Rahmat Gul/AP Photo
ავღანეთში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიის ანგარიშის თანახმად, თალიბანმა 2021 წლის აგვისტოში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ 200-ზე მეტი ყოფილი სამხედრო და ოფიციალური პირი მოკლა. შეგახსენებთ, რომ თალიბანს აღნიშნულ პირებზე საყოველთაო ამნისტია ჰქონდა გამოცხადებული.
ავღანეთში გაეროს მისიის ანგარიშში ოფიციალურად 800-მდე ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის, დაკავების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს რიცხვი დოკუმენტირებული შემთხვევების რაოდენობას ასახავს. შესაბამისად, რეალურად თალიბანის მიერ მოკლული ყოფილი ოფიციალური პირებისა და სამხედროების რიცხვი ბევრად მეტია.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აგვისტოში ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, აშრაფ ღანის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ თალიბანმა საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა საჯარო მოხელეებისათვის. თუმცა, როგორც ჩანს თალიბანი არაოფიციალურად მათ დევნას განაგრძობდა.
ადამიანების გატაცება, დაკავება და წამება არაოფიციალურად ხდება. თუმცა, გაეროს განმარტებით, იმ შემთხვევებშიც კი, სადაც გამოძიებების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, პროცესები გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. გაერო თალიბანს საყოველთაო ამნისტიის პირობების შესრულებისაკენ მოუწოდებს.
დატოვე კომენტარი