, პარტია “ევროპულ საქართველოს” მიაჩნია, რომ სტრუქტურული რეფორმები დაგვიანებულია და თან – არასრული და გაუაზრებელი. “მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია უნდა განხორციელდეს იმ მიზნით, რომ ბიუროკრატიული ხარჯი დაიზოგოს და ეს დანაზოგი, ერთი მხრივ, მოხმარდეს ასაკობრივი პენსიის, დევნილთა შემწეობისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ზრდას, მეორე მხრივ კი – გადასახადების დაწევას. 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, პირიქით, სტრუქტურული გაერთიანებების შედეგად ხარჯები 55 მილიონით არის გაზრდილი, ამავდროულად, ზრდა არ ეხება ასაკობრივი პენსიის, შშმ პირების დახმარებისა და დევნილების შემწეობის ზრდას. ფაქტია, ხელისუფლებას ბიუროკრატიის რეალური შემცირების პოლიტიკური ნება არ გააჩნია, რადგან ბიუროკრატიის განაწყენება მისთვის საარჩევნოდ რისკებს გაზრდის”, – აცხადებს Forbes Georgia-თან ზურაბ ჭიაბერაშვილი.
სამინისტროების რაოდენობის შემცირება მოსწონს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, რომან გოცირიძეს, მაგრამ მიაჩნია, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისა და მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების გარეშე, უწყებების მექანიკურ შემცირებას აზრი არა აქვს. “პირიქით, შეიძლება უარესიც კი აღმოჩნდეს, როცა სამინისტრო მძიმდება და ერთი ქოლგის ქვეშ ბევრი სხვადასხვა უწყება იყრის თავს”, – ამბობს გოცირიძე და გასაუქმებელი სამინისტროების რიცხვში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებსაც მოიაზრებს.
მთავრობის მისამართით ოპოზიციის შენიშვნებს ნაწილობრივ იზიარებს ეკონომისტი გიორგი პაპავა. მისი აზრით, კარგი იქნებოდა, მთავრობას საკადრო და ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნობრივი ნიშნულები გაეცხადებინა, რაც საზოგადოებას რეფორმის მასშტაბებზე წარმოდგენას შეუქმნიდა. ამიტომ ფიქრობს, რომ რეორგანიზაცია მაქსიმალურად დროულად უნდა განხორციელდეს.
“შეგვიძლია, ვუსაყვედუროთ მთავრობას, ეს ცვლილებები რატომ არ განახორციელა უფრო მომზადებულად, მაგრამ ვფიქრობ, პროცესი, თუნდაც სპონტანურად ნამდვილად დასაწყები იყო და ასე უმჯობესია, ვიდრე მისი გადადება მანამდე, სანამ მთავრობა თავისი გადასახედიდან იდეალურ სტრუქტურას არ მოიფიქრებდა”, – ამბობს პაპავა Forbes Georgia-სთან და ამ ეტაპზე ხელისუფლებას იმასაც აპატიებს, რომ 2018 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ნაწილში ეკონომია არ ჩანს.
უფრო მეტიც, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურებისთვის 1,413,619.1 ათასი ლარია განსაზღვრული, მაშინ როცა წელს 1,393,505.1 ათასი იყო გამოყოფილი.
დატოვე კომენტარი