2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო და უკრაინა ერთხმად აფრთხილებდნენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ რუსეთის შემდეგი სამიზნე უკრაინა იქნებოდა.
სამწუხაროდ, ჩვენი წინასწარმეტყველება გამართლდა და დღეს უკვე მე-5 წელია, რუსეთს ანექსირებული აქვს ყირიმი და სევასტოპოლი, ჩაბმულია ყოველდღიურ საბრძოლო მოქმედებებში აღმოსავლეთ უკრაინაში, რის გამოც იღუპებიან უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მოსამსახურეები. რუსეთის მიერ მიწოდებული სარაკეტო სისტემით ჩამოგდებულ იქნა სამგზავრო თვითმფრინავი, რასაც 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. რუსეთს დატყვევებული ჰყავს უკრაინელი მეზღვაურები და ხელოვნების წარმომადგენლები, საკუთარი სამშობლოსა და ღირსების დამცველები. რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგის ბოლოდროინდელი მკვეთრი ვარდნის გამო აქტიურად განიხილება უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის განხორციელების შესაძლებლობაც. რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მაგ. ნ. პატრუშევი ახლო მომავალში უკრაინის სახელმწიფოებრიობის გაუქმების მუქარებსაც კი ახმიანებს. რას ერჩის რუსეთი უკრაინას? რატომ გაეჩხირა ძვალივით ყელში “ერთმორწმუნე” რუსეთს მართლმადიდებელი უკრაინა?
ყველაფერი უკრაინელი ხალხის ევროპული არჩევანით დაიწყო. მათ ევროკავშირში შესვლა ამჯობინეს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას, ანუ თავისუფლება – მონობას და განვითარება – დეგრადირებას. უწინ მოსკოვიდან მუქარა მხოლოდ ნატო- ს გაფართოებასთან დაკავშირებით მოდიოდა. რუსეთის ბოლო წლების უცვლელი ნომერ პირველი დიპლომატის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართებით რუსეთში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავდნენ. თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, ანუ როდესაც ასოცირების შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა, უკრაინის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ვ.იანუკოვიჩმა, თითიდან გამოწოვილი მიზეზებით, უარი თქვა ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე, რასაც მოჰყვა თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხის პროტესტი, მაიდანი, 100 დაღუპული მშვიდობიანი დემონსტრანტი და უკრაინელი ხალხის მძიმე, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება.
ცხადია, მოსკოვი მაიდანზე დამარცხებას ასე ადვილად ვერ შეეგუებოდა და როგორც საქართველოს შემთხვევაში, უკრაინისთვისაც ჰქონდა მომზადებული “დომაშნიე ზაგოტოვკი”. სწორედ მაშინ, მსოფლიომ პირველად იხილა “მწვანე კაცუნები”, ჰიბრიდული ომის ნორჩი ლენინელები, ანუ ვითომ ადგილობრივი პატრიოტები, რომლებიც თითქოსდა აღუდგნენ უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსულენოვანი მოსახლეობის ჩაგვრას და იარაღით ხელში დადგნენ მათ დასაცავად. არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ თავად ვ. პუტინმა აღიარა, რომ ეს “მწვანე კაცუნები” რუსეთის სპეცდანაყოფების წარმომადგენლები იყვნენ და რომ ეს სცენარი კარგა ხნით ადრე იყო მომზადებული კრემლის მიერ და შესრულებული რუსეთის ავად- ცნობილი გრუ-ს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების მონაწილეობით.
მაშინ არც უკრაინა აღმოჩნდა მზად სათანადო წინააღმდეგობის გასაწევად და არც დასავლეთი – ევროპული სახელმწიფოს დასაცავად. თუმცა, 2008 წლისგან განსხვავებით, რეაქცია მაინც გაცილებით უფრო მძაფრი იყო. რუსეთი გარიცხეს დიდი რვიანიდან და აშშ-მ და ევროკავშირმა ერთხმად დაუწესეს სანქციები რუსეთის მთელ რიგ მაღალჩინოსნებს, კერძო პირებს, სახელმწიფო და კერძო კომპანიებს. სანქციები დღემდეა შენარჩუნებული და ფართოვდება კიდეც. არის კამათიც, რომ სანქციები არაეფექტიანია, რასაც ვერ დავეთანხმები. საბოლოო მიზნის, ანუ რუსეთის საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში მოსაქცევად შესაძლოა, მართლაც არასაკმარისი იყოს, მაგრამ რუსეთის ელიტას და, რაც მთავარია, ეკონომიკას რომ ეს სანქციები აზარალებს, ამას თავად რუსებიც კი აღიარებენ.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ იმჟამინდელი უკრაინა, როგორც სამხედრო შესაძლებლობებით, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების თვალსაზრისით, ძალიან შორს იყო სრულფასოვანი სახელმწიფოს სტატუსისგან. მათდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ურთულეს ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩენილმა ქვეყანამ პრაქტიკულად ნულიდან დაიწყო შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა, ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის პირობებში კი მაინც შეძლო დანარჩენ უკრაინაში სტაბილურობის შენარჩუნება, საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების ნდობის მოპოვება, ხოლო რუსეთთან დაპირისპირებაში მათი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის მიღება და განმტკიცება.
შესაძლოა, იდეალური ფორმისგან ჯერ კიდევ შორს არის უკრაინა, მაგრამ დღეს ეს არის სხვა უკრაინა – ბრძოლებში გამობრძმედილი არმიით, ეროვნული წარმოების და ნატო- ს ქვეყნებიდან მიღებული შეიარაღებით, დამოუკიდებელი უკრაინული ეკლესიით და კონსტიტუციაში ჩაწერილი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე ნებით.
მარტის ბოლოს უკრაინას მორიგი გამოცდა ელის. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებია. ვის აირჩევს უკრაინელი ხალხი – “შოკოლადის მეფეს”, “გაზის დედოფალს” (ამ მეტსახელებზე რიგით უკრაინელებსა და საერთაშორისო ექსპერტებში ერთსულოვნება სუფევს) თუ კომიკოსს, უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ ისინი საკუთარ გადაწყვეტილებაში მარტო ნამდვილად არ არიან: ტრადიციულად, ჩარევის აშკარა ნიშნებია რუსეთის მხრიდან, დაწყებული ტროლებით, დამთავრებული კრემლის ჩინოსნებით. უკრაინა ხომ კრემლის თავებში “მოხარშული” “რუსკი მირ” – ის ფაზლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მის გარეშე ეს ფაზლი ვერანაირად ვერ აეწყობა და “რუსული სამყაროს” იდეაც უკრაინის ევროპეიზაციით საბოლოოდ დასამარდება. ამიტომაც კვლავ ყველაფერი კეთდება, რომ უკრაინის ევროპული და ევრო- ატლანტიკური არჩევანი შეფერხდეს და ისევ შეიცვალოს.
უკრაინა ევროპაა. როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, რომელიც მაიდანზე დაღუპული გმირების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად იყო ჩასული, აღნიშნა, “არ არსებობს ევროპა უკრაინის გარეშე”. ჯერ კიდევ ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ უკრაინელ ხალხს ჰქონდა იმედი, რომ ევროკავშირი მიიღებდა გადაწყვეტილებას უკრაინის მის რიგებში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე. სამწუხაროდ, უკრაინას, ისევე როგორც საქართველოსა და მოლდოვას, დღემდე არა აქვს მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ანუ ფორმალური შესაძლებლობა, გაკეთდეს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რაც, ჩემი აზრით, ევროკავშირის მხრიდან არცთუ მაინცდამაინც სწორი გადაწყვეტილებაა. შესაძლოა, დღეს ამ სამი ქვეყნიდან არც ერთი არ იყოს მზად ევროკავშირში სრულფასოვნად ინტეგრაციისთვის, მაგრამ ევროკავშირი, თუკი ის რჩება ერთგული ერთიანი და თავისუფალი ევროპის იდეის, ვალდებულია, მიანიჭოს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას გაწევრიანების პერსპექტივა.
უკრაინა დიდი ევროპული სახელმწიფოა. თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, 50-მილიონიანი მოსახლეობით, სავაჭრო, სამრეწველო და სატრანზიტო პოტენციალით. სხვათა შორის, რუსეთის გამალებული მუშაობა უკრაინის გვერდის ავლით გაზის სატრანზიტო მარშრუტების შემუშავების მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს, რომ: “საუკეთესო” შემთხვევაში რუსეთს უკრაინის ეკონომიკურად დასუსტება სურს და უარეს შემთხვევაში ემზადება უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომისთვის.
დასავლეთში, განსაკუთრებით ევროპაში, მოსწონთ ეს თუ არა, უმაღლეს დონეზე უნდა გაათვითცნობიერონ, რომ ისევე როგორც ბალკანეთი, უკრაინა წარმოადგენს ევროპის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების მნიშვნელოვან ქვაკუთხედს. უკრაინა არ არის მორიგი ქვეყანა, რომელიც შეიძლება მიიღო, შეიძლება – არა. უკრაინა არ არის “ვიღაც სხვისი თავის ტკივილი” და მისი საკითხის სამერმისოდ გადადება სრულიად გაუმართლებელია. უკრაინა არის ევროპელებით დასახლებული, ევროპაში მდებარე ევროპული სახელმწიფო. #წერტილი. ევროპისგან განსხვავებით, რუსეთში ეს კარგად აქვთ გასიგრძეგანებული. ამიტომაც, იომებენ ბოლომდე. ყველა დაშვებული და განსაკუთრებით დაუშვებელი ხერხებით.
უკრაინაც იბრძოლებს ბოლომდე. მთავარია, მას ჰქონდეს მტკიცე მხარდაჭერა დასავლეთიდან. როგორც ნორმანდიაში ელოდებოდნენ მოკავშირეების დესანტს, ისე ელოდება უკრაინაც ევროპიდან მთავარ “მესაჟს” – უკრაინას (ჩვენთან და მოლდოველებთან ერთად) უნდა მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა ანუ ევროკავშირის წევრობის უფლება. ეს არის გარდაუვალი რეალობა და ამიტომაც რაც მალე მიიღება გადაწყვეტილება, ყველასთვის (შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ მათ შორის რუსეთისთვისაც) უკეთესი იქნება.
იმოქმედე, ევროპა!
დატოვე კომენტარი