სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4.69 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტით ნაკლებია.
აქედან ექსპორტი 1.32 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 9.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3.37 მლრდ აშშ დოლარს (შემცირდა 5.3 პროცენტით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.04 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6 პროცენტია.
ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები: თურქეთი (721.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (619.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (330.6 მლნ. აშშ დოლარი).
რაც შეეხება უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 443.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 83.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 6.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 72.5 მლნ. აშშ დოლარით (5.5 პროცენტი).
უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებს შორის ლიდერობს მსუბუქი ავტომობილები, რომლის იმპორტმა 486.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 14.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 289.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 184.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.5 პროცენტი).
წყარო: საქსტატი