უნივერსალური ბანკი ახალი მიზნებით

უნივერსალური ბანკი ახალი მიზნებით

„ლიბერთი“, რომელიც 1.7 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება, უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებისკენ ისწრაფვის. სულ ახლახან ბანკმა ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა „ჩვენიანი“ წარადგინა. „ჩვენიანი“ „ლიბერთის“ ახალი დაპირება და ფილოსოფიაა, რომლის შუაგულში ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები იქნებიან. ახალი მიდგომებისა და ცვლილებების შესახებ ბანკის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორს, თორნიკე კორძაიას ვესაუბრეთ.

რას მოიცავს და რა ტენდენციებით ხასიათდება საცალო საბანკო სექტორი საქართველოში?

საცალო საბანკო სფერო განვითარებით ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოში. ეს მომსახურება ფიზიკური პირების დეპოზიტებს, სხვადასხვა სამომხმარებლო და იპოთეკურ კრედიტებს, და ყოველდღიური საოპერაციო პროდუქტების ფართო სპექტრს აერთიანებს, იქნება ეს გადახდები, გადარიცხვები, კონვერტაციები თუ გზავნილები.

საქართველოში, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, საცალო საბანკო პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდაა მოსალოდნელი, რასაც მიმდინარე ხელსაყრელი მაკროეკონომიკური ფაქტორებიც უწყობს ხელს. ამ მხრივ დამატებითი პოზიტივი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინმაც გააჩინა. სექტორის მუდმივი განვითარების ერთ-ერთი ძრავა დიგიტალიზაციაა. როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენთანაც სწრაფად იმატებს ციფრული პროდუქტების წილი ყველა ტიპის ტრანზაქციაში.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა რა შეიძლება მოუტანოს საბანკო სექტორს?

გამოცდილება აჩვენებს, რომ კანდიდატის სტატუსი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას ნიშნავს. რაც საბანკო სექტორის ზრდასაც განაპირობებს როგორც საცალო, ისე ბიზნესმიმართულებით. კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ მალე ძლიერი ეკონომიკური კლუბის წევრი გავხდებით. გარე ინვესტორები მეტად დაინტერესდებიან საქართველოთი, შიდა ინვესტორებსაც მეტი სტიმული გაუჩნდებათ, რადგან პერსპექტივა ექნებათ, რომ უფრო დიდ ბაზარზე გავიდნენ. ეს ყველაფერი სამეწარმეო საქმიანობას მისცემს ბიძგს, რაშიც საუკეთესო პარტნიორები კვლავ ბანკები არიან.

იყო დრო, „ლიბერთი ბანკი“ ძირითადად საპენსიო სერვისების მიწოდებასთან ასოცირდებოდა, ბოლო რამდენიმე წელია, ხშირად გვესმის, რომ თქვენი მიზანი უნივერსალურ ბანკად ჩამოყალიბებაა. რა ეტაპზე ხართ ახლა და სად მოიაზრებს „ლიბერთი“ საკუთარ თავს?

2018 წელს ახალმა გუნდმა „ლიბერთის“ ტრანსფორმაცია და რებრენდინგი დაიწყო. ვიზუალური სტილის შეცვლასთან ერთად, შეიცვალა ფილიალების გარემოც, მომხმარებელი დადგა ჩვენი ყურადღების ცენტრში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება უმაღლეს პრიორიტეტად იქცა. შეიცვალა და, შესაბამისად, ასწრაფდა ტექნოლოგიური სისტემები, მონაცემები დალაგდა და ორგანიზაცია ტექნოლოგიურ რელსებზე გადავიდა.

თითქმის სამი წლის წინ ბანკმა აქტიურად დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის, პატარა და დიდი მეურნეობების, აგრობიზნესის მომსახურების განვითარება და მცირე დროში ძალიან მაღალ შედეგებს მიაღწია.

2022 წლის ბოლოდან კი საცალო საბანკო მიმართულების მშენებლობაც დავიწყეთ. „ლიბერთის“ მიზანია, მასობრივად შევიდეს საცალო საბანკო სექტორში და გახდეს სამომხმარებლო ბაზარზე ერთ-ერთი ტოპ-არჩევანი ნებისმიერი საბანკო მომსახურებისთვის.

ახალი „ლიბერთის“ იდეა უნივერსალიზაციას გულისხმობდა და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ განგრძობითი პროცესის მყარი საძირკველი უკვე ჩაყრილია.

დღეს „ლიბერთი“ საქართველოში მოქმედ 15 ბანკს შორის მესამე ადგილზეა საბაზრო წილით. როგორია კონკურენცია, ერთი მხრივ, ინდუსტრიის ლიდერებთან, მეორე მხრივ კი შედარებით მცირე მოთამაშეებთან?

პირველ ორ ბანკსა და სხვა ბანკებს შორის სხვაობა ძალიან დიდია. ჩვენ ამ მხრივ განსაკუთრებული პოზიცია გვიჭირავს. ორგანიზაციის ზომით ბაზრის ლიდერებს ვუტოლდებით, მომხმარებელიც დაახლოებით იმდენივე გვყავს, ფიზიკური ქსელი კი ყველაზე მასშტაბური გვაქვს საქართველოში. მომხმარებლის მოცვითა და გეოგრაფიული დაფარვით უფრო დიდ ბანკებს ვგავართ, თუმცა ჯამური საბაზრო წილით სექტორის პატარა მოთამაშეებს ვედრებით, რაც დიდი სამომავლო ზრდისა და შესაძლებლობების მყარ რწმენას გვაძლევს. ათასზე მეტი მომსახურების წერტილი და ბანკომატი, მოქნილი და თანამედროვე ციფრული არხები, საცალო საბანკო პროდუქტების სრული პალიტრა, – ამ ყველაფრის გათვალისწინებით „ლიბერთის“ აქვს სამართლიანი მისწრაფება, საკუთარი მომხმარებლისთვის ძირითადი ბანკი გახდეს.

რას გულისხმობს ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა „ჩვენიანი“ მომხმარებლებისთვის?

„ლიბერთიში“ მივიჩნევთ, რომ ჩვენი მთავარი ძალა ჩვენიანებია – მომხმარებლები და თანამშრომლები. ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის მიზანია, გავაერთიანოთ ეს განსაკუთრებული ადამიანები ყველაზე ბუნებრივი, გულწრფელი ნიშნით, დავაფასოთ და უფრო ეფექტიანად ვიზრუნოთ მათზე. ეს ერთდროულად ჩვენი ფილოსოფიაცაა და დაპირებაც, რომელიც „ლიბერთის“ გუნდმა უნდა შეასრულოს.

ამ ერთი წლის მანძილზე კარგად დავინახეთ, რომ ახალი კუთხით, ხელახლა გვინდა გავაცნოთ „ლიბერთი“ საზოგადოებას, გასაგებად მოვყვეთ როგორც კონკრეტული საბანკო პროდუქტების, ასევე ჩვენი თანამშრომლებისა და ჩვენი რეალური მომხმარებლების შესახებ.

ამჟამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საცალო მიმართულებით ჩვენი მრავალფეროვანი პროდუქტების პალიტრა უკვე სრულად აკმაყოფილებს ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებს, თუმცა მუდმივად იქმნება ახალი პროდუქტები და შეთავაზებები. ასევე გვყავს ქვესეგმენტები, რომლებთანაც განსაკუთრებული პირობებით ვმუშაობთ. ამ მხრივ მომავალშიც არაერთ საინტერესო სიახლეს და კამპანიას ვაპირებთ.

ჩვენიანებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული შეთავაზება პირად ყურადღებაზე დაფუძნებული ურთიერთობის მოდელია. გარდა ამისა, სულ უფრო ვძლიერდებით მონაცემების მართვის კუთხით, რაც მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული პერსონალიზებული შეთავაზებების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. მომსახურების ხარისხის ზრდა და ფიზიკურ არხებში პროცესების დახვეწა ჩვენი გუნდის პრიორიტეტად რჩება. ამავდროულად, „ლიბერთიში“ ვამაყობთ ჩვენი ინტერნეტ- და მობაილბანკით, რომელიც, სხვათა შორის, „ლიბერთის“ გუნდმა საკუთარი ძალებით შექმნა, და მიზნად გვაქვს, ახლო მომავალში ყველა მომხმარებელმა ისარგებლოს ჩვენი ციფრული მომსახურებით.

ვინ ქმნის „ლიბერთის“ საცალო მომსახურებას დღეს?

მას შემდეგ, რაც „ლიბერთის“ სტრატეგიულ მიზნებს საცალო საბანკო მიმართულებით გაძლიერება შეემატა, შემოგვიერთდა ამ სფეროს ძალიან ბევრი აღიარებული პროფესიონალი.

ბოლო წლის მანძილზე თანამშრომლებისთვის შეიცვალა სამოტივაციო სისტემა, რომელიც უფრო მეტადაა მორგებული შრომის დაფასებაზე. შევქმენით სხვადასხვა კარიერული ბილიკები, გავაჩინეთ ახალი სტრუქტურული ერთეულები და პოზიციები. დღეს ჩვენი გუნდი, როგორც სათავო ოფისში, ასევე წინა ხაზზე ერთი იდეის გარშემოა გაერთიანებული: საზოგადოებას ხელახლა გავაცნოთ „ლიბერთი“, როგორც უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი – მასშტაბური, ეფექტიანი, მზრუნველი და ხელმისაწვდომი ბანკი.

S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *