უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კანონპროექტის სამუშაო ვერსიის თანახმად, ხელისუფლება ჯარში გაწვევის სამობილიზაციო ასაკის 27 წლიდან 25-მდე შემცირებას განიხილავს. უკრაინის მთავრობას ამ გადაწყვეტილების მიღება საომარი მდგომარეობის 2 წლამდე გაგრძელებამ უბიძგა.
ახალი კანონპროექტის პირველადი ვერსია ზუსტად განმარტავს იმ მოქალაქეთა სიას, რომელთაც სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულება ექნება. ახალი ჩანაწერი კი აზუსტებს, რომ ამ მოქალაქეთა შორის ისინიც მოხვდებიან, რომელთაც 25 წლამდე ასაკს უკვე მიაღწიეს.
19 დეკემბერს საჯარო გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მთავრობა პარლამენტისათვის მოთხოვნის გაგზავნამდე საკითხს უფრო სიღრმისეულად შეისწავლის. ცნობისათვის, უკრაინის გენერალური შტაბი მთავრობას დამატებით 450,000-500,000 რეზერვისტის მობილიზაციას ურჩევს, თუმცა ზელენსკი, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. მისი განმარტებით, გენშტაბისაგან მობილიზაციის შესახებ უფრო მეტი არგუმენტი უნდა მოისმინოს, რადგან შემოთავაზებული რიცხვი საკმაოდ მაღალია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსონალის ზუსტი რაოდენობა უცნობია. უკანასკნელი ცნობებით, ის 1 მილიონის ფარგლებში მერყეობს, თუმცა დასავლური სამთავრობო წყაროების ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში ასიათასობით უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა ან დაიჭრა.