გასული თვის განმავლობაში მსოფლიო თვალს ადევნებდა ილონ მასკის კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული განცხადებების ცვალებადობას. ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად სუსტი და მგრძნობიარეა კრიპტობაზარი მსგავსი განცხადებების მიმართ. ამიტომ საინტერესოა ციფრული ვალუტის მიმართ სხვა ცნობილი ბიზნესმენების განწყობაც.
Forbes-ის მიერ 2021 წლის საუკეთესო საჯარო კომპანიის სიაში (Global 2000), ტოპ-10 კომპანიიდან 8 აქტიურად იყენებეს ბლოქჩეინ-ტექნოლოგიას. რეიტინგის სათავეში მყოფ ჩინურ კომპანია ICBI-ს უკვე 30 ბლოქჩეინ-აპლიკაცია აქვს. თუმცა ამ ტრენდიდან ორი მნიშვნელოვანი გამონაკლისი არსებობს: ტიმ ქუქის Apple-ი და უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway. ორივე კომპანიის წარმომადგენლებმა არაერთხელ საჯაროდ დააფიქსირეს კრიპტოვალუტის მიმართ თავიანთი სკეპტიკური დამოკიდებულება. CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში უორენ ბაფეტი ამბობს, რომ კრიპტოვალუტას „არა აქვს ღირებულება“, რომ ეს „მირაჟია“, რომელსაც „აუცილებლად ცუდად დასრულდება“.
„მე არ მაქვს კრიპტოვალუტა და არც არასდროს მექნება“, – განაცხადა ბაფეტმა.
არსებობს რამდენიმე საინტერესო ახსნა, რატომ შეიძლება უპირისპირდებოდნენ Apple-ი და Berkshire Hathaway ბლოქჩეინს. პირველ რიგში, Apple Pay შექმნილია ბევრი იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელთაც კრიპტოვალუტა აგვარებს, მათ შორისაა ნელი ტრანზაქციები და გლობალური მასშტაბით საცალო შესყიდვების განხორციელების სირთულე. ამასთანავე, Apple-მა პირველ რიგში სახელი დახურული ქსელით გაითქვა. Apple-ის პროდუქტები, მარტივად რომ ვთქვათ, „კარგად არ ეწყობიან სხვა პროდუქტებს“, რაც ეწინააღმდეგება ბლოქჩეინის ღია წყაროს (Open Source) „ფილოსოფიას“.
უფრო რთულია უორენ ბაფეტის ციფრული ვალუტის მიმართ არსებული მტრული განცხადებების ახსნა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ Apple-ი და Berkshire Hathaway ძალიან განსხვავებული კომპანიებია, მათ ერთი რამ აერთიანებთ: თითქმის ჰეგემონური ძალა და მიწოდების ქსელის თითქმის ყველა ფენის კონტროლი. ბლოქჩეინი კი ის ძალაა, რომელსაც შეუძლია, საერთო ქსელი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს. თუ მსოფლიოს ბევრ დიდ კომპანიას ბლოქჩეინის ეფექტიანი ტექნოლოგიებით სარგებლობა აქვს გადაწყვეტილი, Apple-ი და Berkshire Hathaway იმდენად დიდი კომპანიებია, რომ მათ არ სურთ, სხვებზე დამოკიდებულები გახდნენ და დანაზოგები საერთო ქსელში შეინახონ. მათი მიზანი ძველი მოწყობის, საკუთარი ჰეგემონობისა და სრული დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა, ბლოქჩეინი კი ამ მიზანს საფრთხეს უქმნის.
დატოვე კომენტარი