ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ (CNSA) შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რაიონში მდებარე გობის უდაბნოში განლაგებულ კოსმოდრომზე რაკეტა Long March 2F-ი განათავსა, რომლითაც დედამიწის გარშემო მოძრავ ახალ კოსმოსურ სადგურზე, Tianhe-ზე სამი ასტრონავტი გაემგზავრება. მისიის განხორციელების ზუსტი თარიღის შესახებ ინფორმაციას აზიური ქვეყნის ორგანიზაცია ჯერჯერობით არ ავრცელებს.
Long March 2F-ი ჩინური ტექნოლოგიური კომპანია CALT-ის მიერ შექმნილი, 62 მეტრი სიგრძის მქონე აპარატია. რაკეტით ჩვენი პლანეტის ორბიტაზე კოსმოსურ ხომალდ Shenzhou 13-ს გაუშვებენ, რომლის ბორტზეც ასტრონავტები: ჟაი ჟიგანი, ვან იაპინი და იე გუანფუ იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი კოსმოსში სადებიუტო ფრენას შეასრულებს. რაც შეეხება ვან იაპინს, ის პირველი ქალი გახდება, რომელიც დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულ Tianhe-ს ესტუმრება. გეგმის მიხედვით, ეკიპაჟის წევრები კოსმოსურ სადგურზე ექვს თვეს გაატარებენ და კვლავ დედამიწაზე დაბრუნდებიან.
მანამდე ჩინეთის ახალ კოსმოსურ სადგურზე სამი ასტრონავტი – ნიე ჰაიშენი, ლიუ ბომინი და ტანგ ჰონბო – იმყოფებოდა. ისინი ჩვენი პლანეტის ორბიტაზე მიმდინარე წლის 17 ივნისს, ხომალდ Shenzhou 12-ით გაემგზავრნენ. ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ განხორციელებული პირველი ეკიპაჟიანი მისია იყო. ასტრონავტები დედამიწაზე სამი თვის შემდეგ, 17 სექტემბერს დაბრუნდნენ.
აღმოსავლეთ აზიაში მდებარე, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში უდიდესმა სახელმწიფომ დედამიწის დაბალ ორბიტაზე კოსმოსური სადგურის, Tianhe-ს პირველი მოდული რაკეტა Long March 5B-ს დახმარებით მიმდინარე წლის აპრილში გაიყვანა. როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში იქ კიდევ ორ მოდულს, Wentian-სა და Mengtian-ს გაუშვებენ. საბოლოოდ, ჩინეთი კოსმოსური სადგურის მშენებლობას 2022 წლისთვის დაასრულებს.
დატოვე კომენტარი