უკრაინას „მარშალის მწვანე გეგმის“ პირველი ეტაპის დასაფინანსებლად, რომელიც მისი ეკონომიკის აღდგენას ითვალისწინებს, 40 მილიარდი აშშ დოლარის მოძიება სურს. ამის შესახებ Reuters-ს უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანმა განუცხადა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოთხშაბათს, ლონდონში შეხვედრებია ჩანიშნული, რომლის ფარგლებში პოლიტიკოსები და ფინანსისტები უკრაინის მოკლევადიანი დაფინანსების საკითხებს განიხილავენ, ასევე მისი რეკონსტრუქციისთვის გრძელვადიანი დახმარების ძალისხმევაზე იმსჯელებენ.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, უკრაინის რეკონსტრუქცია 411 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება, რაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს სამჯერ აღემატება. 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აგრესიის ქვეშ მოქცეული ქვეყნის მხარდამჭერებმა მას სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად 59 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსება გადასცეს.
რეკონსტრუქციის საწყისი ეტაპისთვის 40 მილიარდი აშშ დოლარის მოძიების შემდეგ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, როსტისლავ შურმას თქმით, აქცენტი რკინისა და ფოლადის ინდუსტრიის აღდგენაზე გაკეთდება.
აღნიშნულმა სექტორმა 2021 წელს უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10% შეადგინა, რაც საექსპორტო შემოსავლების მესამედს მოიცავს. ცნობისთვის, სექტორში დაახლოებით 600,000 ადამიანი იყო დასაქმებული. ის ასევე შეადგენდა ქვეყნის ნახშირბადის ემისიების 15%-ს, რასთან დაკავშირებითაც შურმამ განაცხადა, რომ ახლა არის შესაძლებლობა ინდუსტრია განახლებად ენერგიაზე დააფუძნონ.