მას შემდეგ, რაც ამერიკულმა Forbes-მა იაპონიის უმდიდრესი ადამიანების წლევანდელი რეიტინგი გამოაქვეყნა, გაირკვა, რომ სიის სათავეს ტანსაცმლის ცნობილი ბრენდის, Uniqlo-ს დამფუძნებელი ტადაში იანაი დაუბრუნდა, მის ქონებას გამოცემა $23.6 მილიარდად აფასებს – საინტერესოა, რომ ეს პოზიცია იანაიმ იმის მიუხედავად დაიბრუნა, რომ გასულ წელს მისი ქონების ღირებულება 44%-ით შემცირდა.
იაპონიის უმდიდრესი ადამიანების სიის მეორე ადგილს ავტომატური სენსორების მწარმოებლის, Keyence-ს დამფუძნებელი ტაკემიცუ ტაკიძაკი იკავებს – მის ქონებას Forbes-ი $21.6 მილიარდად აფასებს, რაც შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით $4.2 მილიარდით ნაკლებია. რეიტინგის მესამე ადგილი SoftBank-ის დამფუძნებელმა, მასაიოში სონმა დაიკავა, $21.1-მილიარდიანი ქონებით.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის ეკონომიკისთვის და ადგილობრივი კომპანიებისთვის გასული წელი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა – ქვეყნის ეროვნული ვალუტა, იაპონური იენი დოლართან მიმართებით 17%-ით გაუფასურდა, ხოლო Nikkei-ს საფონდო ინდექსი 12%-ით შემცირდა. ამ და სხვა პრობლემების გამო, იაპონიის უმდიდრესი ბიზნესმენების სიის წევრების ქონება თითქმის მესამედით შემცირდა და $170 მილიარდი შეადგინა.
დატოვე კომენტარი