რუსული ძალები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თანამგზავრული ინტერნეტისთვის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ წარმოებულ Starlink-ის ტერმინალებს იყენებს. ინფორმაციას უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე, Starlink-ის ტერმინალები ომში მყოფი ქვეყნის დასახმარებლად გაიგზავნა. Starlink-ის განცხადებით, მათ არანაირი კავშირი არა აქვთ არც რუსეთის მთავრობასთან და არც სამხედროებთან. თუმცა უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს სპიკერ ანდრიი იუსოვის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მხრიდან მოწყობილობის გამოყენების შემთხვევები სისტემურ ხასიათს იღებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ტერმინალებს იყენებდნენ ისეთი ქვედანაყოფები, როგორიცაა, მაგალითად რუსეთის 83-ე საჰაერო შეტევის ბრიგადა. მათ მიერ Starlink-ის მოწყობილობები გამოიყენებოდა დონეცკის ნაწილობრივ ოკუპირებულ აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქების, კლიშჩიივკისა და ანდრიივკის მახლობლად.
ცნობისთვის, ეს პირველი ოფიციალური განცხადებაა, რომელიც უკრაინის მხრიდან რუსეთის მიერ Starlink-ის სავარაუდო გამოყენების შესახებ გავრცელდა.
თავის მხრივ კი შაბათს პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კომპანიის მილიარდერმა მფლობელმა განაცხადა, რომ, მათი ინფორმაციით, Starlinks-ის არცერთი ტერმინალი, პირდაპირ თუ ირიბად, რუსეთში არასდროს გაყიდულა. მასკის მტკიცებით, ტერმინალები რუსეთში აქტიური არაა და SpaceX-ს ქვეყანაში აღჭურვილობაც არასდროს გაუგზავნია. კომპანიის განცხადებით, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ტერმინალების დეაქტივაციისთვის შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, მათ დააფიქსირეს ორი ჯარისკაცი, რომლებიც ტერმინალების გამართვის სავარაუდო ლოკაციაზე მსჯელობდა. თუმცა სამმართველოს არ განუმარტავს, თუ როგორ შეიძლება მიეღო რუსულ ძალებს წვდომა ტერმინალებზე – უცხოეთიდან შესყიდვის თუ ბრძოლის ველიდან მოპოვების გზით.