უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგმა Berkshire Hathaway-მ კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის, Hewlett-Packard-ის 11.4%-იანი წილი (121 მლნ აქცია) 4.2 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა.
კომპანია HP კალიფორნიაში 1939 წელს დაარსდა და ის კომპიუტერული ტექნიკის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 37 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს და მსოფლიოს მასშტაბით კომპანია 300,000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს. Hewlett-Packard-ი დაკავებულია როგორც ბიუჯეტური ლეპტოპების, სმარტფონებისა და პლანშეტების, ასევე პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი კომპიუტერული ტექნიკის, OMEN-ისა და Pavilion-ის წარმოებით.
1839 წელს დაფუძნებული Berkshire Hathaway, რომელსაც 91 წლის ბაფეტი ხელმძღვანელობს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო-საინვესტიციო ორგანიზაციაა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 760 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში ამჟამად ის მეშვიდე ადგილს იკავებს – Berkshire Hathaway-ს ღირებულებით მხოლოდ Saudi Aramco და ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები (Apple-ი, Microsoft-ი, Google-ი, Amazon-ი, Tesla) უსწრებენ. ექსპერტთა ნაწილი უორენ ბაფეტს ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ინვესტორად მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ ინვესტორებმა და ტრეიდერებმა აღნიშნული სიახლე დადებითად მიიღეს და ამერიკულ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის ოფიციალური საათების დასრულების შემდეგ, HP-ის აქციების ფასი თითქმის 10%-ით გაიზარდა, Berkshire-ის ღირებულება კი მიმდინარე წელს 13.8%-ით არის გაზრდილი. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის გათვალისწინებით, აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება კონკურენტი საინვესტიციო ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების შედეგებს.
გარდა HP-ისა, გასულ თვეს Berkshire-ის მრავალფეროვან საინვესტიციო პორტფელს სადაზღვევო კომპანია Alleghany-ც შეემატა, ამ ორგანიზაციის 100%-იანი წილი უორენ ბაფეტის გუნდმა 11.6 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა.
ცნობისთვის, Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბაფეტი მეხუთე ადგილს იკავებს. მისი ქონება ამჟამად 118 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული.
დატოვე კომენტარი