საქართველო ევროკავშირისგან ეპიდემიასთან საბრძოლველად და კრიზისულ ვითარებაში ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის, დახმარების სახით, €183 მილიონ ევროს მიიღებს. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში არის საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი დახმარების მთლიანი ბიუჯეტი €962 მილიონი ევროა, საიდანაც €80 მილიონი ევრო გადაუდებელი დაფინანსებისთვის, ხოლო €883 მილიონი ევრო კი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საშუალოვადიან პერიოდში სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებაზე დაიხარჯება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი დაფინანსების ბიუჯეტი ასეთია:
უკრაინა – 190 მილიონი ევრო;
საქართველო – 183 მილიონი ევრო;
სომხეთი – 92 მილიონი ევრო;
მოლდოვა – 87 მილიონი ევრო;
ბელარუსი – 60 მილიონი ევრო;
აზერბაიჯანი – 14 მილიონი ევრო.
ამასთანავე, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომს ხდის 100 მილიონი ევროს მოცულობის ახალ ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს საშეღავათო პირობების სესხებზე მისცემს წვდომას.
ევროკავშირი 11.3 მილიონ ევროს გამოყოფს სამოქალაქო საზოგადოების პირდაპირი საგრანტო დაფინანსებისთვის. საუბარია 60,000 ევრომდე მოცულობის გრანტების გაცემაზე, რომლებიც COVID-19-ის მიერ შექმნილ გადაუდებელ საჭიროებებს პასუხობს. მაგალითად, რეგიონის სკოლებს დისტანციური სწავლების მეთოდების დანერგვაში ეხმარება.
ევროკავშირი მის სამეზობლოზე მთლიანობაში 3.07 მილიარდი ევროს დახმარების გაცემას გეგმავს, აქედან 2.1 მილიარდი სამხრეთ სამეზობლოზე, 962 მილიონი ევრო აღმოსავლეთ სამეზობლოზე, 800 მილიონი ევრო კი ბალკანეთსა და თურქეთზე მიიმართება.
დატოვე კომენტარი