გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, უნგრეთის მმართველი პარტია შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ორშაბათს გეგმავს. შეთანხმებით დასრულდება თითქმის ერთწლიანი დაპირისპირება შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თავად ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობები კი მნიშვნელოვნად გაძლიერდება.
პრემიერ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ კენჭისყრა ბუდაპეშტში მომავალ კვირას, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებისას დანიშნა. ორბანის პარტია პარლამენტში შესამჩნევი უმრავლესობით არის წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების დასამტკიცებლად მხოლოდ „ფიდესის“ მხარდაჭერაც საკმარისი იქნება. კენჭისყრამდე საკითხის განსახილველად, პარასკევს ბუდაპეშტს შვედეთის პრემიერი, ულფ კრისტერსონიც ეწვევა.
უნგრეთის თანხმობა საბოლოო ეტაპი იქნება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გასაწევრიანებლად. შვედეთის გაწევრიანება მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს თავად NATO-სთვისაც, მისი აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
ფინეთმა და შვედეთმა სამხედრო ალიანსს გაწევრიანების თხოვნით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიმართეს. ფინეთი NATO-ს წევრი გასული წლის აპრილში გახდა.
შვედეთის მიერ განაცხადის წარდგენის დღიდან, ქვეყნის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა თურქეთიც. თურქეთის ხელისუფლება სტოკჰოლმს ოფიციალური ანკარის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებდა. თუმცა, საბოლოოდ, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი თურქეთმა იანვარში დაამტკიცა.