უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი თანამდებობიდან გადადგა. პრეზიდენტმა დაკავებული პოზიცია მას შემდეგ დატოვა, რაც მის გადაწყვეტილებას, შეეწყალებინა ბავშვთა სახლში მომხდარი სექსუალური ძალადობის დაფარვაში ბრალდებული პირი, ქვეყნის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
პრემიერ ორბანის ახლო მოკავშირე ნოვაკმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ერთ-ერთი ადგილობრივი მედიის, 444.hu-ის მიერ შეწყალებაზე ინფორმაციის გასაჯაროებიდან ერთ კვირაში მიიღო. ფაქტმა მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია, ოპოზიცია კი პრეზიდენტისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ჯუდიტ ვარგას გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. ვარგამ, რომელიც ორბანის მმართველი პარტია Fidesz-ის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა, დეპუტატის მანდატი შაბათს დატოვა.
„შეცდომა დავუშვი, და ეს არის ბოლო დღე, როდესაც პრეზიდენტის რანგში მოგმართავთ. შეწყალების გადაწყვეტილება გასული წლის აპრილში მივიღე, რადგან მიმაჩნდა, რომ ბრალდებულს განზრახ არ დაუფარავს ბავშვთა სახლში მომხდარი ფაქტი“, – განაცხადა ნოვაკმა გამოსვლისას. ცნობისთვის, კატალინ ნოვაკი უნგრეთის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალია, პრეზიდენტს კი ქვეყანაში ძირითადად სიმბოლური დატვირთვა აქვს.
პოლიტიკური ზიანის შემცირების მიზნით, ხუთშაბათ საღამოს, პრემიერმა პარლამენტს წარუდგინა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პირის შეწყალების უფლებას ართმევს. ანალიტიკოსთა ნაწილმა ორბანის ეს ნაბიჯი ნოვაკისთვის მკაფიო მესიჯად მიიჩნია.