უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგმა მსოფლიოს უმსხვილეს ნახევარგამტარების საწარმოში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარე კვირას Berkshire Hathaway-მ 4.1 მილიარდი დოლარის ღირებულების TSMC-ის აქციები შეიძინა.
Taiwan Semiconductor Manufacturing Company (TSMC) ნახევარგამტარებისა და ჩიპების წარმოების სექტორში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიაა, ის გლობალური ბაზრის თითქმის 60%-ს აკონტროლებს, რაც ტაივანურ ტექნოლოგიურ გიგანტს უდიდეს ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ძალაუფლებას ანიჭებს.
TSMC-ის მნიშვნელობა მხოლოდ მისი საწარმოო შესაძლებლობებით არ გამოიხატება, ის მსოფლიოს რიგით მე-14 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 378 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. TSMC-ზე პირდაპირ დამოკიდებულ კომპანიებს შორისაა: Apple, Qualcomm, AMD, MediaTek, Nvidia, Sony, Broadcom, Intel და Marvell Tech.
Berkshire Hathaway-ს მიერ TSMC-ით დაინტერესება საკმაოდ მარტივი ფაქტორებითაა განპირობებული, აღნიშნულ კომპანიას გლობალურ ბაზარზე კოლოსალური გავლენა აქვს, მისი პირდაპირი კონკურენტი კი მსოფლიოში ჯერაც არ ჩანს.
საგულისხმოა, რომ ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის წინამძღოლობით Berkshire Hathaway მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა – ის ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში, $681-მილიარდიანი კაპიტალიზაციით, მეექვსე ადგილს იკავებს.
“ომაჰელი ორაკული” ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული და გონიერი ინვესტორია. Forbes-ის მიერ ბაფეტის ქონება $107 მილიარდადაა შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ის მეხუთე ადგილს იკავებს.
ზემოხსენებული ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში საფონდო ბირჟაზე TSMC-ის აქციების ღირებულება თითქმის 8%-ით გაიზარდა; Berkshire-ის კაპიტალიზაცია კი ერთ კვირაში 6%-ითაა გაზრდილი.
დატოვე კომენტარი