უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ რუსეთიდან ჩინეთსა და ინდოეთში წიაღისეული საწვავის ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, მიუხედავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და იაპონიაში შემცირებული მიწოდებისა, რუსეთი წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს საომარი მოქმედებების დასაფინანსებლად კვლავ იყენებს.
ენერგეტიკისა და ჰაერის სისუფთავის კვლევის ცენტრის ანალიზის თანახმად, ივლის-აგვისტოში, თებერვალსა და მარტთან შედარებით, ჩინეთში რუსეთიდან ენერგეტიკული ექსპორტის ღირებულება 30 მილიონი ევროთი (17%-ით) გაიზარდა. ქვანახშირის ექსპორტსა და ნავთობის მიწოდებაში, შესაბამისად 58%-იანი და 16%-იანი მატება დაფიქსირდა.
ამავე პერიოდში ინდოეთში ექსპორტი 5.7-ჯერ, შესაბამისად €40 მილიონით გაიზარდა, რაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ ინდოეთის სავაჭრო სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, რუსეთი ქვეყნისთვის ნედლი ნავთობის სიდიდით მეორე მიმწოდებელი იყო, მაშინ როდესაც 2021 წელს მხოლოდ მე-10 ადგილს იკავებდა.
ამის პარალელურად კი, თებერვალ-მარტის პერიოდიდან, ივლისსა და აგვისტოში, 18%-ით შემცირდა რუსული ნავთობის, ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის მთლიანი ყოველდღიური ექსპორტი. ყველაზე დიდი კლება მილსადენით მიწოდებული ბუნებრივი აირის (56%) შემთხვევაში დაფიქსირდა, რომელსაც ნავთობპროდუქტებისა (34%) და ქვანახშირის (29%) ექსპორტის შემცირება მოსდევს.
ენერგეტიკა რუსეთისთვის წამყვანი ინდუსტრიაა, ნავთობი და ბუნებრივი აირი ქვეყნის სახელმწიფო შემოსავლის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და იაპონიამ რუსეთს რიგი სანქციები დაუწესეს უკრაინაში საომარი ქმედებების დასაფინანსებლად საჭირო თანხების შესაზღუდად. შედეგად, რუსეთიდან წიაღისეული საწვავის ექსპორტი ევროკავშირში 35%-ით, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში 90%-ით, ხოლო იაპონიაში 70%-ით შემცირდა.
დატოვე კომენტარი