უოლ-სტრიტზე არის ასეთი გამონათქვამი: “უკეთესია იღბლიანი ადამიანი იყო, ვიდრე კარგი ბანკირი“.
და თუ არსებობს იღბლიანი ბანკირი, ეს გახლავთ შვეიცარიული ბანკის, UBS-ის აღმასრულებელი დირექტორი, თავაზიანი და დახვეწილად ჩაცმული სერჯო ერმოტი.
2011 წლის აპრილში ჯერ ექვსი თვე არც კი იყო გასული, რაც ის ბანკის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის განყოფილებების მმართველად დაინიშნა, როცა ლონდონის UBS-ის ოფისის არაკონტროლირებადმა საბირჟო მაკლერმა, რამდენიმე დერივატიული გარიგების შედეგად, $2,3 მილიარდი დაკარგა. სკანდალის გამო ბანკის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, 67 წლის ოსვალდ გრუბელი, იძულებული გახდა, თანამდებობიდან გადამდგარიყო. ამგვარად, სრულიად მოულოდნელად ერმოტის ჯერი დადგა, რომ 152 წლის წინ ციურიხში დაარსებული ბანკის მმართველი გამხდარიყო. ნოემბრიდან მან დაიწყო გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულება და 2012 წლისთვის ბანკის დირექტორთა საბჭოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი წევრი გახდა. კარგი დრო – კარგი იღბალი.
53 წლის ერმოტი საუკეთესო ბანკირია. იგი დაიბადა შვეიცარიის იტალიურენოვან კანტონ ტიცინოში. 15 წლისამ გაიარა სტაჟირება შვეიცარიის Corner Banca-ში, სადაც აქციებით ვაჭრობა ისწავლა. ძალიან დაინტერესებული იყო საბანკო საქმით და ბოლომდე შეისწავლა კიდეც. ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი აიღო შვეიცარიაში, შემდეგ კი მენეჯმენტში ოქსფორდის მაგისტრის ხარისხი დაიმსახურა. 1987 წელს ის დაიქირავა Merrill Lynch-მა. მომდევნო 16 წელი ნიუ-იორკის, ევროპისა და აზიის განყოფილებებში კარიერულ კიბეზე აღმასვლის პერიოდი იყო. ბოლოს და ბოლოს, ის საერთაშორისო კაპიტალის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა. მომხიბვლელმა და სიმპათიურმა, ჰოლივუდის ვარსკლავის გარეგნობის მქონე ერმოტიმ წარმატებით გამოიყენა Merrill-ში მიღებული გამოცდილება, იტალიის უმსხვილესი კერძო ბანკის, UniCredit-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე და რადგანაც იგი მთავარ აღმასრულებელ დირექტორად არ დაინიშნა, ამიტომ UBS-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის განყოფილებების ხელმძღვანელი გახდა.
იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა 2011 წელს მსოფლიოს ფინანსური სამსახურები, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ევროპული ბანკის მმართველად დანიშვნა უფრო წყევლა იყო, ვიდრე გამართლება. ფინანსურმა კრიზისმა ევროპის ბანკები გაანადგურა. მათი უმრავლესობა დღესაც თავისი ბუღალტრული ბალანსების მოწესრიგებითა და დავალიანებების გასწორებითაა დაკავებული. ერმოტის ისევ გაუმართლა.
ეს გამოიხატა იმაში, რომ მისი ყოფილი უფროსი და მასწავლებელი Merrill Lynch-დან, რობერ მაკკენი, უკვე იყო დაკავებული აშშ-ში შვეიცარიული ბანკის ოპერაციების რეორგანიზებით. 55 წლის მაკკენი Merrill-ში 26 წელი მუშაობდა, ჯერ – კომერციულ განყოფილებაში, ბოლოს კი 18 ათასი კონსულტანტითა და ბროკერით დაკომპლექტებულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ეს ორი კაცი ერთმანეთს კარგად იცნობდა. 1996 წელს მაკკენმა 36 წლის ერმოტი Merrill-ის გაურკვეველ ოპერაციებს მოაშორა, ნიუ-იორკში გადაიყვანა და მის დერივატიული ვაჭრობის საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელად გახდომას შეუწყო ხელი. ერმოტი მომდევნო ექვს წელიწადს მაკკენთან მუშაობდა. “ის კარგი მასწავლებელი იყო“, – იხსენებს ერმოტი.
იმ დროისთვის, როდესაც ერმოტიმ UBS-ში მაღალი თანამდებობა დაიკავა, მაკკენი უკვე ორი წელიწადი იყო, რაც ბანკის განყოფილებას ქმნიდა. მას გაუმართლა: ამერიკაში UBS-ის შეძლებული ადამიანების აქტივების მართვა კარგად იყო აწყობილი, რაც ერმოტის ზრდის საშუალებას აძლევდა, მაშინ როდესაც მისი გუნდი სარისკო საინვესტიციო საბანკო აქტივებს იცილებდა.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში UBS-ის შეძლებული ადამიანების აქტივების მართვის მთლიანმა ოპერაციებმა ახალი კლიენტებისგან წმინდა $137 მილიარდი მოიზიდა. დღეისათვის ეს არის მსოფლიოს უმსხვილესი კერძო ბანკი და მისი აქტივები $1,7 ტრილიონს შეადგენს. 2013 წელს ბანკი ვარაუდობდა $3,8 მილიარდის მიღებას $31,6 მილიარდი შემოსავლისგან. UBS-ი ძლიერი ბანკია. Basel III-ის კაპიტალის მიმართ არსებული მოთხოვნების თანახმად, UBS -მა უკვე გადააჭარბა თავის მიზანს და ჩვეულებრივი აქციების თანაფარდობის დონემ 11,9% შეადგინა.
იმ დროს, როდესაც მაკკენი და მისი პარტნიორი ამერიკის ფარგლებს გარეთ, იურგ ზელტნერი, აფართოებდნენ შეძლებული ადამიანების აქტივების მართვის ბიზნესს, ბანკი მნიშვნელოვან შემცირებას განიცდიდა. 2012 წელს UBS-მა გამოაცხადა საინვესტიციო საბანკო განყოფილების 10 000 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ და მან უკვე დაიწუნა თავისივე საბუღალტრო ბალანსის $300 მილიარდზე მეტი ღირებულების სარისკო აქტივები.
“ბევრი ამბობდა, რომ შემცირებები არ შეუწყობდა ხელს ბანკის ზრდას, მაგრამ ჩვენ გავაჩუმეთ ჩვენი კრიტიკოსები, – ამბობს ერმოტი შეძლებული ადამიანების აქტივების მართვის საბანკო სტრატეგიაზე საუბრისას. – მით უმეტეს, რომ ამას ემატება სპეციალიზებული და კაპიტალდაბანდების ნაკლებად მომთხოვნი საინვესტიციო ბანკი“.
როგორც ტრეიდერი, ერმოტი ახორციელებდა ალბათ ყველაზე დახვეწილ საქმიანობას საფინანსო მომსახურების სფეროში. ის ამცირებს დამოკიდებულებას კაპიტალის მომთხოვნ და რთული რეგულაციების მქონე ისეთ საქმიანობებზე, როგორიც არის ვაჭრობა და საინვესტიციო საბანკო საქმე და სწრაფად გადადის ნაკლებად სარისკო საქმიანობაზე, რომელიც უზრუნველყოფს ნაკლებ, მაგრამ უფრო მყარ შემოსავალს.
აქ გამოიყენება მარტივი მათემატიკა: მსოფლიოში აქტივების მართვის უმსხვილესი მენეჯერის BlackRock-ის აქციები იყიდება ფასისა და შემოსავლის 20-იანი თანაფარდობით. მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ეს მონაცემი 11 შეადგენს. ბოლო ათ წელიწადში BlackRock-ის აქციები თითქმის 500%-ით გაიზარდა, Goldman-ის – 79%-ით, მაგრამ UBS-სა და Bank of America-ს მსგავსი მსხვილი დივერსიფიცირებული ბანკების აქციების თითქმის 50% დაეცა.
ათი წლის წინ UBS-ი იყო ისეთივე პოზიციაზე, როგორზეც გერმანული Deutsche Bank-ი და საბუღალტრო ბალანსის აქტივების კუთხით, რომლებიც $850 მილიარდს შეადგენდა, მესამე ადგილზე იყო მსოფლიოს ბანკებს შორის. Citigroup-ი და იაპონური Mizuho იყოფდნენ პირველ და მეორე ადგილებს და თითოეულის აქტივები თითქმის $1 ტრილიონს შეადგენდა. დღეისათვის UBS-ი 1,2-ტრილიონიანი საბანკო აქტივებით ტოპ-ოცეულშიც კი ვერ შედის. პირველ ადგილს იკავებს ჩინეთის Industrial & Commercial Bank-ი, რომლის საბანკო აქტივები $3 ტრილიონს უდრის, Deutsche Bank-ი $2,4 ტრილიონით მერვე ადგილზეა, თუმცა დღეს საბანკო სექტორში აქციების მოცულობა არ არის რელევანტური; ნამდვილი ბრძოლა მიდის მსოფლიოს $135-ტრილიონიანი კერძო კაპიტალის გაკონტროლებაზე. ჩინეთისა და სხვა განვითარებადი ეკონომიკების გამდიდრების წყალობით, ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.
რა თქმა უნდა, შვეიცარიის ყოფილი Union Bank-ი დიდი ხნის მანძილზე იყო კერძო ბანკის სექტორის ანუ შეძლებული ადამიანების აქტივების მართვის მთავარი მოთამაშე. დღესდღეობით კომპანიის ამერიკის ფარგლებს გარეთ მცხოვრები კლიენტების დიდი წილი მოდის ევროპაზე და ამ განყოფილებას მართავს 46 წლის ზელტნერი. მაკკენის აქტივების მართვის განყოფილება UBS-ს მიუერთდა 2000 წელს, PaineWebber-ის შეძენის შემდეგ.
2011 წელს, კომპანიაში მოსვლის შემდეგ, ერმოტის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური სვლა იყო UBS-ის ამერიკიდან გამოსვლაზე უარის თქმა, მიუხედავად იმისა, რომ უოლ-სტრიტზე დაჟინებით საუბრობდნენ იმაზე, რომ ბანკისთვის უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა საკუთარ ქვეყანაში კონცენტრირება. ფაქტობრივად, მკვეთრი ნაბიჯის გადადგმის გარეშე, ერმოტიმ მაკკენს აქტივების მართვის სფეროში თანამშრომელთა შერჩევისა და დაქირავების მთლიანი უფლება გადასცა. ერმოტი ამბობს: “თუ ჩვენ თავს ვთვლით შეძლებული ადამიანების აქტივების მართვის მსოფლიოს საუკეთესო კომპანიად, მაშინ შეუძლებელია, არ ვიყოთ ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს უდიდეს ამერიკულ ბაზარზე“.
როდესაც 2009 წელს მაკკენი UBS-ის შეძლებული ადამიანების აქტივების მართვის ამერიკული განყოფილების ხელმძღვანელი გახდა, UBS-ი კარგავდა მრჩეველებსაც და აქტივებსაც. წინა სამ წელიწადში ბროკერთა რიცხვი 8,248- დან 6,796- მდე შემცირდა, გატანილი იქნა $32 მილიარდის კლიენტთა აქტივები. განყოფილების დანაკარგი თითქმის $900 მილიონს აღწევდა.
ამაზე უარესი იყო მუდმივი დარტყმები ბანკის რეპუტაციაზე, რაც აშინებდა პოტენციურ მომხმარებლებსა და კარგ თანამშრომლებს. 2008 წელს, გადასახადების თავიდან აცილების სქემის გამო, UBS-ის დაპირისპირება ჰქონდა ფედერალებთან. ბანკი იძულებული გახდა $780 მილიონი გადაეხადა და ფაქტობრივად აღიარა, რომ მისი ფინანსური კონსულტანტები გადასახადებთან დაკავშირებულ თაღლითობებს ახორციელებდნენ და თავიანთ ამერიკელ კლიენტებს საზღვარგარეთ ფულის შენახვაში ეხმარებოდნენ.
ისევე როგორც Merrill-ს, UBS-საც ჰქონდა ტოქსიკური, მაღალრისკიანი დავალიანებები. ბოლოს და ბოლოს, ის იძულებული გახდა, აუქციონის ფასად, $22 მილიარდად გამოესყიდა საკრედიტო კრიზისის დროს გაუფასურებული ფასიანი ქაღალდები. შემდეგ მოხდა არაკონტროლირებად საბირჟო მაკლერთან დაკავშირებული სკანდალი, რომლის გამოც გრუბელმა თანამდებობა დაკარგა. 2012 წელს კი გამოაშკარავდა, რომ ბანკი მონაწილეობდა საპროცენტო განაკვეთების ფალსიფიცირების საერთაშორისო შეთქმულებაში. ამ დანაშაულისთვის UBS-მა გადაიხადა რეკორდულად მაღალი ჯარიმა – $1,5 მილიარდი თაღლითობის თითოეულ ფაქტზე. ცოტა ხნის წინ UBS-ის წინააღმდეგ ისევ შეიტანეს რამდენიმე სარჩელი, რადგან აღმოჩნდა, რომ მისი ბროკერები დიდი დავალიანებების მქონე პუერტორიკული მუნიციპალური ღია ტიპის საინვესტიციო ფონდების ბონდებით უმსხვილესი მოვაჭრეები იყვნენ.
მაკკენს თავისი საქმიანი ცხოვრების უდიდესი ნაწილი Merrill-ში აქვს გატარებული, ამიტომ მან ძალიან კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია რეპუტაცია ფინანსურ ბიზნესში. მისი ოცდაექვსწლიანი ვარსკვლავური კარიერა Merrill Lynch-ში, Bank of America-თან იძულებით დაკავშირების გამო, 2009 წელს დასრულდა. მაკკენისთვის, რომელმაც 1982 წლიდან დაწყებული გრძელი გზა გაიარა სტაჟიორიდან წამყვან ტრეიდერამდე და შემდეგ კომპანიის ვიცე-თავმჯდომარემდე, ეს ამბავი ძალიან გულსატკენი იყო. “მე ვიყავი Merrill Lynch-ის ერთგული და Merrill Lynch-ი უკვე აღარ არსებობდა”, – თქვა მაკკენმა, რომელიც უკვე მანჰეტენში, UBS-ის მე-14 სართულზე მდებარე კუთხის ოფისში, თავის კაბინეტში იჯდა მწვანე ფერის მიკრობოჭკოვანი ქსოვილის დივანზე.
მაკკენმა რვათვიანი შვებულება აიღო. ის ღირებულებების გადაფასებით იყო დაკავებული, თამაშობდა გოლფს და თავის მეუღლესთან ერთად, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში კინოს ლექციებზე დადიოდა, როდესაც გრუბელმა შვეიცარიიდან დაურეკა და აშშ-ში UBS -ის ოპერაციების მოწესრიგება სთხოვა. ეს იყო ნამდვილი შველა შრომისმოყვარე ბანკირისთვის. მაკკენის პირველი ნაბიჯი გახდა Merrill Lynch-ის ყოფილი თანამშრომლებისგან თავისი მთავარი გუნდის შექმნა, რომლის წევრები გახდნენ კერძო კლიენტებთან მუშაობის ოპერატორები – რობერტ მალჰოლანდი და ბრაიან ხალი, მარკეტინგული განყოფილების ხელმძღვანელი პაულა პოლიტი; მთავარი კონსულტანტი როზმარი ბერკერი და საფონდო კრედიტების საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელი ჯონ ბრაუნი. მას უნდა მოეპოვებინა სახელი და დაეწყო ქაღლდების გამოსყიდვა, ამავდროულად უნდა აეცილებინა “მინი Merrill-ის” შექმნის კრიტიკა. მან დააწინაურა UBS-ის რამდენიმე ხელმძღვანელი და ამერიკული განყოფილების ფინანსურ დირექტორად ტომ ნარატილი დატოვა.
“კარიერის მხრივ, არც ერთ ჩვენგანს არაფერი ჰქონდა დასამტკიცებელი, ჩვენ უკვე ძალიან დიდი მიღწევები გვქონდა, – ამბობს პოლიტო. – უფრო მნიშვნელოვანი იყო გუნდის კიდევ ერთხელ გაერთიანება ბობის ხელმძღვანელობით და რაღაც ექსტრაორდინარულის გაკეთება”.
ჯგუფის შექმნის მომენტისთვის ბროკერთა მორალური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ნაწილობრივ მუდმივი წნეხის გამო, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ კონსულტანტები გრძნობდნენ იგნორირებას შვეიცარიაში მდებარე ზუსტად იმ სათავო ოფისის მხრიდან, რომელიც მათ უხარისხო პროდუქტებით ტვირთავდა.
ერთი მაგალითი ამისა არის UBS-ის საკრედიტო ბარათი, რომელიც 2005 წელს თავს მოახვიეს ბროკერებსა და მათ კლიენტებს, ვიზა-ბარათი არღვევდა ისეთ მკაცრ ანტითაღლითურ აკრძალვებს, რომ, UBS Bank USA-ის ხელმძღვანელის, ბერკერის თქმით, 50%-ზე მეტ შემთხვევაში ვერ ახორციელებდა გადახდებს. UBS-ის ერთ-ერთმა კონსულტანტმა ურჩია ბერკერს, არ გამოეყენებინა ბარათი. “ეს ცუდი ნიშანია, – ამბობს ის. – ის იმდენად მოუწესრიგებელი იყო, რომ მაკკენის მეუღლის საკრედიტო ბარათმაც ვერ შეასრულა მოთხოვნა”.
ჩამოსვლიდან ერთ თვეში მაკკენმა UBS-ის წამყვანი 270 კონსულტანტი ნიუ-იორკის რესტორან Gotham Hall-ში მდიდრულ სადილზე დაპატიჟა. სადილის დროს მან დაიფიცა, რომ ბანკში მუშაობის პირველ 100 დღეს დაუთმობდა მათი პრობლემების მოსმენას და რაც შეიძლება სწრაფად მათ მოგვარებას, შეიმუშავებდა ახალ სტრატეგიას. მართლაც, მომდევნო სამი თვე მაკკენმა და მისმა კოლეგებმა Merrill-დან, რომლებსაც კომპანიაში “განახლების” გუნდს ეძახდნენ, ბროკერებთან სატელეფონო საუბრებში გაატარეს. უსმენდნენ მათ პრობლემებს და დაუყოვნებლივ აგვარებდნენ იმ საკითხებს, რომლების გადაწყვეტაც ადვილად იყო შესაძლებელი. ამას დაერქვა ე.წ. “სწრაფი გამარჯვებები”.
სწრაფი გამარჯვებების ფარგლებში 400 ცვლილება განხორციელდა. შეჩერდა პარანოიდური საკრედიტო ბარათების გამოყენება, მარკეტინგული მასალების დამტკიცება გადაეცა დაბალი რანგის თანამშრომლებს და სწრაფი კრედიტის დამტკიცების ხაზი შეძლებული კლიენტებისთვის $4-დან $5 მილიონამდე გაიზარდა.
განახლების გუნდმა ასევე შექმნა ფინანსური კონსულტანტების საბჭო, რომელიც მრჩეველთა პრობლემებს პირდაპირ მაკკენს გადასცემდა. საბჭოს პირველი ხელმძღვანელი გახდა კონსულტანტი მარტინ ჰალბფინგერი, რომელიც მართავდა $3 მილიარდის აქტივებს. დადგენილი წესით, ნებისმიერ საჩივარზე პასუხი ერთი დღის ვადაში უნდა გაცემულიყო. “ადრე არსებობდა უბრალოდ შავი ხვრელი, სადაც ჩვენ ვგზავნიდით ჩვენს საჩივრებს, მაგრამ მალევე დავინახეთ, თუ როგორ შეიცვალა ყველაფერი”, – ამბობს ჰალბფინგერი.
“ადამიანებს არ სჯეროდათ, რომ მე ვპასუხობდი მათ ი-მეილებსა და სატელეფონო ზარებს. ზოგს ეს შაყირი ეგონა და ყურმილს მიგდებდნენ”, – ჰყვება მაკკენი.
Gotham Hall-ში გამართული გადამწყვეტი შეხვედრიდან 99 დღეში მაკკენის განახლების გუნდმა წარმოადგინა თავისი გრანდიოზული სტრატეგია: მკაცრი ფოკუსი შეძლებულ და ძალიან შეძლებულ კლიენტებზე ამერიკის 25 უდიდეს ქალაქში. ფინანსური კონსულტაციები უნდა გამხდარიყო კლიენტზე მიმართული და ორიენტირებული. “ამ მესიჯის სწორად მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანი იყო”, – ამბობს მაკკენი.
მალე კიდევ ერთი რამ გახდა ცნობილი. მაკკენს არ უყვარს ზარმაცი ადამიანები. ვისი წლიური საკომისიო და გადასახადები $250 000 ნაკლები იყო, მათ ხელფასს უმცირებდა. ცოტა ხნის წინ მაკკენმა ეს ზღვარი $325000-მდე გაზარდა.
ის ასევე გამოვიდა თანამშრომელთა შტატის გაბერვის წინააღმდეგ. მაკკენმა დაიწყო ზოგიერთი განყოფილების დახურვით და გაერთიანებით, შეამცირა მმართველთა ფენები, მათ შორის 25 მმართველი დირექტორი მოხსნა. არაფინანსური მრჩეველების რიცხვი 2009 წლიდან 11,200-მდე, 2013 წელს 9,191-მდე შემცირდა. ხარჯებისა და შემოსავლების თანაფარდობა 2009 წელს არსებული 100% -დან 87%-მდე შემცირდა.
იმისთვის, რომ დაეწყო აქტივების მკვეთრი მოზიდვა, მაკკენი ატარებდა წამყვანი კონსულტანტების დაქირავების აგრესიულ პოლიტიკას და მათ დიდ საწყის ბონუსებს სთავაზობდა. მხოლოდ 2012 წელს UBS-მა ახალი ბროკერების ასაყვანად $679 მილიონი დახარჯა. “ეს იყო მაკკენის განყოფილების წლიური წმინდა მოგების 10%. ეს გვიჩვენებს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა მაკკენი კარგი თანამშრომლების აყვანას”, – ამბობს ბოსტონური Aite Group-ის ანალიტიკოსი ალოის პირკერი.
ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება ამ სფეროში მიღებული მიდგომისგან – “აიყვანე რაც შეიძლება მეტი თანამშრომელი”. მაკკენს ჰყავს 7 000 ფინანსური კონსულტანტი. Bank of America Merrill Lynch-ს, Morgan Stanley-სა და Wells Fargo-ს – 15 000 – 18 000, მაგრამ მაკკენის თანამშრომლები უფრო პროფესიონალები არიან. საშუალო ბროკერს წლიურად მოაქვს $1 მილიონის მოგება, Morgan Stanley-ში ეს მაჩვენებელი $848 000 შეადგენს, Wells Fargo-ში – $865 000. ამ კუთხით, UBS-ს კონკურენცია შეუძლია გაუწიოს მხოლოდ Bank of America Merrill Lynch-მა, სადაც მაკკენი ადრე მუშაობდა. Sanford C. Bernstein-ის ანალიტიკოსი ბრედ ჰინზი ამბობს: “UBS-ი ეძებს საუკეთესო კონსულტანტებს და ამტკიცებს, რომ ხარისხი რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანია”.
და ეს პრინციპი ამართლებს. ბოლო ორი წლის მანძილზე აშშ-ის განყოფილების წმინდა შემოსავალმა $36 მილიარდი შეადგინა და 2012 წელს მაკკენის განყოფილებამ მიაღწია წინასაგადასახადო მოგების რეკორდულ მაჩვენებელს, $873 მილიონს, რაც 40%-იან ზრდაზე მეტყველებს. 2013 წელს შედეგები კიდევ უკეთესი უნდა იყოს. შემცირება დავარდა 15,3%-დან 2009 წელს 2,2% -მდე 2013-ში.
მაკკენის წარმატება დაფასებულ იქნა. ის არის UBS-ის საერთაშორისო აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ბანკის რიგით მეორე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი. გასულ წელს მისმა შემოსავალმა $9,4 მილიონი შეადგინა. პირველ ადგილას ერმოტი დგას.
ის უკვე უბრალოდ კი არ მართავს ამერიკელ ბროკერებს, ერმოტიმ დანიშნა აშშ-ის საინვესტიციო-საბანკო და აქტივების მართვის განყოფილებების ხელმძღვანელად, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ პიცბურგის მკვიდრ მაკკენს, რომელიც ერმოტიზე მხოლოდ ორი წლით არის უფროსი, აქვს შანსი მიიღოს მთავარი პოსტი შვეიცარიის ბანკში. იმის გათვალისწინებით, რამდენ ყურადღებას აქცევს UBS-ი შეძლებული ადამიანების აქტივების მართვას და ამერიკის ზრდადი განყოფილების მუშაობას, ერმოტიმ უნდა ეძიოს ახალი გზები, რათა მისი იღბლიანი თანამშრომელი კმაყოფილი იყოს.
შვეიცარიელი ბანკირების ამერიკაში გადარჩენისთვის რობერტ მაკკენმა გოლფი დაივიწყა.
დატოვე კომენტარი