ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთი უკრაინის ინტერნეტსა და საკომუნიკაციო სერვისებზე კიბერშეტევაში დაადანაშაულა. ბრალდების თანახმად, რუსეთმა კიბერშეტევა 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის დილას განახორციელა.
ბრიტანულ და ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით, აშშ-ის, EU-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ ცალ-ცალკე გაკეთებული განცხადებებით ირკვევა, რომ რუსეთის მთავრობის მხრიდან ჰაკერული თავდასხმა Viasat-ის KA-SAT-ის სატელიტურ ინტერნეტსა და საკომუნიკაციო სერვისზე განხორციელდა. NPR-ის რეპორტიორ ტერი შულცის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა კიბერშეტევაში სამთავრობო აქტორი ღიად დაადანაშაულა.
აშშ-ში დაფუძნებული გლობალური საკომუნიკაციო კომპანია Viasat-ის ინფორმაციით, თავდასხმა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე 1 საათით ადრე მოხდა, რის შედეგადაც შეფერხდა უკრაინის სამხედრო კომუნიკაციები და ათასობით სატელიტური მოდემი კავშირიდან გაითიშა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, Viasat-ზე ჰაკერული შეტევა რუსული გეგმის ნაწილია, რომელიც ომის დროს უკრაინის ინფრასტრუქტურის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.
Microsoft-ის მონაცემებით, რუსი სახელმწიფო აქტორებისგან უკრაინის წინააღმდეგ 237 კიბერინციდენტი დაფიქსირდა. გარდა ამისა, გასული წლის ოქტომბერში, კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადებით, სახელმწიფოების მიერ დაფინანსებულ კიბერშეტევებში რუსეთის წილი 58%-ს უტოლდებოდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობასთან დაახლოებული ჰაკერული ჯგუფები უკრაინაში გასულ წლებში განხორციელებულ კიბერშეტევებშიც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ. მათ შორის რუსულ ჰაკერულ ჯგუფებს უკავშირებენ 2015-2016 წლებში უკრაინის ელექტროქსელზე კიბერშეტევებს.
დატოვე კომენტარი