უკრაინის ხელისუფლებამ რუსული ბანკების $875-მილიონიანი აქტივების ნაციონალიზაციას დაუჭირა მხარი, თუმცა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მას უკრაინის უშიშროების საბჭო უნდა დაეთანხმოს და პრეზიდენტ ზელენსკიმ შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწეროს, – ამის შესახებ უკრაინის დეპოზიტართა ფონდის ხელმძღვანელმა, სვეტლანა რეკრუტმა განაცხადა.
როგორც ირკვევა, პოტენციური ნაციონალიზაცია ეხება, როგორც „სბერბანკის“ შვილობილ МР Банк-ის, ასევე „პრომინვესტბანკის“ მაღალლიკვიდურ აქტივებს, მათ შორის უკრაინის ეროვნული ბანკის საანაბრე და საკორესპონდენტო ბანკების ანგარიშებზე არსებულ თანხებს, სახელმწიფო კომპანიების სესხებს და ამ ბანკების მფლობელი კომპანიების ვალდებულებებს. ამასთანავე, ჩამოიწერება ყველა ვალდებულება, რომელიც უკრაინის ფინანსთა სამინისტროს და ეროვნულ ბანკს რუსული ბანკების მიმართ აქვთ.
„[МР Банк-ის] პორტფელის მოცულობა დაახლოებით 20 მილიარდ ჰრივნას შეადგენს, მაგრამ ბანკი სხვა აქტივებსაც ფლობს, მათ შორის უძრავ ქონებას“, – ამბობს სვეტლანა რეკრუტი. „ეს თანხა საკმარისზე მეტია არადაკავშირებული კრედიტორების ვალდებულებების დასაფარად. ამასთანავე, იმედი გვაქვს, რომ ზედნადები აქტივები დაგვრჩება, რომელთაც სახელმწიფოს დავუბრუნებთ“.
დატოვე კომენტარი