ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული ნავთობის ექსპორტის მაჩვენებელი მაქსიმუმზეა. აპრილში რუსული ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1.7 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ჯამში 15 მილიარდი შეადგინა.
საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, გასულ თვეს რუსული ნავთობის ექსპორტი დღეში 50,000 ბარელით გაიზარდა და 8.3 მილიონი ბარელი შეადგინა. საინტერესოა, რომ ექსპორტი დასავლური სახელმწიფოების მიერ დაწესებული არაერთი შეზღუდვისა და სანქციის მიუხედავად გაიზარდა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოცემულ ნავთობის ბაზრის ყოველთვიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ნავთობის ექსპორტის მოცულობა დაკარგული შემოსავლების ასანაზღაურებლად შესაძლოა კიდევ გაზარდოს.
შეგახსენებთ, რომ G7-ის წევრმა სახელმწიფოებმა და ავსტრალიამ რუსულ ნავთობპროდუქტებსა და ნედლ ნავთობზე უკრაინაში ომის დაფინანსების ძირითადი წყაროს შესაზღუდად ევროკავშირთან კოორდინაციით ფასების ლიმიტი დააწესეს. გარდა ამისა, ევროკავშირმა რუსული ნავთობის ექსპორტს ემბარგოც დაადო.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტის 80% ჩინეთსა და ინდოეთზე მოდის.