უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევას იწყებს - The Washington Post

უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევას იწყებს - The Washington Post

უკრაინულმა არმიამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ფრონტზე შეტევები გააძლიერა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ოთხი პირი იუწყება, რომლებიც, The Washington Post-ის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობენ. როგორც გამოცემა წერს, ეს პირები არ იყვნენ უფლებამოსილნი ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები საჯაროდ განეხილათ.

თავდასხმები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიანიშნებს უკრაინელების შეტევის გაძლიერებაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ამის პარალელურად, რუსი სამხედრო ბლოგერები იტყობინებიან მძიმე ბრძოლების შესახებ ზაპოროჟიის რეგიონში. ეს არის ფრონტის ხაზის ნაწილი, რომელიც დიდი ხანია განიხილებოდა, როგორც უკრაინელთა ახალი კამპანიის სავარაუდო სამიზნე.

ზაპოროჟიის მინდვრების სამხრეთით გაჭრით, უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს სახმელეთო დერეფნის დაბლოკვა შეუძლიათ, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთანაა დაკავშირებული. სწორედ აქ გადის რუსეთის მიწოდების ხაზები. უკრაინელებს ასევე შეუძლიათ ქალაქი მელიტოპოლი გაათავისუფლონ, რომელიც რუსეთმა რეგიონის ოკუპირებულ დედაქალაქად გამოაცხადა; გარდა ამისა, დაიბრუნონ ენერჰოდარი, სადაც ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.

ხაზგასასმელია, რომ კონტრშეტევაზე გადასული უკრაინის ჯარების შემადგენლობაში შედიან სპეციალიზებული ქვედანაყოფები, რომლებიც დასავლური იარაღით არიან აღჭურვილნი, ასევე ნატოს ტაქტიკური წვრთნები აქვთ გავლილი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ხერსონის სამხრეთ რეგიონს ეწვია, დაათვალიერა კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად გამოწვეული კატასტროფით დაზარალებული რაიონები და ევაკუირებულ მოსახლეობას გაესაუბრა.