„ევროპა გამოძვრება. ათი წლის შემდეგ ჩვენ მასთან უფრო აქტიური ვაჭრობა გვექნება, ხოლო მისი მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე გაიზრდება. მაგრამ ამის მიღწევა ადვილი არ იქნება”, – ამბობს CNBC -სთან ინტერვიუში საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway – ის ხელმძღვანელი უორენ ბაფეტი. მას მიაჩნია, რომ ევროპის ქვეყნებში სავალო კრიზისს ისიც აღრმავებს, რომ ხელისუფლებებს არ ჰყოფნით ნებისყოფა და შესაძლებლობა, რათა შეასრულონ „ის, რასაც საკუთარ თავზე იღებენ “. იგი ამტკიცებს, რომ ევროპელი ხელისუფალნი უახლოეს პერიოდში იძულებულნი გახდებიან სავალუტო კავშირის მუშაობის პრინციპი შეცვალონ.„წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კრახი ელოდებათ”- მიაჩნია უორენ ბაფეტს.
ბაფეტის აზრით, პრობლემაა ნდობის კრიზისიც, რომელმაც ევროპის კონტინენტი მოიცვა. „ამ სიტუაციაში დრო თქვენ წინააღმდეგ მუშაობს. ხალხი სულ უფრო მეტად ღელავს და გერმანიისა და სხვა ქვეყნების სპრედები (სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობებს შორის )… იზრდება”,- ამბობს იგი. ბაფეტი პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ შესაძლო საშუალებად ევროპული ბანკების დამატებითი კაპიტალით შევსებას მიიჩნევს. „ისინი ამერიკულ ფონდირებას კარგავენ… ამასთან, მათი მასშტაბები უფრო დიდია (ეკონომიკის მოცულობასთან შეფარდებით), ვიდრე ამერიკული ბანკების უმეტესობისა… ევროპულ ბანკებს მეტი კაპიტალი სჭირდებათ და რაც უფრო ადრე მიიღებენ მას, მით უკეთესი იქნება”,- ამბობს ბაფეტი.
დატოვე კომენტარი