2020 წელს ჩერნობილში გაჩენილი ხანძრის დროს, განგაშის ზარი მხოლოდ მას შემდეგ შემოკრეს, რაც კერებმა კიევის მისადგომებთან გადაინაცვლა და ცაში ძლიერი დაკვამლიანება შეიმჩნეოდა. უკრაინის სახელმწიფო კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელის, ვოლოდიმიტ ტაფტაის მოსაზრებით, უკრაინა უფრო სწრაფ რეაგირებას მოახდენდა, თუკი ექნებოდა სატელიტები, რომლებიც პირველი კერების არეალს მალე შეამჩნევდნენ. თუმცა, უკრაინას საკუთარი კოსმოსური სატელიტები არ გააჩნია. სანაცვლოდ, ის იხდის ათასობით დოლარს ჩინური, ევროპული და ამერიკული სატელიტების მიერ შეგროვებულ ინფორმაციაში. სატელიტების საჭიროება კი განსაკუთრებით მაშინ ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც საქმე ისეთ სენსიტიურ ინფორმაციას ეხება, როგორიც აღმოსავლეთ დონბასში, საომარ ზონაში სამხედროების განლაგებაა.
გარდა ამისა, უკრაინის მასიური ხომალდების მწარმოებელი ქარხნები მოძველებული და არამომგებიანია. სწორედ ამიტომ, უკრაინის კოსმოსურმა სააგენტომ გადაწყვიტა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა დახარჯოს კერძო ინვესტიციების მოსაზიდად. ვოლოდიმიტ ტაფტაის განცხადებით, ამჟამად უკრაინაში 10 კერძო კოსმოსური კომპანიაა, თუმცა ისინი ისეთი ეფექტიანები არ არიან, როგორი მოლოდინიც მათდამი იყო. ამ ყველაფერს, კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი ბაზარზე დაბალი მოთხოვნით ხსნის. კერძო კოსმოსური ინდუსტრიის წარმატების მაგალითად უკრაინაში SpaceX-ი, Blue Origin-ი და Virgin Atlantic-ის მიერ განხორციელებული გაფრენები მოჰყავთ.
უკრაინის მთავრობა გეგმავს არამომგებიანი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კოსმოსური კომპანიები ნაწილობრივ კერძო ბიზნესებად აქციოს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამგვარი კომპანიების წილების პრივატიზება მოხდება, რაც მათ სიცოცხლისუნარიანობასა და ეფექტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ამ ხერხით კი გაიზრდება კერძო ინვესტიციების რაოდენობაც, რაც უკრაინის კოსმოსურ ინდუსტრიას გამოაცოცხლებს.
დატოვე კომენტარი