მიწოდების ჯაჭვის „ქაოსურობისა“ და ხარჯების ზრდის ფონზე, მთავარ გლობალურ ბაზარზე ქარისა და მზის ენერგიის ფასები წელიწადში თითქმის 30%-ით გაიზარდა. გლობალურ ბაზარზე მსგავსი ტიპის შეფერხებები კოვიდ-19-ის პერიოდში საგრძნობლად გახშირდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ კი სიტუაცია გაუარესდა.
LevelTen Energy-ის კვარტალური ინდექსის თანახმად, გასულ წელს განახლებადი ენერგიის ხელშეკრულების ფასები ჩრდილოეთ ამერიკაში – 28.5%-ით, ხოლო ევროპაში 27.5%-ითაა მომატებული. მაშინ, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, კლიმატური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, მსოფლიოს სუფთა ენერგიაზე სწრაფი გადასვლისკენ მოუწოდებს, გაზრდილი ხარჯები შესაძლოა, განახლებად ენერგიაზე მოთხოვნის შემცირების მიზეზი გახდეს.
აღსანიშნავია, რომ ევროპამ, უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება გადაწყვიტა, რაც განახლებადი ენერგიის ზრდის მიზეზიც გახდა. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მყიდველებს განახლებადი ენერგიის შესყიდვისკენ უბიძგებს, წიაღისეული საწვავის მზარდი ღირებულებაა. სავარაუდოა, რომ ევროპაში განახლებად ენერგიაზე მაღალი ფასები და კონტინენტის ამბიციური კლიმატური პოლიტიკა მწვანე წყალბადისა და ბიოსაწვავის მსგავსი ძვირად ღირებული ტექნოლოგიების მიმზიდველობას გაზრდის.
LevelTen-ის ინფორმაციით, ფასების ზრდის მიუხედავად, განახლებად ენერგიაზე მოთხოვნა არ შემცირებულა. კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევაში, გამოკითხულთა 75%-მა განაცხადა, რომ მათი კლიენტების უმრავლესობამ განახლებადი ენერგიის შესყიდვის გეგმები შეინარჩუნა, ან უფრო მეტიც, გაზარდა კიდეც. გამოკითხვაში მდგრადობისა და ენერგეტიკის 21 კონსულტანტი მონაწილეობდა.
დატოვე კომენტარი