უკრაინის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დასავლელი პარტნიორების დახმარების წყალობით, ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვებმა 11-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და 1-ელი ივნისის მონაცემებით $37.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
„საერთაშორისო პარტნიორების სტაბილური და უწყვეტი დახმარების დამსახურებით, საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა და ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის გაყიდვების წმინდა მაჩვენებელსა და ქვეყნის მიერ უცხოურ ვალუტებში სავალო გადახდების მაჩვენებელს გადააჭარბა“ – ვკითხულობთ უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
ცენტრალური ბანკის განმარტებით, გასულ თვეს ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და მსოფლიო ბანკისაგან ფინანსური დახმარების სახით უკრაინამ $4.23 მილიარდი დოლარი მიიღო. საინტერესოა ისიც, რომ ომში მყოფმა უკრაინამ საგარეო ვალებისათვის 842.2 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდისათვის 195.5 მილიონი დოლარი გამოყო.
გარდა ამისა, ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის განცხადებით, მაისში სავალუტო ბაზარზე მყარი ვალუტის გაყიდვები $1.9 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.