ლეგენდარული ინვესტორის, უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway Energy-მ მერილენდში, Cove Point-ის თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტში Dominion Energy-ის წილი შეისყიდა. $3.3-მილიარდიანი შეთანხმებით, ბაფეტის კომპანიის წილი LNG-ქარხანაში 75%-მდე გაიზარდა, დარჩენილ 25%-ს კი Brookfield Infrastructure Partners-ი ფლობს.
Cove Point-ი მერილენდში, ვაშინგტონის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ობიექტის საექსპორტო მოცულობამ 2020 წელს 5.25 მილიონ ტონას მიაღწია. Cove Point LNG-ს გრძელვადიანი კონტრაქტები აკავშირებს ისეთ კომპანიებთან, როგორიც Tokyo Gas-ი და Sumitomo-ა. Berkshire Hathaway Energy-ის ინფორმაციით, ობიექტის სასაწყობო ტევადობა დაახლოებით 14.6 მილიარდ კუბურ ფუტს უტოლდება.
Dominion-ის განცხადებით, LNG-ქარხანაში წილის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს კომპანიის ვალების დასაფარავად გამოიყენებს. Dominion-ი უახლეს მომავალში ინვესტორებთან შეხვედრას და განახლებული სტრატეგიული და ფინანსური პერსპექტივების განხილვას გეგმავს. როგორც თავად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რობერტ ბლუ აღნიშნავს, Cove Point-ის ობიექტი მათთვის წამყვან ბიზნესად არ მიიჩნეოდა.
შედეგად, აშშ-ში LNG-ექსპორტისთვის განკუთვნილი შვიდი მოქმედი ობიექტიდან ერთ-ერთი Berkshire-ის მმართველობაში გადადის. საწვავის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა კი, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ბუნებრივ აირზე გაზრდილი ფასების გავლენით, ევროპა შტატების LNG-ექსპორტისთვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა.