უმდიდრესი ყაზახები საინვესტიციო შესაძლებლობების ძიებაში

უმდიდრესი ყაზახები საინვესტიციო შესაძლებლობების ძიებაში

ბათუმის პორტი და ნავთობტერმინალი, სასტუმრო “რიქსოსი” ბორჯომში, “ყაზტრანსგაზ- თბილისი” – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მსხვილი პროექტებისა საქართველოში, სადაც ყაზახური ინვესტიციებია განხორციელებული. და მაინც, ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად კიდევ ბევრი შესაძლებლობაა გამოსაყენებელი, რასაც ორივე მხარე ადასტურებს. სწორედ ამ შესაძლებლობების აღმოჩენისა და გამოყენების წახალისება იქნება მთავარი მიზანი საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმისა, რომელიც თბილისში ივნისის დასაწყისში გაიმართება და 30-მდე უმდიდრეს ყაზახ ბიზნესმენს უმასპინძლებს.

FORBES GEORGIA-სა და FORBES KAZAKHSTAN-ის ორგანიზებით, 6 ივნისს, ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის ფარგლებში თბილისს უმდიდრესი ყაზახი ბიზნესმენები ეწვევიან. მათ შორის RESMI Group-ის, Astana Group-ის, Kaspi Bank-ის, BI Group-ის, TS Engineering-ისა და სხვა მსხვილი ყაზახური კომპანიების მფლობელები, რომლებიც წლების განმავლობაში ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ყაზახი ბიზნესმენების რეიტინგების უცვლელი მულტიმილიონერები არიან. მარტივად რომ ვთქვათ, იმ ბიზნესმენების ქონება, რომლებიც ივნისის დასაწყისში თავს თბილისში მოიყრიან, ჯამურად სავარაუდოდ რამდენიმე მილიარდ დოლარს დაითვლის.

ბიზნესფორუმის გამართვის იდეა Forbes Georgia-ს აქციონერსა და Forbes Kazakhstan-ის მფლობელს, არმანჟან ბაიტასოვს ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გაუჩნდა, როდესაც თბილისში ქართული Forbes-ის აქციების შესყიდვის შესახებ ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად ჩამოვიდა. ამჯერად ის თავადვე იქნება ფორუმის გამორჩეული სტუმარი, რამდენადაც “ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის” რეიტინგში საპატიო 28-ე ადგილს იკავებს, ხოლო 47 ადგილს “ყაზახეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების” რეიტინგში. მის მიერ ინიციირებული ფორუმის მიზანი კი საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო იმიჯის შექმნა გახლავთ, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებში ყაზახური ინვესტიციების მოზიდვას. ფორუმზე საინვესტიციო პროექტები წარდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების, ლოგისტიკის, რიტეილისა და ეკონომიკის სხვა დარგებიდან.

“ყაზახეთში წარმატებით საქმიანობს Forbes Club-ი, რომელიც ადგილობრივ ბიზნესმენებს აერთიანებს. ჩვენი იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ კლუბის ფორმატისა და ქსელის მეშვეობით მოვაწყოთ სხვადასხვა ტიპის ფორუმები. დავიწყებთ საქართველოდან, რომლიც მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და ეს ეტყობა Forbes ბიზნესფორუმის მონაწილეთა სიასაც, რომელიც ყაზახეთის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენებით არის წარმოდგენილი”, – ამბობს არმანჟან ბაიტასოვი.

ყველაზე მდიდარ და გავლენიან ყაზახ ბიზნესმენებს საფინანსო, სამშენებლო, რიტეილის, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, კომუნიკაციების, წარმოების სექტორებიდან ბიზნესფორუმზე შესაფერისი ქართული კომპანიები დახვდებიან. შედეგად, ფორუმი კარგი შესაძლებლობა იქნება საქმიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, ან არსებულის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, ფორუმი შექმნის პლატფორმას წარმატებული ბიზნესგამოცდილების გასაზიარებლად და გაუადვილებს პოტენციურ ინვესტორებს პირველწყაროდან, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან, ინფორმაციის მიღებას ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისა თუ მისი განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

“საკმაოდ სწრაფად ავაწყვეთ კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან და გამოგვადგა მათ მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ამ ტიპის ფორუმების გამართვის გამოცდილებაც. შედეგად, გაცილებით ნაკლები რესურსი იხარჯება, რადგან, გარდა ქართული კერძო სექტორის დიდი დაინტერესებისა, ბიზნესფორუმის ოფიციალური მხარდამჭერი და პარტნიორია საქართველოს მთავრობა, რომელსაც, თავის მხრივ, ყოველთვის აინტერესებს კომუნიკაცია სტრატეგიული და რეალური ინტერესის მქონე ინვესტორებთან”, – ამბობს Forbes Georgia-ს გამომცემელი, მაია მირიჯანაშვილი.

“მსოფლიო ბანკის” მონაცემებით, ყაზახეთის ეკონომიკის (რომელიც 200 მილიარდზე მეტ დოლარს ითვლიდა) ზრდა შარშან 1.2 პროცენტამდე შემცირდა 2014 წელს არსებული 4.1%-იანი მაჩვენებლიდან, რისი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნისთვის ამ ნედლეულზე ფასის მკვეთრი ვარდნა იყო. წელს “მსოფლიო ბანკი” ქვეყანას 1.1%-იან ზრდას უწინასწარმეტყველებს, ანალოგიურია EBRD-ის პროგნოზიც. უფრო დამაიმედებელია ეკონომიკური ზრდის პროგნოზები მომავალი წლისთვის: “მსოფლიო ბანკი” – 3.3%, EBRD – 2.4%. და მაინც, 2017- 2018 წლებში ყაზახეთის ეკონომიკური ზრდა იმის ნახევარიც არ იქნება, რაც 2011-14 წლების საშუალო მაჩვენებელი იყო. მიუხედავად ამისა, საქართველო-ყაზახეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად ჯერაც არაერთი შესაძლებლობაა აუთვისებელი და თანაც ყაზახ ინვესტორებს კვლავაც ძალიან აინტერესებთ საქართველო, რაც თებერვალში თბილისში ვიზიტით მყოფმა ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, ბაკიტჟან საგინტაევმაც დაადასტურა.

საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ყაზახი ინვესტორების მაქსიმალურად ინფორმირებისთვის, ბიზნესფორუმის ფორმატი მოიცავს გამოფენას, პლენარულ სხდომებსა და საქმიან შეხვედრებსაც. გამოფენის ფარგლებში ყაზახი ინვესტორები გაეცნობიან უკვე განხორციელებულ და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების, ლოგისტიკისა და რიტეილის სექტორებში, ხოლო პლენარული სხდომებისა და საქმიანი შეხვედრების ფორმატებზე განიხილავენ სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობის მოდელის შექმნის საკითხს, რომელიც ასე გამოიყურება: “ინვესტორი + პროექტი + მთავრობა”.

ბიზნესფორუმის ასეთი მრავალმხრივი დატვირთვა Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორსა და მმართველ პარტნიორს აფიქრებინებს, რომ იდეა აუცილებლად გაამართლებს.

“ეს იქნება წარმატებული ადამიანების საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც აუცილებლად დაგვირგვინდება ბევრი ბიზნესგადაწყვეტილებითა და კონტრაქტით”, – ამბობს გიორგი ისაკაძე. მისი თქმით, უმდიდრესი ბიზნესმენები ყაზახეთიდან თბილისში ჩამოდიან კონკრეტული ინტერესებით უძრავი ქონების, ტურიზმის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ფინანსურ და სხვა სექტორებში ინვესტიციების განსახორციელებლად. შესაბამისად, აქვთ კონკრეტული საინვესტიციო პროექტების გაცნობის მოლოდინი და მზად არიან, სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები.

“მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ფორუმი იქნება მხოლოდ დასაწყისი გარკვეული ახალი ფორმატისა, რასაც Forbes-ი შესთავაზებს ქართულ ბიზნესსაზოგადოებას. შემიძლია დადასტურებულად გითხრათ საქათველოში Forbes Club-ის ჩამოყალიბების გადაწყვეტილების შესახებ, რომლის საშუალებითაც ვაპირებთ ამგვარი ფორუმებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამართვას. საქართველოში Forbes-ი არ იქნება მხოლოდ მედია- ან მხოლოდ რეიტინგული გამოცემა: ჩვენ შევქმნით პროდუქტებს, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში. ჩვენ გვსურს, ამ განვითარების თანამონაწილენი ვიყოთ”, – ამბობს გიორგი ისაკაძე.

დღეისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ყაზახეთთან $10.5 მილიონია, ხოლო 2015 წლის წინასწარი მონაცემებით, ყაზახური ინვესტიციები საქართველოში – დაახლოებით $6 მილიონი. ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმმა, ყველა მოცემულობისა და წინაპირობის გათვალისწინებით, შემდგომი წლებისთვის ამ მაჩვენებლების გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი.  

სპიკერები:

კაირატ მაჟიბაევი – RESMI Group, RG Brands, Innova Investments
აბლაი მირზახმეტოვი – ყაზახეთის მეწარმეთა ეროვნული პალატის გამგეობის თავმჯდომარე
რაიმბეკ ბატალოვი – Raimbek Group
მარატ შოტბაევი – Phaeton DC

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *