ევროკავშირში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 7,7%-ია. ყველაზე დაბალი უმუშევრობა წევრ ქვეყნებს შორის ჩეხეთში ფიქსირდება და ის 2,9%-ს შეადგენს. გერმანიაში უმუშევრობის მაჩვენებელი 3,8%-ია.
Eurostat-ის მონაცემებით, ჩეხეთში უმუშევრობის მაჩვენებელი უკვე რამდენიმე წელია კლებულობს და გასულ წელს მან გერმანიასაც გაასწრო. მიმდინარე წელს ჩეხეთში საშუალო ანაზღაურება 5,3%-ით გაიზარდა, ინფლაციის გათვალისწინებით კი 2,8%-ით. ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე დიდი წილი წარმოებას უკავია, სწორედ ამ სფეროშია დასაქმებული ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც. Toyota-ს, Peugeot-ის, Citroën-ის, Škoda-ს და Hyundai-ს წარმოება ქვეყნაში არაერთ სამუშაო ადგილს ქმნის.
ყველაზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებლით მესამე ადგილზე ევროკავშირში მალტაა, სადაც მოსახლეობის 4,1%-ი ითვლება უმუშევრად. მეოთხე ადგილზე უნგრეთია 4,3%-ით, ხოლო მეხუთეზე კი გაერთიანებული სამეფო 4,4%-ით.
ევროკავშირში საშუალოზე მაღალი უმუშევრობა ფიქსირდება ლიტვაში (8,3%), ფინეთში (8,7%) პორტუგალიაში (9%).
ყველაზე მაღალი უმუშევრობა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საბერძნეთშია და ის 21,7%-ს შეადგენს. 17,1%-ია უმუშევრობის მაჩვენებლი ესპანეთში, ხოლო იტალიაში 11%. ესპანეთში ბოლო ერთ წელში უმუშევრობის მაჩვენებელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად შემცირდა (-2,8%).
ევროზონაში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 9,1%-ია.
ჯამში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 18.725 მილიონი უმუშევარია. ივნისში მაისთან შედარებით, ევროგაერთიანებაში უმუშევრების რაოდენობა 183 000 -ით შემცირდა. ევროკავშირში 25 წლამდე ასაკის 3.710 მილიონი უმუშევარია.
რაც შეეხება საქართველოს – 2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2015 წელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. თუმცა საქართველოში დასაქმებულებში ტრადიციულად ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი.
დატოვე კომენტარი