გასულ კვირაში უკრაინის პარლამენტმა უკრაინასა და თურქეთს შორის გაფორმებული სამხედრო შეთანხმების დამტკიცების შესახებ კანონპროექტი მიიღო. შეთანხმებას ხელი 2020 წლის 16 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თურქეთში ვიზიტისას მოეწერა. ამჯერად კი ეს ყველაფერი უკრაინის პარლამენტმა ოფიციალურად დააკანონა. შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობისათვის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნასაც ითვალისწინებდა.
მხარეების განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიას წარმოადგენს.
გარდა აღნიშნული შეთანხმებისა, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თურქულ მხარესთან კიდევ რამდენიმე ხელშეკრულება დადო საზღვაო სამხედრო საშუალებებისა და უპილოტო საბრძოლო საჰაერო ხომალდების წარმოებისა და ტექნოლოგიების გაცვლის შესახებ.
უკრაინისა და თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას სხვადასხვა სახის ორმხრივი სარგებელი მოაქვს. ამ ფონზე კი ორ ქვეყანას შორის თავდაცვითი თანამშრომლობა ბოლო დროს განსაკუთრებით გაძლიერდა.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთევროპულმა სახელმწიფომ გასულ პერიოდში თურქეთისაგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უპილოტო თავდასხმითი საჰაერო საშუალება, Bayraktar-ის ტიპის დრონები შეიძინა. აღნიშნულ შეიარაღებას უკრაინული მხარე საკმაოდ აქტიურად იყენებს ანექსირებული ტერიტორიების, ყირიმისა და დონეცკის ოლქებში სადაზვერვო საქმიანობის განსახორციელებლად და თავდაცვითი მიზნებისათვის.
მხარეებს შორის დადებული სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება, გარდა უპილოტო საფრენი აპარატებისა, ითვალისწინებს უკრაინისათვის სამი სახმელეთო კონტროლის სადგურის გადაცემასაც. საუბარია ასევე სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობის მიწოდებაზეც.
დატოვე კომენტარი