მიმდინარე კვირას უოლ-სტრიტის ყურადღების ცენტრში თავად „ომაჰელი ორაკულის“, ლეგენდარული უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგი Berkshire Hathaway-ია.
მსოფლიოს უმსხვილესმა ჰოლდინგმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში არასახარბიელო შედეგები დააფიქსირა – საანგარიშო პერიოდში საინვესტიციო პორტფელიდან მიღებულმა არარეალიზებულმა ზარალმა 10.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. საგულისხმოა, რომ გასული წლის Q3-ში ჰოლდინგი საინვესტიციო პორტფელიდან $3.8-მილიარდიან მოგებაზე იყო.
საერთო ჯამში, მესამე კვარტალი Berkshire-მა $2.7-მილიარდიანი ზარალით დაასრულა, ნაცვლად გასულ წელს დაფიქსირებული $10.3-მილიარდიანი მოგებისა.
მიუხედავად საინვესტიციო პორტფელიდან მიღებული ზარალისა, თავად ჰოლდინგმა $7.8 მილიარდის საოპერაციო მოგების მიღება შეძლო, რაც $1.3 მილიარდით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
უორენ ბაფეტის გუნდმა თითქმის 1 მილიარდი დოლარი ბირჟიდან Berkshire-ის აქციების გამოსასყიდად შეიძინა. საერთო ჯამში, წლის განმავლობაში კომპანიას 5.25 მილიარდი დოლარის აქციები აქვს უკან შეძენილი.
იმედგამაცრუებელი კვარტალური შედეგები საფონდო ბირჟების დაღმასვლასთან და იმ კომპანიების აქციების შემცირებასთანაა დაკავშირებული, რომელთაც Berkshire Hathaway ფლობს. მოგეხსენებათ, თავად ჰოლდინგი პროდუქციას არ აწარმოებს, მისი შემოსავლის ძირითადი წყარო კი საინვესტიციო პორტფელთანაა დაკავშირებული.
„საინვესტიციო პორტფელიდან მიღებული მოგება/წაგების კვარტალური მონაცემები, უმეტესწილად, უმნიშვნელოა, რადგან ის ინვესტორებს არ აწვდის რეალურ და ამომწურავ ინფორმაციას კომპანიის შემოსავლების შესახებ და, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც ბუღალტრული ანგარიშგების წარმოების წესები არ იცის“, – წერია Berkshire Hathaway-ს განცხადებაში.
ექსპერტების შეფასებით, კვარტალური შედეგები არ იძლევა პანიკის საფუძველს და სამთვიან პერიოდში დაფიქსირებული ზარალი 183-წლიანი ისტორიის მქონე საინვესტიციო ჰოლდინგისთვის სიახლე სულაც არ არის. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებენ Berkshire-ის ინვესტორებიც, კვარტალური მონაცემების გასაჯაროების შემდეგ, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება 1%-ით გაიზარდა.
საგულისხმოა, რომ ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის წინამძღოლობით Berkshire Hathaway მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა – ის ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში, $634-მილიარდიანი კაპიტალიზაციით, მეშვიდე ადგილს იკავებს.
“ომაჰელი ორაკული“ კი ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული და გონიერი ინვესტორია. Forbes-ის მიერ უორენ ბაფეტის ქონება $100 მილიარდადაა შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ის მეშვიდე ადგილს იკავებს.
დატოვე კომენტარი