სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრ რიჩარდ სულიკის განცხადებით, უკრაინისთვის საწვავის მისაწოდებლად Druzhba-ს მილსადენის გადაკეთება იგეგმება. აქამდე Druzhba-ს საშუალებით სლოვაკეთს რუსული ნავთობი მიეწოდება.
სულიკის განმარტებით, ომის შედეგად უკრაინაში ქარხნების უმრავლესობა განადგურდა, ქვეყანას კი საწვავი ესაჭიროება. Druzhba-ს მთავარი მილი ნედლი ნავთობის იმპორტისთვის გამოიყენება, მეორე მილის ადაპტირება კი მზა პროდუქციის, მათ შორის დიზელისა და ბენზინის ტრანსპორტირებისთვისაა შესაძლებელი. გეგმის განხორციელებამდე, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას სლოვაკეთის ნავთობსადენის ოპერატორი Transpetrol-ი შეიმუშავებს. გეგმის განხორციელებისთვის საჭირო დრო და ხარჯი ამ ეტაპისთვის დაუზუსტებელია.
Druzhba-ს მილსადენის გეგმას, უკრაინის დახმარების გარდა, კომერციული მიზნებიც აქვს. სლოვაკეთს, უნგრეთთან და ჩეხეთთან ერთად, ევროკავშირის აკრძალვა რუსეთიდან ნავთობის იმპორტის მყისიერად შეზღუდვის შესახებ არ შეხებია, რაც რუსულ ნავთობზე ქვეყნების დამოკიდებულების სიძლიერემ განაპირობა. შესაბამისად, ქვეყნების ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს მისი გამოყენება შეეძლებათ, თუმცა რვა თვის შემდგომ, დასავლეთ ევროპაში რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქციის გატანას ვეღარ შეძლებენ.
სლოვაკეთს, უნგრეთსა და ჩეხეთს ექსპორტზე აკრძალვა რუსული ნავთობის იაფი ღირებულების გამო დაუწესდებათ, რათა მათმა კომპანიებმა დასავლეთ ევროპის გადამმუშავებელ ქარხნებზე კონკურენტული უპირატესობა არ მოიპოვონ. სლოვაკური Slovnaft-ისთვის აკრძალვა საექსპორტო ბაზრის უდიდესი წილის დაკარგვისა და დახურვის საფრთხეა, თუმცა სულიკი პირობას დებს, რომ ქარხანა არ დაიხურება, საექსპორტო ზარალის ნაწილი კი შესაძლოა უკრაინაში ექსპორტმაც გადაფაროს.
დატოვე კომენტარი