უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, ქვეყნისათვის მიყენებულმა ინფრასტრუქტურულმა ზარალმა $104 მილიარდს მიაღწია. აღნიშნული ზარალი 45 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სივრცეს, 656 საავადმყოფოს, 1200-ზე მეტ საგანმანათლებლო ინსტიტუტს, 25 000 კილომეტრზე მეტი სიგრძის საგზაო ინფრასტრუქტურას, 300 ხიდსა და 12 აეროპორტს მოიცავს.
აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ბრიტანულ-უკრაინულ ინფრასტრუქტურულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გაავრცელა. მომდევნო თვიდან, უკრაინის მთავრობა ქვეყნის აღდგენის გეგმას წარადგენს. მეზობელ და პარტნიორ სახელმწიფოებს კი ამ გეგმის განხორციელებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.
დენის შმიჰალის განცხადებით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უკვე გამოთქვეს ქვეყნის აღდგენაში დახმარების სურვილი. დახმარების პრინციპი კი რეგიონების დანაწილებაში იქნება. „დანიამ უკვე განაცხადა თანხმობა მიკოლაევის რეგიონის რეკონსტრუქციაზე. ბალტიის ქვეყნები ჟიტომირის რეგიონის აღდგენაში დაგვეხმარებიან. პორტუგალია უკრაინულ სკოლებს თავიდან ააშენებს. გაერთიანებული სამეფო კი კიევისა და მისი შემოგარენის აღდგენაში მიიღებს მონაწილეობას“, – განმარტა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
დენის შმიჰალი იმედს გამოთქვამს, რომ ამ პროცესში გარდამტეხ წვლილს ბრიტანული კომპანიები შეიტანენ. მისი ინფორმაციით, ევროკომისიისა და საერთაშორისო ექსპერტების პროგნოზით, უკრაინის ინფრასტრუქტურის აღსადგენად 500-600 მილიარდი ევრო იქნება საჭირო.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინის მთავრობამ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უკვე დაიწყო ელექტრობის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა და გზების, ხიდებისა და საცხოვრებელი ადგილების რეკონსტრუქცია.
დატოვე კომენტარი